ირანული პორტისკენ ტვირთვის გარეშე მიმავალი ნავთობტანკერი ამერიკული სამხედრო ძალების იერიშების სამიზნედ იქცა.
ცენტრალური სარდლობის თანახმად, შემთხვევა 6 მაისს, ომანის ყურეში მოხდა, როდესაც ისლამური ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავმა ხომალდმა ვაშინგტონის მიერ დაწესებული ბლოკადის პირობები დაარღვია. მათივე განმარტებით, დარტყმას წინ უძღოდა არაერთი გაფრთხილება.
„აშშ-ის ცენტრალური სარდლობის სამხედრო ძალები თვალს ადევნებდნენ ტანკერ M/T Hasna-ს, როცა ის ომანის ყურეში, ირანული პორტის მიმართულებით, საერთაშორისო წყლების გავლით გადაადგილდებოდა. ამერიკულმა ძალებმა არაერთხელ გააფრთხილეს ირანის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი და აცნობეს მას ამერიკული ბლოკადის დარღვევის შესახებ.
მას შემდეგ, რაც გემ Hasna-ს ეკიპაჟმა არ შეასრულა არც ერთი მოწოდება, ამერიკულმა ძალებმა ავიამზიდ აბრაამ ლინკოლნიდან გაშვებული ამერიკული ბომბდამშენის, F/A-18 Super Hornet-ის 20 მილიმეტრიანი ქვემეხიდან რამდენიმე გასროლის შედეგად, მწყობრიდან გამოიყვანეს ტანკერის საჭის ფრთა.
ძალაში რჩება აშშ-ის ბლოკადა იმ ხომალდებთან მიმართებით, რომლებიც ცდილობენ ირანულ პორტებში შესვლას ან მათ დატოვებას.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალები განაგრძობენ მიზანმიმართულად და პროფესიონალურად მოქმედებას ბლოკადის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ცენტრალური სარდლობის (CENTCOM)-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანთან ამერიკულ მხარეს, მოლაპარაკებების თვალსაზრისით, საქმე „ძალიან კარგად მისდის“ და წინსვლაც შეინიშნება.
მედიის კითხვაზე, რამდენად ახლოს არიან ქვეყნები სამშვიდობო შეთანხმებასთან ან როდემდე აქვს ვადა ისლამურ რესპუბლიკას, მან თქვა, რომ ვადებს არ აწესებს და ეს, შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოხდეს.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე დაწერა, რომ თუკი ირანი არ დათანმხდება ვაშინგტონის პირობებს, „სამწუხაროდ, დაიწყება ბევრად უფრო მასშტაბური და ინტენსიური დაბომბვები, ვიდრე ადრე“.
„ვიტყოდი, რომ ჩვენ ვიმყოფებით შეტაკებაში, რადგან ის, რაც ხდება სწორედ შეტაკებაა. ყველაფერი არაჩვეულებრივად მიგვდის ისევე როგორც ვენესუელაში, სადაც ყველაფერი ერთ დღეში დასრულდა. ირანშიც დაახლოებით ასე კარგად მიგვდის საქმე და ვიტყოდი, უკეთესედაც კი. ყველაფერი ძალიან რბილად მიმდინარეობს და, შევხედოთ, რა იქნება შემდეგ. მათ სურთ შეთანხმების გაფორმება და მოლაპარაკებების წარმოებაც.
ჩვენ არ მივცემთ ირანს ბირთვული იარაღის ფლობის უფლებას. ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ამიტომ, საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებსაც ძალიან სურთ შეთანხმების გაფორმება და შევხედოთ, შეთანხმდებიან თუ არა ისინი იმ პირობებზე, რაც ჩვენ გვაწყობს.
ვითარებას სრულად ვაკონტროლებთ, ბლოკადა არაჩვეულებრივია. სამხედრო-საზღვაო ძალებმა არაჩვეულებრივი სამუშაო გასწიეს. მათ შექმნეს ფოლადის კედელი, რომლის გადალახვა ირანელებს არ შეუძლიათ, ამიტომ ისინი გასაჭირში არიან…“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
სამშვიდობო შეთანხმების ყველა პირობა უცნობია, თუმცა, თეთრი სახლის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, დოკუმენტი მოიცავს ირანისთვის დაწესებული ამერიკული სანქციების გაუქმებას, თეირანის გაყინული აქტივების განბლოკვას, გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნას, სანაცვლოდ კი ირანის უარს, ბირთვულ პროგრამასა და ურანის გამდიდრებაზე.
