ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანში სამხედრო ოპერაციის გაძლიერების ბრძანება გასცა. იერუსალიმში, მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გამოსვლისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელის ძალები ლიბანში გარკვეულ ტერიტორიებს აკონტროლებენ.
„ჩემი და თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, გენშტაბის უფროსთან ერთად, ჩვენ ლიბანში სამხედრო ოპერაციას ვაღრმავებთ. ისრაელის თავდაცვის ძალები ფართომასშტაბიანი ძალებით მოქმედებენ ადგილზე და აკონტროლებენ გარკვეულ ტერიტორიებს. ჩვენ ვამაგრებთ უსაფრთხოების ზონას, რათა ჩრდილოეთის დასახლებები დავიცვათ. ამავე დროს, ქვეყნის მასშტაბით არ ვზოგავთ ძალისხმევას ფეთქებადი დრონების წინააღმდეგ შემოქმედებითი და ინოვაციური გადაწყვეტილებების შესამუშავებლად“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელსა და „ჰეზბოლაჰს“ შორის, აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღითი დღე უფრო ფორმალური ხდება. ლიბანში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების შედეგად კი აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომლის მიზანი ფართო გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაა, რთულდება, რადგან მოლაპარაკებებისას ოფიციალური თეირანის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, ლიბანში საბრძოლო მოქმედებების დასრულებაა.
მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე მხარეები ერთ თვეზე მეტია შეთანხმდნენ, მხარეებს შორის საბრძოლო მოქმედებები თითქმის ყოველდღიურად გრძელდება. 26 მაისს ისრაელის სამხედროებსა და „ჰეზბოლას მებრძოლებს“ შორის შეტაკებები სამხრეთ ლიბანში მოხდა.
გაეროს ინფორმაციით, ორშაბათს 25 მაისს ლიბანის საჰაერო სივრცე 91-ჯერ იქნა დარღვეული, რაც 17 აპრილს ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ფარჰან ჰაქის ინფორმაციით, ლიბანში თითქმის ერთი მილიონი ადამიანი კვლავ იძულებითაა გადაადგილებული.
ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს გაერო. გაეროს გენერალური მდივნის სპიკერმა, ფარჰან ჰაქმა, განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშნველოვანი კონფლიქტის ესკალაციის თავიდან არიდებაა. მისივე განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობა კვლავ საკმაოდ დაძაბულია და ესკალაციის საშიშროებები ყოველდღიურად იზრდება.
„ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის ნებისმიერი ესკალაცია, რომელმაც უკვე დამანგრეველი ზიანი მიაყენა მშვიდობიან მოსახლეობას და რომელიც მშვიდობის დამყარებას კიდევ უფრო შორეულ მიზნად აქცევს, ხოლო ადამიანების ტანჯვას გაახანგრძლივებს. გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი იმის ფონზე ხდება, როცა ისრაელმა ლიბანში თავისი ოპერაციების გაფართოების შესახებ გამოაცხადა, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივ დარღვევებს ვხედავთ, ხოლო აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების შედეგი, რომლებიც სპარსეთის ყურის კონფლიქტს ეხება, კვლავ არაპროგნოზირებადია“, - განაცხადა ფარჰან ჰაქმა.
გაეროს გენერალური დირექტორის პრესპიკერმა ასევე ისაუბრა ღაზაში არსებულ ვითარებაზე. მისი განცხადებით, ისრაელს მხოლოდ ერთი სასაზღვრო გამშვები პუნქტი აქვს გახსნილი. შესაბამისად ადგილობრივ მოსახლეობას შესაბამისი ჰუმანიტარული დახმარება კვლავ ვერ მიეწოდება. გაერო ისრაელოს მეტი გამშვებუ პუნქტების გახსნისკენ მოუწოდებს, რომ სასიცოცხლოდ კრიტიკული მარაგები, — როგორიცაა საკვები, მედიკამენტები, გენერატორები და საწვავი, პალესტინელ მოსახლეობას რეგულარულად, პროგნოზირებადად და საკმარისად მიეწოდოს.
