ისრაელი აცხადებს, რომ 6 მაისის ღამით ბეირუთის ცენტრში განხორციელებული იერიშების შედეგად, ლიკვიდირებულია ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ლიდერი.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სიტყვებით, „არც ერთი ტერორისტი, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელის სახელმწიფოებრიობას, არ არის რაიმე ფორმით დაზღვეული“, ამიტომ რისკების მინიმუმამდე დასაყვანად, თელ-ავივი არ შეწყვეტს მსგავს ქმედებებს.
„ეს ის ყველაზე მაღალი რანგის ტერორისტია, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილის დაპყრობის გეგმას ხელმძღვანელობდა. მას ეგონა, რომ შეძლებდა ჩვენს სამხედროებსა და დასახლებებზე თავდასხმების მართვა თავისი ფარული ტერორისტული შტაბიდან.
ბოლო ერთ თვეში ჩვენ მოვკალით „ჰეზბოლას“ 200-ზე მეტი ტერორისტი, რომელიც მოქმედებდა ისრაელის მოქალაქეებისა და „ცაჰალის“ ჯარისკაცების წინააღმდეგ.
იმავეს ვაკეთებთ ღაზაში - ვანადგურებთ ტერორისტულ ბუდეებს. მკაფიოდ ვეუბნები ჩვენს მტრებს: „არც ერთი ტერორისტი არ არის დაზღვეული პასუხისმგებლობისგან“. ვინც კი საფრთხეს შეუქმნის ისრაელის სახელმწიფოს, სისხლში იქნება გასვრილი“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის დარტყმების საპასუხოდ, ირანის მოკავშირე დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ცეცხლი გახსნა და უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა ისრაელელი ჯარისკაცების წინააღმდეგ, რისი განეიტრალებაც, თელ-ავივის ცნობით, მათმა სამხედრო ძალებმა შეძლეს.
ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელისუფლება ლიბანის სამხრეთით განაგრძობს სამხედრო ოპერაციას და არ აპირებს მის შეწყვეტას, რადგან აცხადებს, რომ იქ არსებული, თეირანის მხარდამჭერი მარიონეტული დაჯგუფებები უკიდურესად დიდ საფრთხეს უქმნიან არამხოლოდ ისრაელის სახელმწიფოებრიობას, არამედ მთლიანად ახლო აღმოსავლეთის რეგიონსა და გლობალურ მშვიდობას.
