კატეგორიები

კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში
კულტურული ცხოვრებისა და გართობის მოყვარულთ ამ კვირაში ელოდებათ  მარინა აბრამოვიჩის 80 წლის იუბილე და გამოფენა ვენეციაში; ისევ სცენას უბრუნდება 21-ე საუკუნის დასაწყისში შექმნილი როკბენდი Broken Social Scene, სათამაშო აპარატებით გართობას კი დიდ ეკრანზე გააცოცხლებს ვიდეოთამაშის მიხედვით შექმნილი ფილმი Mortal Kombat II -   აი, რას უნდა მიაქციოთ ყველაზე დიდი ყურადღება მიმდინარე კვირას.

მართალია, გარეთ დათბა, მაგრამ თუ მაინც შენობაში გირჩევნია ყოფნა, გარკვეულ რეკომენდაციებს შემოგთავაზებთ.

პირველ რიგში, ეს არის ვიდეოთამაშის მიხედვით შექმნილი ფილმი Mortal Kombat II, რომელშიც დრამაც არის და გართობაც, სანამ მსოფლიოს განადგურების სურვილით შეპყრობილ ტირანს დაამარცხებენ.

Netflix-ის გამომწერებს ელოდებათ კრიმინალური ტრილერი „ლეგენდები“ (Legends), დიდ ბრიტანეთში კი დევიდ ატენბოროს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ორი სპეციალური პროგრამა გავა.

იგეგმება ახალი მუსიკალური ალბომების გამოშვება, მათ შორის ბრიტანელი რეპერის Little Simz-ისა და როკჯგუფ Broken Social Scene-ის ალბომებიც იქნება.

თუმცა მიმდინარე კვირის მთავარი სიახლე მაინც ვენეციის ბიენალეა,   ხელოვნებისა და არქიტექტურის მსოფლიოში  ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფესტივალი, რომელიც 9 მაისს იხსნება. წლევანდელ პროგრამაში შედის უამრავი გამოფენა თემაზე: „მინორული ნოტები“ ('In Minor Keys'), თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ბიენალეს სტუმრები შეძლებენ, მარინა აბრამოვიჩის ახალი გამოფენის დათვალიერებასაც Gallerie dell'Accademia-ში.

გამოფენები

მარინა აბრამოვიჩის გამოფენა, სახელწოდებით **'Transforming Energy' გაიმართება 6 მაისიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით ვენეციის აკადემიის გალერეაში (**Gallerie dell'Accademia). გამოფენა აბრამოვიჩის 80 წლის იუბილეს ეძღვნება. გამოფენაზე ახალი ნამუშევრების გვერდით წარმოდგენილი იქნება აბრამოვიჩის ძველი ცნობილი ნამუშევრებიც, მათ შორის: Light/Dark (1977), Balkan Baroque (1997) და  Carrying the Skeleton (2008).

ლონდონის ეროვნულ გალერეაში 23 აგვსტომდე გაგრძელდება ესპანელი ბაროკოს სტილის მხატვრის ფრანსისკო დე სურბარანის გამოფენა, სურბარანი ცნობილია რელიგიურ თემაზე შექმნილი ტილოებითა და კარავაჯოსთვის დამახასიათებელი შუქ-ჩრდილის დრამატული კონტრასტებით. ამ გამოფენისთვის ტილოები ბრიტანეთის ეროვნულ გალერეას გადასცეს ევროპისა და ამერიკის წამყვანმა გალერეებმა, რისი წყალობითაც სურბარანის აღნიშნული გამოფენა ყველაზე სრულყოფილია ამ მხატვრის აქამდე ჩატარებულ გამოფენებს შორის.

საფრანგეთის ქალაქ იერში Maison Caillebotte-ის დარაბზებში 8 მაისიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება გამოფენა, სახელწოდებით „ბუნება დეკორაცია არ არის“ ('Nature is not a décor'), რომლის ფარგლებშიც კლოდ მონეს პეიზაჟების გვერდით წარმოდგენილი იქნება თანამედროვე მხატვრების ნამუშევრებიც.

ფილმები

8 მაისს ევროპის კინოთეატრებში გამოვა ფილმი „Mortal Kombat II“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეოთამაშის ეკრანიზაციის გაგრძელებაა. მისი პირველი ნაწილი 2023 წელს გამოვიდა და მისი ყველა გმირი მონაწილეობს ფილმის მეორე ნაწილშიც.

8 მაისს დიდ ეკრანებზე ასევე გამოვა მომღერალ ბილი აილიშის ცოცხალი კონცერტი  3D ფორმატში გადაღებული ფილმის სახით, რომლის  სახელწოდებაცაა: „Hit Me Hard and Soft - The Tour Live“.

ტელესერიალები

7 მაისს Netflix-ზე დაიწყება 90-იანი წლების კრიმინალურ სამყაროზე გადაღებული ტელესერიალი „ლეგენდები“. სერიალის სიუჟეტი ნარკომაფიაში ბრიტანელი მებაჟეების ჩანერგვის თემაზე ვითარდება და მას რეალური ამბებიც უდევს საფუძვლად.

BBC1-ის არხზე 3 და 8 მაისს გელოდებათ ორი პროგრამა, რომლებიც ბრიტანული ტელემაუწყებლობის ლეგენდის დევიდ ატენბოროს 100 წლისთავს ეძღვნება. ერთი პროგრამის სახელწოდებაა „სიცოცხლე დედამიწაზე: ატენბოროს დიდი თავგადასავალი“ („Making Life on Earth: Attenborough’s Greatest Adventure“), ხოლო მეორის - „დევიდ ატენბოროს 100 წელი პლანეტა დედამიწაზე“ ( „David Attenborough’s 100 Years on Planet Earth“).

მუსიკა

8 მაისს გამოვა კანადური როკჯგუფ Broken Social Scene-ის ახალი ალბომი  „Remember the Humans“. ეს ჯგუფი ძალიან იშვიათად უშვებს ალბომებს და 2001 წლიდან მოყოლებული მხოლოდ 6 ალბომი აქვს ჩაწერილი.

მიმდინარე კვირაში კიდევ უამრავი შესანიშნავი მუსიკალური ნაწარმოების გამოსვლა იგეგმება, მათ შორის არის ამერიკული როკბენდ The Lemon Twigs-ის ახალი ალბომი ‘Look for Your Mind!’,  შვედი მომღერლის ლიუკე ლის 'The Afterparty' და ბრიტანელი რეპერის Little Simz-ის ახალი მცირე ალბომი 'Sugar Girl'.

ავტორი: ამბერ ლუის ბრაისი

დაკავშირებული ამბები
კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში დროშით დაბრმავებული: ბენქსის ახალი ქანდაკება ლონდონის ცენტრში