ირანი ევროპას აფრთხილებს, აშშ-ს არ მისცეს ევროპაში მდებარე სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ირანი ევროპას სათანადო პასუხს გასცემს.
ირანის გარდაცვლილ ლიდერთან, ალი ხამენეისთან, დაახლოებულმა პირმა ჰუსეინ შარიატმადარმა განაცხადა, რომ ევროპას თითქმის არ აქვს შანსი, ირანის დარტყმებს გაუძლოს. მისი მტკიცებით, ის ევროპული ბაზები, რომლებსაც აშშ ირანზე თავდასხმებისთვის გამოიყენებს, ლეგიტიმურ სამიზნეებად ჩაითვლება. ირანული მხარე ევროპას მას შემდეგ დაემუქრება, რაც აშშ-მა „პროექტი თავისუფლების“ დაწყების შესახებ გამოაცხადა, რომელიც ჰორმუზის სრუტის გათავისუფლებას ითვალისწინებს.
ამავდროულად ირანი უარყოფს ბრალდებებს, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე იერიში მიიტანა. ირანის სამხედრო სარდლობის წარმომადგენლის, ებრაჰიმ ზოლფაღარის, განცხადება ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელდა:
„ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს გასულ დღეებში არაბთა გაერთიანებული საამიროების წინააღმდეგ არცერთი სარაკეტო ან დრონული ოპერაცია არ ჩაუტარებია. სამხედრო მოქმედების შემთხვევაში ჩვენ ამის შესახებ მკაფიოდ და პირდაპირ გამოვაცხადებდით. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს შესახებ არსებული ინფორმ აცია კატეგორიულად უარყოფილია და სინამდვილეს არ შეესაბამება. ვაფრთხილებთ, რომ, თუ არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან განხორციელდება რაიმე ქმედება ირანის კუნძულების, პორტებისა და სანაპიროების წინააღმდეგ, ჩვენ მათ გამანადგურებელ და დასანან პასუხს გავცემთ“, - ნათქვამია ებრაჰიმ ზოლფაღარის განცხადებაში.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე მიტანილი იერიშების შესახებ ცნობები თავდაპირველად 4 მაისს გავრცელდა. გაერთიანენული საამიროების ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ 15 ირანული რაკეტა და ოთხი დრონი მოიგერია. 5 მაისს კი არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კიდევ ერთ ირანულ დრონებისა და სარაკეტო შეტევას უპასუხეს.
ირანში კი ქვეყნის სამხრეთში მდებარე პორტის ობიექტებზე აფეთქებების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. აშშ-ის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ მათმა ვერტმფრენებმა უკვე ჩაძირეს ირანის ექვსი სწრაფმავალი ნავი. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ სოციალურ მედია X-ზე დაწერა, რომ აშშ და არაბთა გაერთიანებული საამიროები ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ კვლავ ჭაობში არ ჩაეფლონ.
