კატეგორიები

ისრაელმა ლიბანის აღმოსავლეთით მდებარე დასახლებებზე საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელმა ლიბანის აღმოსავლეთით მდებარე დასახლებებზე საჰაერო იერიში მიიტანა
Copyright AP Photo

ლიბანის სახელმწიფო მედიის თანახმად, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სოფელ მაშგარაზე ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა.

ახლო აღმოსავლური სახელმწიფოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 25 მაისის დღის ბოლოდან, ლიბანის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებზე განახლებული ავიაიერიშების შედეგად, სხვადასხვა შენობის ნანგრევებიდან რამდენიმე ცხედარი ამოასვენეს, ასევე ვრცელდება ცნობები დაშავებულთა შესახებ.

უშუალოდ ამ დარტყმებთან დაკავშირებით თელ-ავივში კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ლიბანში მათი სამიზნე არის ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურა და მისი საბოლოო განეიტრალება, ამისთვის კი ქვეყანაში დამატებითი საჯარისო ერთეულები და მძიმე ტექნიკა შეჰყავთ.

მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ბრძანებას გასცემს იმ დარტყმებზე, რომლებიც მიმართული იქნება ლიბანის მთელ ტერიტორიაზე განლაგებული „ჰეზბოლას“ მებრძოლების წინააღმდეგ. მისივე თქმით, ამ გზით დააჩქარებს თელ-ავივის სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას.

მიმდინარე კვირის ბოლოსთვის ვაშინგტონში ლიბანისა და ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსნების პირდაპირი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს, სადაც მხარეებმა უნდა განიხილონ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა, თუმცა გააქტიურებულმა საბრძოლო მოქმედებებმა როგორც თელ-ავივის, ისე დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მხრიდან, შესაძლოა, ეს პროცესი ჩიხში შეიყვანოს.

შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩრდილოეთით მდებარე დასახლებებში ისრაელმა გააქტიურა თავდაცვითი შესაძლებლობები და მოსახლეობას მოუწოდა, თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს.

25 მაისს ლიბანის პრეზიდენტმა, ჟოზეფ აუნმა განაცხადა, რომ არ აპირებს, მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან მოხსნას ქვეყნიდან ისრაელის სამხედრო შენაერთების გაყვანის საკითხი.

ბეირუთში მიაჩნიათ, რომ „ჰეზბოლასთან“ ბრძოლის საფარქვეშ, თელ-ავივი ცდილობს ქვეყნის სამხრეთი ნაწილის ოკუპაციას და, შესაბამისად, როგორც მისი ტერიტორიული მთლიანობის, ისე საერთაშორისო სამართლის წესების უხეშად დარღვევას.

დაკავშირებული ამბები
ისრაელმა ლიბანის აღმოსავლეთით მდებარე დასახლებებზე საჰაერო იერიში მიიტანა დეირ-ქანუნი, ლიბანი