კატეგორიები

უკრაინის ატომურ ობიექტებზე იერიშების ფონზე, რუსეთისთვის მიუღებელია ირანში აშშ-ის ქმედებები

უკრაინის ატომურ ობიექტებზე იერიშების ფონზე, რუსეთისთვის მიუღებელია ირანში აშშ-ის ქმედებები
გაეროში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ გამართული კონფერენციის ფარგლებში, ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენელმა მკაცრად შეაფასა აშშ-ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც, ორივე ქვეყანამ იერიშები მიიტანა ისლამური ქვეყნის სამხედრო და იმ ტიპის ობიექტებზე, სადაც ბირთვული პროგრამის შემუშავება მიმდინარეობდა.

რუსი დიპლომატის მტკიცებით, ეს ქმედებები არის არასანქცირებული, პროვოკაციული და ვაშინგტონი და თელ-ავივი გაუფრთხილებლად დაესხნენ თავს თეირანს. ეს კი მაშინ, როცა ომის დაწყებას წინ უძღოდა დიპლომატიური პროცესი ირანსა და აშშ-ს შორის.

„ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ რეჟიმის არსებობას აქვს საკვანძო როლი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ამ რეჟიმისთვის უძლიერეს დარტყმად იქცა აშშ-ისა და ისრაელის მხრიდან ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ყოვლად გაუმართლებელი და კანონსაწინააღმდეგო აგრესია, რომლის ფარგლებშიც იერიშების სამიზნეებად იქცა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს უსაფრთხოების გარანტიის ქვეშ არსებული და ისლამური რესპუბლიკის კუთვნილი ბირთვული ობიექტები, ქვეყნის სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურა, რამაც მშვიდობიან მოსახლეობას შორის მრავალრიცხოვანი მსხვერპლი გამოიწვია. განსაკუთრებულად ცინიკურია ის, რომ დარტყმები ისრაელის მიერ განხორციელდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საბაბით.

ეს ქვეყანა და აშშ უხეშად უგულებელყოფენ ამ შეთანხმებას. სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ არასანქცირებული სამხედრო ძალის გამოყენების საბაბად შეთანხმების გაფორმება არის უკიდურესად აღმაშფოთებელი ფაქტი. მოვუწოდებთ შეთანხმების ხელმომწერ საზოგადოებას, ამ კონფერენციის ფარგლებში ობიექტურად და მიუკერძოებლად შეაფასოს აგრესია ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ.

რუსეთის კვლავ ურყევად უჭერს მხარს საერთაშორის-სამართლებრივად ბირთვული იარაღისგან თავისუფალი ზონების ჩამოყალიბებას. ჩვენმა ქვეყანამ უზრუნველყო მის მიერ ხელმოწერილი ყველა პროტოკოლის რატიფიცირება, რომელთა მეშვეობით რუსეთი არ ეხება სხვა სახელმწიფოების ინტერესებს“, - განაცხადა გაეროში რუსეთის დელეგაციის წევრმა, მიხაილ კონდრატენკოვმა.

მის განცხადებას გამოეხმაურა უკრაინელი დიპლომატიც. კონფერენციის ფარგლებში მან თქვა, რომ კიევის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო მოქმედებებით, კრემლი უგულებელყოფს საერთაშორისო სამართალს და საფრთხეს უქმნის ევროპისა და მსოფლიოს ეკოლოგიას, ზაპორიჟიის ატომურ სადგურზე იერიშებითაც.

„ამჟამად რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, რასაც თან ახლავს სისტემატური თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ენერგეტიკულ სისტემაზე, რომელიც უზრუნველყოფს ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხო ფუნქციონირებას.

ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საფრთხეს უქმნის ჩვენს საზღვრებს მიღმა არსებულ რეგიონს. ამის ყველაზე საგანგაშო მაგალითია ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური ევროპის უდიდესი ბირთვული ობიექტი, რომელიც უკანონო რუსული სამხედრო ოკუპაციის ქვეშ რჩება.“

სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, აშშ-სა და რუსეთს მსოფლიო ბირთვული იარაღის თითქმის 90% აქვთ და ბოლო წლებში მისი მოდერნიზაციის მასშტაბური პროგრამები განახორციელეს.

დაკავშირებული ამბები
აპრილში, ჰორმუზის სრუტის გავლის შემდეგ, კორეული გემი დანიშნულების ადგილას ჩავიდა მომდევნო კვირაში ჩინეთს აშშ-ის პრეზიდენტი ეწვევა