ჩინეთში დონალდ ტრამპის ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დაგეგმილი ვიზიტი მომდევნო კვირაში შედგება.
პირისპირი კომუნიკაციის თარიღი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებისა და ირანში წარმოებული ომის გამო, რამდენჯერმე შეიცვალა, საბოლოოდ დაზუსტდა და 14-15 მაისს, პეკინს აშშ-ის პრეზიდენტი ეწვევა, რითაც თეთრი სახლის პირველი წარმომადგენელი გახდება ბოლო 8 წლის განმავლობაში, ვინც აზიურ ქვეყანაში ჩავა.
ბოლოს სწორედ დონალდ ტრამპი იყო აშშ-ის ის ლიდერი, რომელიც ჩინეთს ეწვია, თავისი პირველი ვადისას.
შეხვედრამდე უკვე გასაგებია, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, სი ძინპინთან შეხვედრის უმეტესი ნაწილი დაეთმობა ჰორმუზის სრუტის ირგვლივ არსებული მდგომარეობის განხილვასა და თავისუფალი ნავიგაციის აღდგენას, რადგან დონალდ ტრამპის მაღალი რანგის მრჩევლები აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებენ, პეკინს უბიძგოს, გამოიყენოს თეირანთან კავშირები ამ პრობლემის გადასაჭრელად, თუმცა მხარეთა შორის სასაუბრო კიდევ ბევრია.
„სი ძინპინთან ძალიან კარგი ურთიერთობები მაქვს. ბრწყინვალე ეკონომიკური ხანა გვქონდა. ჩინეთი ამ მხრივ ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა ჩვენთვის, სხვებისგან განსხვავებით. ვფიქრობ, ეს შეხვედრა არაჩვეულებრივი იქნება. ის ჩემი მეგობარია. მრავალი წლის განმავლობაში მასთან საქმე ძალიან კარგად მიმდიოდა და არანაირი პრობლემა არ გვქონია ჩინეთთან. სულ იძახდნენ: „ოჰ, ეს ჩინეთი“, მაგრამ პრობლემა ამ ქვეყანასთან არ ყოფილა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
საუბარი კი სწორედ ეკონომიკურ საკითხებზე გამახვილდება. ამის მიზეზი ნაწილობრივ არის დონალდ ტრამპის სატარიფო მუქარები და პერიოდული შეხსენები სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორობასთან დაკავშირებით.
მარტში, პარიზში აშშ-ის ხაზინის მდივანსა და მის ჩინელ კოლეგას შორის გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ ეკონომიკურ საკითხებზე მოლაპარაკებები „ძალიან კარგად“ წარიმართა.
მხარეებს შორის არსებობს გარკვეული დიპლომატიური დაძაბულობა.
2020 წელს პეკინმა აშშ-ის ამჟამინდელ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს სანქციები დაუწესა, რადგან სენატორობისას ის ჰონგ-კონგსა და სინცზიანს ეწვია. მიუხედავად იმისა, რომ ჩინური მხარის განცხადებით, ეს საკითხი, ფაქტობრივად, გადალახულია, ვაშინგტონში კითხვის ნიშნები მაინც არსებობს.
