კატეგორიები

სომხეთი „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტს მასპინძლობს

სომხეთი  „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტს მასპინძლობს
სომხეთის დედაქალაქი მსოფლიო ლიდერებს მასპინძლობს „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ მე-8 სამიტის ფარგლებში, სადაც 50-მდე სახელმწიფოსა და ორგანიზაციის ხელმძღვანელები განიხილავენ არსებული გეოპოლიტიკური ძვრების ფონზე გადასადგამ ნაბიჯებს, როგორც ინდივიდუალური ეროვნული უსაფრთხოების, ისე საერთო დასავლური კეთილდღეობის მისაღწევად.

ერევანში იმყოფებიან ევროკავშირის წევრი 27-ვე სახელმწიფოს ლიდერები, ევროგაერთიანების კანდიდატი სახელმწიფოების ხელმძღვანელები, ასევე გაერთიანებული სამეფოსა და კანადის პრემიერ-მინისტრები.

„ჩვენ უნდა შევამციროთ ზედმეტი დამოკიდებულება სამ ძირითად სფეროში.

პირველ რიგში, ეს არის ენერგეტიკა. ჩვენ ზედმეტად ვართ დამოკიდებული იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე და, შესაბამისად, დამოკიდებული ვართ მსოფლიო ბაზარზე, ამიტომ აუცილებლად უნდა გავზარდოთ შიდაევროპული წარმოების რესურსი. მათ შორისაა განახლებადი ენერგიის წყაროები, ასევე ატომური ენერგია, რადგან ეს ბევრად იაფი და სანდოა.

მეორე სფერო, სადაც მეტი დამოუკიდებლობა გვჭირდება - ეს არის თავდაცვა და უსაფრთხოება. ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი სამხედრო შესაძლებლობები და გვქონდეს საკუთარი დაცვის საშუალება. ინვესტიციებისთვის გამოყოფილია უზარმაზარი სახსრები. ახლა ჩვენ ნამდვილად გვჭირდება გავააქტიუროთ და დავაჩქაროთ სამხედრო ტექნიკის წარმოება.

მესამე ელემენტი ეს არის სანდო მიმწოდებლების ჯაჭვი. სწორედ ამიტომ მივმართავთ თანამოაზრე სახელმწიფოებს იმ მიზნით, რომ გავაფორმოთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. ახლახან გავაფორმეთ მსგავსი დოკუმენტები ლათინური ამერიკის ქვეყნებთან, ინდოეთთან, ავსტრალიასთან და ახლა ვაპირებ ამავე შეთავაზებით მივმართო მექსიკას“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ქვეყანაში, სადაც ათასობით რუსი სამხედრო კვლავ რჩება გიუმრის ბაზაზე, ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც, სავარაუდოდ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს სხვა სახელმწიფოთა ლიდერებთან, კიევის წინააღმდეგ წარმოებული რუსული აგრესიის შეკავების გზებზე სამსჯელოდ.

სამიტი იმართება იმ ფონზე, როდესაც ევროპასა და აშშ-ს შორის ტრანსატლანტიკური კავშირები გაუარესებულია, ხოლო კონტინენტის უსაფრთხოება რისკის ქვეშაა - ერთი მხრივ, მოსკოვის ქმედებების გამო, ხოლო, მეორე მხრივ, ირანში წარმოებული ომით გამოწვეული ენერგოკრიზისის გამო.

ერევანში არ ჩასულა, თუმცა სამიტს დისტანციურად დაესწრება აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

სომხეთისთვის მსგავსი მასშტაბის სამიტი, იმ თვალსაზრისით, რომ ის მოიცავს მსოფლიოს წამყვან პოლიტიკურ ლიდერებს, ისტორიაში პირველია. პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა ევროპასა და დასავლეთთან დაახლოებას ცდილობს იმ ფონზე, როდესაც ერევანის კავშირები მოსკოვთან, გასულ წლებთან შედარებით მცირდება.

ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ზომიერ პოლიტიკას ამჯობინებს, რომელიც არ გულისხმობს მტრულ დამოკიდებულებას რუსეთთან, თუმცა, ამასთან მოიცავს კავშირების გაღრმავებას ევროგაერთიანებასთან.

მოსკოვში ვიზიტისას, სომხეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინმა ერთგვარი ულტიმატუმი წამოუყენა, პროევროპული კურსის არჩევის გამო და მიანიშნა, რომ ორ სკამზე ერთდროულად ჯდომა არ გამოვიდოდა.

დაკავშირებული ამბები
სომხეთი „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტს მასპინძლობს “რუსეთს დიალოგი არ სურს და ამის მოთხოვნით თავი არ უნდა დავიმციროთ”-კაია კალასი