კატეგორიები

საფრანგეთისა და ირანის პრეზიდენტებმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს

საფრანგეთისა და ირანის პრეზიდენტებმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს
ელისეს სასახლის ცნობით, საფრანგეთისა და ირანის პრეზიდენტებს შორის კომუნიკაცია შედგა, რომელიც, გარდა სამხედრო კონფლიქტის მდგრადი და ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმებით დასრულებისა, მოიცავდა მსოფლიო ეკონომიკური ვითარების აღსადგენად აუცილებელი პროცესების ხელშეწყობაზე საუბარს - ამ შემთხვევაში, ეს გზა ჰორმუზის სრუტეზე გადის.

გამართული საუბრის შესახებ, ემანუელ მაკრონმა პლატფორმა X-ზე დაწერა და დაგმო არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე კვირის დასაწყისში მომხდარი იერიშები სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და კომერციულ გემებზე, რასაც „გაუმართლებელი დარტყმები“ უწოდა:

„ყველა მხარემ დაუყოვნებლივ და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა მოხსნას სრუტის ბლოკადა. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავუბრუნდეთ სრულიად თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმს, რომელიც კონფლიქტამდე არსებობდა.

საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ შექმნილ მრავალეროვნურ მისიას შეუძლია ხომალდების მესაკუთრეთა და გადამზღვევებს შორის ურთიერთნდობის აღდგენა. თავისი ბუნებით ის იქნება მეომარ მხარეებისგან განსხვავებული. „შარლ დე გოლის“ ავიამზიდის განთავსება ამ კონტექსტში ზუსტად ეწერება. ბოლოდროინდელი მოვლენები მკაფიო დემონსტრირებაა ასეთი მისიის სარგებლიანობის.

ირანის პრეზიდენტი მოვიწვიე, რათა შესაძლებელი გახდეს ამ საშუალებით სარგებლობა და ვაპირებ, ეს საკითხი განვიხილო პრეზიდენტ ტრამპთანაც.

სრუტეში მშვიდობის დაბრუნება დაგვეხმარება, წინსვლა გვქონდეს ბირთვული პრობლემისა, ბალისტიკური რაკეტებისა საკითხისა და რეგიონული ვითარების ირგვლივ არსებულ მოლაპარაკებებში. ევროპელებს, რომლებზეც დამოკიდებულია სანქციების მოხსნა, ამ პროცესში თავიანთი ადგილი ექნებათ“.

ჰორმუზის სრუტის გასახსნელად 40-მდე სახელმწიფომ შექმნა სპეციალური კოალიცია, რომელსაც ლონდონი ხელმძღვანელობს. ერთ-ერთი შეხვედრა ქვეყნების ლიდერებმა ჰიბრიდული ფორმატით გამართეს.

ამ დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, ევროპელი ლიდერების უმრავლესობა მაინც გახდა ვაშინგტონის კრიტიკის სამიზნე. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მათ არაფერი არ გაუკეთებიათ მოკავშირის დასახმარებლად, მაშინ, როცა ეს ამერიკულ მხარეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ტრანსატლანტიკურმა დაძაბულობამ გამოიწვია ისიც, რომ თეთრი სახლი დაიმუქრა ნატოდან გასვლით.

პარალელურად კი, ჰორმუზის სრუტეში ვითარება დღითიდღე იცვლება იმ თვალსაზრისით, რომ, ვიდრე ევროპელები დიპლომატიურ გზებს ამჯობინებენ, ვაშინგტონი სამხედრო ბლოკადას მიიჩნევს სწორ გზად.

არსებული მდგომარეობა, განსაკუთრებით კი კვირის დასაწყისში ირანის გააქტიურება გაერთიანებული საამიროების წინააღმდეგ, ისევ აისახება ნედლეულის ფასებზე.

საერთაშორისო ბაზარზე Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი კვლავ 100 ამერიკულ დოლარზე მეტია.

დაკავშირებული ამბები
საფრანგეთისა და ირანის პრეზიდენტებმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს ისრაელი „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდირებას ადასტურებს