„თავისუფლების პროექტი“ - ასე ჰქვია დონალდ ტრამპის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემებისთვის შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფას. მისიის შესრულება ამერიკის ცენტრალურ სარდლობას დაევალა.
შტატების პრეზიდენტის თქმით, მისია არის ვაშინგტონის მხრიდან „წმინდა ჰუმანიტარული ჟესტი, რადგან ბლოკადაში მყოფი ხომალდების უმრავლესობაზე ეკიპაჟისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მარაგები იწურება“. დონალდ ტრამპის განმარტებით, თუკი ამ პროცესს ვინმე რაიმე გზით ხელს შეუშლის, მაშინ იტოვებს უფლებას, ძალისმიერი გზით დაიწყოს წინააღმდეგობის გაწევა“.
„ქვეყნებმა მთელი მსოფლიოდან, რომელთაგან თითქმის არცერთი არ არის ჩართული ახლო აღმოსავლეთის აშკარა და სასტიკ კონფლიქტში, სთხოვეს შეერთებულ შტატებს დახმარება ჰორმუზის სრუტეში ბლოკირებული საკუთარი გემების გასათავისუფლებლად, რადგან მათ აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვთ ამ საქმესთან - ისინი მხოლოდ ნეიტრალური და უდანაშაულო თვითმხილველები არიან!
ირანის, ახლო აღმოსავლეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების კეთილდღეობისთვის, ამ ქვეყნებს ვუთხარით, რომ უსაფრთხოდ გავიყვანთ მათ გემებს ამ დახურული საზღვაო მარშრუტიდან, რათა მათ შეძლონ თავისუფლად და ეფექტურად განაგრძონ საკუთარი საქმიანობა. გავიმეორებ, ეს არის გემები მსოფლიოს რეგიონებიდან, რომლებიც არანაირად არ არიან დაკავშირებული იმასთან, რაც ახლა ხდება ახლო აღმოსავლეთში.
ჩემს წარმომადგენლებს დავავალე, აცნობონ მათ, რომ მთელ ძალისხმევას ჩავდებთ, რათა სრუტიდან უსაფრთხოდ გამოვიყვანოთ მათ გემები და ეკიპაჯები. მშვენივრად მესმის, რომ ჩემი წარმომადგენლები აწარმოებენ ძალიან პოზიტიურ მოლაპარაკებებს ირანთან და რომ ამ მოლაპარაკებებს შეუძლია ყველასთვის დადებით შედეგებამდე მიგვიყვანოს...“ - დაწერა დონალდ ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე.
თავის მხრივ, ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ამ თავდაცვითი მისიის მხარდაჭერას არსებითი მნიშვნელობა აქვს რეგიონის უსაფრთხოებისა და გლობალური ეკონომიკისთვის, თუმცა შენარჩუნებული იქნება სანაოსნო ბლოკადა.
აშშ-ის ხაზინის მდივანი მიიჩნევს, რომ ეს ზომა ირანის ეკონომიკის „მომგუდავის“ ფუნქციას ასრულებს, რაც, ვაშინგტონის გათვლებით, თეირანს სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას აიძულებს:
„შემიძლია გითხრათ, რომ რეჟიმს ვგუდავთ, მათ არ შეუძლიათ ჯარისკაცებისთვის ფულის გადახდა. ეს ნამდვილი ეკონომიკური ბლოკადაა და ის ხელისუფლების ყველა შტოს მოიცავს. ყველა ძალა ბრძოლისკენაა მიმართული.
ირანი იყო ტერორიზმის უდიდესი სპონსორი. პრეზიდენტმა ტრამპმა მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახადა. მან თქვა, რომ ირანს არ შეუძლია, ფლობდეს ბირთვულ იარაღს და რომ მათ უნდა ჩააბარონ თავიანთი გამდიდრებული ურანი. მან გაანადგურა მათი სამხედრო-საჰაერო ძალები, ქარხნები, ფლოტი, თუმცა ამასთან ირანი კვლავ რჩება ტერორიზმის უმსხვილეს სპონსორად“.
თეთრი სახლის ცნობით, პაკისტანის შუამავლობით, ირანის მიერ ვაშინგტონისთვის წარდგენილი ახალი, 14-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმით დონალდ ტრამპი ისევ უკმაყოფილოა, რაც თეირანის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის გახდა საფუძველი იმის თქმისა, რომ აშშ-სთან ომში დაბრუნებისთვის მზადყოფნის რეჟიმი კვლავ გააქტიურებულია.
ამის მიუხედავად, ისლამურ ქვეყანაში ჯერ კიდევ აცხადებენ, რომ გეგმა მიმართულია ომის დასრულებაზე და არა მის განახლებაზე, თუმცა, როგორც ირანელი მაღალჩინოსნების ბოლოდროინდელი სიტყვებით ირკვევა, თეირანი არ აპირებს, უარი თქვას საკუთარ ბირთვულ შესაძლებლობებზე.
