კატეგორიები

დონალდ ტრამპის თქმით, ირანთან დაკავშირებით აშშ-ს გეგმები „შთამბეჭდავად მიდის“

დონალდ ტრამპის თქმით, ირანთან დაკავშირებით აშშ-ს გეგმები „შთამბეჭდავად მიდის“
Copyright AP
დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ირანთან დაკავშირებით ვაშინგტონს ყველაფერი „შთამბეჭდავად მისდის“.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანული პორტების ბლოკადას აქვს კონკრეტული შედეგები, რაც თეირანის ეკონომიკაზე მძიმედ აისახება, ეს კი, მისივე შეფასებით, აიძულებს ისლამურ ქვეყანას, ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას იმ პირობებით, რომლებსაც ამერიკული მხარე დაჟინებით მოითხოვს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ეს არა სრულმასშტაბიანი, არამედ „მინი-ომია“ - გაცილებით რთული სამხედრო მისიების შესახებ მან სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

„ახლა ომში ვართ და უკვე გავიდა, ალბათ ექვსი კვირა, ხომ? გვეკითხებიან, „რატომ ამდენ ხანს?“ - ვიეტნამში 19 წელი ვიყავით. მრავალი წელი ვიყავით ერაყში - ალბათ, 10-12. სხვადასხვა ომში ვმონაწილეობდით, მათ შორის კორეაში 7 წელი. არც კი ვახსენებ მეორე მსოფლიო ომს. ეს კი უკვე დიდი პრობლემაა. თუკი აქ არ გეყოლებათ სწორი ადამიანი, ნამდვილად აღმოჩნდებით მესამე მსოფლიო ომში. თუკი აქ არ გეყოლებათ სწორი ადამიანი, ეს ყველაფერი იქნება საფრთხისშემცველი, უსიამოვნო და რთული...

ჩვენი ქვეყანა აყვავებულია, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ვიმყოფებით - მე ამას ვუწოდებ მინი ომს, რადგან ეს მხოლოდ მცირე ომია.

ირანს აღარ ჰყავს ფლოტი. ერთი წამით დაუფიქრდით ამას - მათ ჰყავდათ 159 გემი. შემახსენეთ, რამდენი დარჩათ? სცადეთ, გამოიცნოთ. ნული. 159 გემი პირველ ორ კვირაში. სიმართლე გითხრათ, ძალიან მეწყინა. პირველი, რაც ვიკითხე იყო - „როგორი ხარისხის გემები იყო?“, მითხრეს - ძალიან კარგი. „მაშ უბრალოდ რატომ არ აიღეთ გემი? რატომ ჩაძირეთ ის ფსკერზე?“ 159-დან შეგვეძლო, დავუშვათ, 59-ის აღება, თუმცა ვამჯობინეთ მათი აფეთქება, ვიდრე გადარჩენა. მე პირიქით ვიზამდი, მაგრამ ეს წვრილმანებია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის ამ განცხადებამდე ის Fox News-თან ინტერვიუში ირანს განადგურებით დაემუქრა, თუკი ისლამური ქვეყნის სამხედროები ჰორმუზის სრუტეში განლაგებულ ამერიკულ ხომალდებს დაარტყამდნენ.

4 მაისის საღამოს ნაწილობრივ ბლოკირებულ ზონაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა.

ცენტრალური სარდლობა 7 ირანული კატარღის განადგურების შესახებ იუწყება. ამასთან, ვაშინგტონი სეულს მოუწოდებს, ჩაერთოს ამერიკულ ოპერაციაში სახელწოდებით „თავისუფლების პროექტი“, რომლის მიზანი ჰორმუზის სრუტეში კომერციული ხომალდების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფაა. ეს კი მას შემდეგ, რაც ირანის სამიზნედ 4 მაისს სამხრეთკორეული კომერციული გემი იქცა.

თეირანის სამხედრო ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ერთადერთი გზა გემების თავისუფალი ნავიგაციის უზრუნველსაყოფად, არის გადაადგილების ნებართვის მიღება „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისგან“:

„ამერიკის პრეზიდენტის ტყუილი მკაფიოა - მას უნდა თქვას, რომ მისი ქმედებები ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ჰუმანიტარული ხასიათისაა, მაგრამ მთელმა მსოფლიომ იცის ყველაფერი. მან დაიწყო ომი, ის დამარცხდა. ბევრი ამერიკელი ამბობს, რომ ეს მწარე მარცხია. ტრამპსა და მის გუნდს მოუწევს, ამ რეალობას შეეგუონ.

პირადად მე ვთვლი, რომ თუკი კონფრონტაცია გაძლიერდება, ეს ზიანს მოგვაყენებს ჩვენც და მათაც. საბოლოო ჯამში ეს იქნება ჩვენი დიდი გამარჯვება, რადგან, როცა კონფრონტაციის პერიოდი დროში ჭიანურდება, ისინი აჩვენებენ მთელ ძალას და მთელ თავიანთ რესურსს გამოიყენებენ, საბოლოოდ კი დამარცხდებიან.

ტრამპი ვერასდროს შეძლებს ვითარების შეცვლას და ისტორიის იმ ფურცელზე დაბრუნებას, რომელიც 28 თებერვლამდე იყო“, - განაცხადა „რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის“ წარმომადგენელმა, იადოლა ჯავანიმ.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ამოქმედებიდან პირველად, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო განგაშის ხმა გაისმა, სადაც თეირანმა იერიშები მიიტანა ქვეყნის მთავარ, ფუჯაირას ნავთობის საცავზე, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია. დაშავდა 3 პირი.

აბუ-დაბი იუწყება რამდენიმე ჩამოგდებული რაკეტისა და დრონის შესახებ. საჰაერო სივრცის გახსნიდან მალევე, დუბაის ცა ისევ ჩაკეტილად გამოცხადდა.

მომხდარი საამიროებში შეფასდა როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის „უხეში დარღვევა“.

დაკავშირებული ამბები
უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტით ერევანი მოსკოვის მოთმინებას ცდის დონალდ ტრამპის თქმით, ირანთან დაკავშირებით აშშ-ს გეგმები „შთამბეჭდავად მიდის“