კატეგორიები

უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტით ერევანი მოსკოვის მოთმინებას ცდის

უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტით ერევანი მოსკოვის მოთმინებას ცდის
სომხეთის დედაქალაქში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტით მოსკოვი კმაყოფილი არ არის, მით უმეტეს, რომ ერევანში გამართული სამიტის პლატფორმა ძირითადად ვოლოდიმირ ზელენსკის დაეთმო, სადაც მან კიევის წინააღმდეგ წარმოებულ რუსულ სამხედრო აგრესიაზე ევროპელ ლიდერებთან ერთად იმსჯელა.

უკრაინის პრეზიდენტის სომხეთის პრემიერთან შეხვედრით გამოწვეული უკმაყოფილება ვერ დამალა წარსულში რუსეთის პრეზიდენტმა და ექსპრემიერმინისტრმა, დმიტრი მედვედევმა.

„დღეს ერევანში ორი გონებადახშული რუსოფობი, რომელიც მშვენივრად საუბრობს რუსულად,  არასრულფასოვნების გამო ცუდი ინგლისურით თათბირობდა. თუმცაღა, სავსებით შესაძლებელია, ეს ყოფილიყო კამერების წინ, შემდეგ კი მათთვის ჩვეულ, დიდებულ და ყოვლისშემძლე ენაზე დაიწყებდნენ ლაქლაქს. მხოლოდ ტრამპი და ვენსი აკლიათ, რომ ინგლისური ენა ჩაიბარონ ამ უსწავლელებისგან“, - დაწერა რუსეთის უშიშროების საბჭოს მიდვნის მოადგილის თანამდებობაზე მყოფმა მედვედევმა Telegram-ზე.

უკრაინის პრეზიდენტებიდან ბოლოს სომხეთში ლეონიდ კუჩმა ჩავიდა, 2002 წლის 10 ოქტომბერს. 24 წლის წინ მოსკოვისთვის მსგავსი შეხვედრები ჩვეულებრივი დიპლომატიური ნაბიჯი იყო, ახლა კი განგაშის სიგნალი, რადგან ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ნიკოლ ფაშინიანმა განიხილეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის საკითხებიც, კიევი კი, ომის პირობებში, დრონების წარმოებით გამოირჩა.

ვითარებით უკიდურესად გაბრაზებულნი არიან რუსი სამხედრო ბლოგერები, რომლებმაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გააკრიტიკეს იმისთვის, რატომ არ „შეიპყრეს“ მათ ზელენსკი და არ ჩამოაგდეს მისი ერევნისკენ მიმავალი თვითმფრინავი.

ექსპერტების აზრით, სურათი, სადაც ერევანი თავს უყრის ევროპის ქვეყნების პირველ პირებს, კანადისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრებს, ევროკავშირის ხელმძღვანელებსა და ნატოს გენერალურ მდივანს, ხოლო ორი დღე ეთმობა რუსული აგრესიისა და ენერგოდამოკიდებულებისგან კონტინენტის დაცვის საკითხებს, კრემლისთვის სულ ცოტა ხნით ადრეც წარმოუდგენელი იყო.

საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან, სომხეთი რუსეთის უმთავრესი სამხრეთკავკასიური მოკავშირე იყო, სადაც დღემდე რჩება ათასობით რუსი სამხედრო გიუმრის ბაზაზე.

ერევნის საგარეო კურსის მკვეთრი ცვლილება და დასავლეთისკენ აღებული გეზი არც ევროპელ ლიდერებს გამორჩენიათ, მათ შორის არც საფრანგეთის პრეზიდენტს. ემანუელ მაკრონმა მკაფიოდ გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ თუნდაც 8 წლის წინ სომხეთში მსგავსი შეხვედრის გამართვის საკითხი არც კი იქნებოდა მსჯელობის საგანი, რადგან ქვეყანა კრემლის „დე ფაქტო სატელიტად განიხილებოდა“.

რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გამწვავდა მას შემდეგ, რაც 2023 წელს აზერბაიჯანმა, საბრძოლო მოქმედებებით სრულად დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღზე. ათწლიანი სისხლიანი კონფლიქტი დასრულდა იმით, რომ მტრულად განწყობილმა ქვეყნებმა მშვიდობიანად ცხოვრება გადაწყვიტეს, თუმცა მანამდე ერევანს საბრძოლო მოქმედებებში მოსკოვის თავმჯდომარეობით მოქმედი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ დახმარების იმედი ჰქონდა, რაც არ გამართლდა.

ეს საკითხი განხილვის საგნად იქცა კრემლში, მიმდინარე წლის 1-ელ აპრილს ვლადიმერ პუტინსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის შემდგარ შეხვედრაზე, სადაც მხარეებმა დისკუსია მინიშნებებითა და გადაკრული სიტყვებით წარმართეს.

დაკავშირებული ამბები
უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტით ერევანი მოსკოვის მოთმინებას ცდის ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი და პარტნიორობის ახალი შეთანხმება