კატეგორიები

მარკო რუბიოს თქმით, ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ დასრულებულია

მარკო რუბიოს თქმით, ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ დასრულებულია
Copyright AP
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, მიზნების მიღწევის შემდეგ, ირანის წინააღმდეგ 28 თებერვალს დაწყებული ამერიკული სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „ეპიკური მრისხანება“ დასრულებულია.

მისივე განმარტებით, ეს არ ნიშნავს ომის დასრულებას, რადგან აღნიშნული საკითხი უმაღლესი მთავარსარდლის, ანუ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადასაწყვეტია, თუმცა ვაშინგტონი ახლა სრულად არის კონცენტრირებული მისიაზე სახელწოდებით „პროექტი თავისუფლება“ - მისი მიზანი კი ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნავიგაციის უზრუნველყოფაა.

ეს მისია ჯერჯერობით გაურკვეველი დროით არის შეჩერებული პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით.

„ჩვენ არ გვიხარია ახალი კონფლიქტების წარმოშობა, მშვიდობიან გზას ვამჯობინებთ. პრეზიდენტი შეთანხმებასა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ამჯობინებდა, ასევე მემორანდუმის შემუშავებას შემდგომი მოლაპარაკებებისთვის, რაც მოიცავდა ყველა აუცილებლად გადასაჭრელ საკვანძო საკითხს, მათ შორის ჰორმუზის სრუტის გახსნას, რათა მსოფლიო დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას...

ჯერჯერობით ირანმა სხვა გზა არჩია და შედეგად, ამერიკამ რაღაცა უნდა მოვიმოქმედოთ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ჩვენ დედამიწაზე ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც შეუძლია გააკეთოს შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი, ტვირთების გადასაზიდად ჰორმუზის სრუტის გასახსნელად და იმ ადამიანების გადასარჩენად, რომლებიც ამ მახეში აღმოჩნდნენ. ახლა სწორედ ამით ვართ დაკავებული“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მარკო რუბიომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო თეირანის ქმედებებს ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ისლამური ქვეყნის განცხადებები არ ემთხვევა პრაქტიკულ ნაბიჯებს, რადგან ირანი წლებია, ფარულად ცდილობს საკუთარი ბირთვული პროგრამის შექმნას, თუმცა არა სამოქალაქო და მშვიდობიანი მიზნებისთვის.

სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ ეს პროცესი თეირანს არ შეუწყვეტია არც დიპლომატიური მოლაპარაკებების მიმდინარეობის დროსაც.

„ირანმა უნდა გაიაზროს არსებული მდგომარეობა, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და დათანხმდეს იმ პირობებს, რომლებიც იქნება სასარგებლო მათთვისაც და, საერთო ჯამში, მთელი მსოფლიოსთვის. არ ვარ დარწმუნებული, მუდმივად იარსებებს თუ არა დიპლომატიური გზა, მაგრამ ვიდრე ის არსებობს, ჩვენ მას გამოვიყენებთ.

ისინი ყოველთვის ამბობდნენ, რომ არ სურთ ბირთვული იარაღი, თუმცა ისტორიულად ცდილობდნენ ყველაფრის გაკეთებას, რაც საჭიროა ბირთვული პროგრამის ქონისთვის. მაგალითისთვის, ისინი ცდილობენ შორი მოქმედების რაკეტების შემუშავებას, რომლებსაც, ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლიათ ევროპის უმეტეს ნაწილამდე მიღწევა. ურანის გასამდიდრებლად ისინი აშენებენ დიდ მიწისქვეშა ცენტრიფუგებს.

მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ამდიდრებს ურანს, მაგრამ ირანი ამას მალულად, მთებსა და გამოქვაბულებში აკეთებენ. მათ ყოველთვის ჰქონდათ ბირთვული პროგრამის საიდუმლო კომპონენტები და ზუსტად ვიცით, ისინი ინახავენ მაღალგამდიდრებულ ურანს და რომ ამას არანაირი სამოქალაქო დანიშნულება არ აქვს. მათ აქვთ შესაძლებლობა, მოილაპარაკონ, რაც ნათლად გვიჩვენებს, რომ არ არიან ამ საქმით დაინტერესებული.

ერთია - განაცხადო, რომ არ სჭირდებათ ბირთვული იარაღი, მეორეა კი გააკეთო ის, რაც დაადასტურებს ამ სიტყვებს. ცნობისთვის, თუკი ირანს სურს ბირთვული პროგრამა სამოქალაქო მიზნებისთვის, მაგალითად, ელექტროსადგურებისთვის, მაშ მსოფლიოში ბევრი ქვეყანაა, რომელიც ამით არის დაკავებული და ისინი კი არ ამდიდრებენ ურანს, არამედ უკვე გამდიდრებულს ყიდულობენ სხვებისგან“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

პარალელურად, ვაშინგტონს გაეროში რეზოლუცია შეაქვს იმ არგუმენტით, რომ ირანს „მძევლად ჰყავს აყვანილი მსოფლიოს ეკონომიკა“.

დოკუმენტის პროექტს მხარს უჭერენ სპარსეთის ყურის ქვეყნები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის ომის დაწყებიდან ირანული იერიშების სამიზნეებად იქცნენ. მარკო რუბიოს თქმით, ეს რეზოლუცია იქნება „ნამდვილი გამოცდა გაეროსთვის.“

წინა რეზოლუციას ვეტო დაადეს რუსეთმა და ჩინეთმა, თუმცა ახლა ვაშინგტონი თეირანისგან მოითხოვს, გაამხილოს ჰორმუზის სრუტეში ნაღმების ადგილი და მხარი დაუჭიროს ჰუმანიტარული დერეფნის შექმნას.

თეთრ სახლში ვარაუდობენ, რომ ისლამური ქვეყნის მოკავშირე მოსკოვი ამ შემთხვევაშიც წინააღმდეგი იქნება, ხოლო დონალდ ტრამპის მაღალი რანგის მრჩევლები მოუწოდებენ პეკინს, გამოიყენოს ირანთან არსებული კავშირები, რათა აიძულოს ის კვლავ გახსნას ჰორმუზის სრუტე.

მოსალოდნელია, რომ ეს ზეწოლა გაიზრდება ჩინეთში სი ძინპინსა და დონალდ ტრამპს უახლოეს დღეებში დაგეგმილი შეხვედრის დროს.

დაკავშირებული ამბები
ირანი ევროპას ემუქრება, აშშ-ს არ მისცეს სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება ნატოში გერმანიიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შესაძლო გაყვანის შედეგებს სწავლობენ