კატეგორიები

ისრაელმა სამხრეთ ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელმა სამხრეთ ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა
ისრაელის ავიაიერიშის შედეგად სამხრეთ ლიბანში, სანაპირო სოფელ საქსაქიეში, საცხოვრებელი სახლი განადგურდა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 33 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის ექვსი ბავშვი და ოთხი ქალია.

ლიბანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისრაელმა ავიაიერიშები სამხრეთ ლიბანის სხვა რაიონებზეც მიიტანა, მათ შორის ქალაქ ნაბათიესა და რამდენიმე სოფელზე.

სამხრეთ ლიბანში ვითარება კვლავ დაძაბულია.  მიუხედავად 17 აპრილს ძალაში შესული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, ისრაელი და „ჰეზბოლა“ თავდასხმებს აგრძელებენ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ყოველდღიური კონტაქტი აქვს და მათ შორის „სიურპრიზები არ არსებობს“. ნეთანიაჰუს თქმით, ორივე მხარის მთავარი მიზანი ირანის გამდიდრებული ბირთვული მასალის სრულად განადგურება და თეირანის ბირთვული შესაძლებლობების შეზღუდვაა.

„ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ ჩვენს მეგობართან,  შეერთებულ შტატებთნ. პრეზიდენტ ტრამპს თითქმის ყოველდღიურად ვესაუბრები. ჩემი გუნდი და მისი გუნდი ყოველდღიურად ურთიერთობენ, მათ შორის დღესაც. სრულ კოორდინაციაში ვართ, არანაირი სიურპრიზი არ არსებობს. ჩვენ საერთო მიზნები გვაქვს და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ირანიდან გამდიდრებული მასალის სრულად გატანაა. პრეზიდენტ ტრამპს სჯერა, რომ ამას ამა თუ იმ გზით მიაღწევს. თუმცა, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის და ეს არის ჩემი მითითება ისრაელის თავდაცვის ძალებისა და უსაფრთხოების სამსახურებისთვის. ისრაელი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, ირანი და მისი მოკავშირეები კი უფრო სუსტები, ვიდრე ოდესმე ყოფილან“ - განაცხადა ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ბოლო მასშტაბური ავიაიერიში ისრაელმა ბეირუთზე 8 აპრილს მიიტანა, რასაც 350-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დაკავშირებული ამბები
ისრაელმა სამხრეთ ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა ისრაელი ბეირუთის სამხრეთში მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ ტერიტორია