ვაშინგტონი გერმანიაში სამხედრო კონტინგენტს მნიშვნელოვნად შეამცირებს. დონალდ ტრამპი მიანიშნებს, რომ ის 5000 სამხედრო, რომელთა მოკავშირე სახელმწიფოდან გაყვანის შესახებაც პენტაგონმა უკვე გამოაცხადა, ამ შემცირების მხოლოდ ნაწილია და გერმანიიდან გაყვანილი სამხედროების რეალური რიცხვი გაცილებით მაღალი იქნება.
როგორც თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, ვაშინგტონი მოკავშირე ქვეყნიდან 5000 სამხედრო მოსამსახურეს მომდევნო 6-12 თვის განმავლობაში გაიყვანს. ამ გადაწყვეტილებას კი წინ გერმანიის კანცლერის, ფრიდრიც მერცის მიერ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ირანის წინააღმდეგ ომის კრიტიკა უძღოდა - მერცის შეფასებით, ვაშინგტონს ამ კონფლიქტში ეფექტიანი სტრატეგია არ აქვს.
გერმანიიდან სამხედროების გაყვანის მიზეზებზე კითხვას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განმარტებით არ უპასუხა. „ბევრად უფრო შევამცირებთ“, - თქვა დონალდ ტრამპმა და დაამატა საუბარი 5000-ზე გაცილებით მეტ სამხედროზეა.
მანამდე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ სამხედრო კონტინგენტის შემცირება, რითაც დონალდ ტრამპი წლების განმავლობაში იმუქრებოდა, მოსალოდნელიც იყო. მან თქვა, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა საკუთარ თავდაცვაზე პასუხისმგებლობა მეტად უნდა აიღონ და დასძინა, რომ უსაფრთხოებისთვის გაწეული ერთობლივი ძალისხმევა სარგებლის მომტანი ტრანსატლანტიკური პარტნიორობის ორივე მხარისთვის არის.
„ამერიკელი ჯარისკაცების ყოფნა ევროპაში, განსაკუთრებით კი გერმანიაში, ჩვენს ინტერესშიც შედის და ამერიკის შეერთეებული შტატების ინტერესებშიც,“ - განაცხადა პისტორიუსმა გერმანულ მედიასთან.
5 000 ჯარისკაცი გერმანიაში ამერიკის შეერთებული შტატების კონტინგენტის დაახლოებით მეშვიდედია. ქვეყანაში ამ დროისთვის 36 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა.
ტრამპმა რამდენიმე დღის წინ იმაზეც მიანიშნა, რომ სამხედროები შესაძლოა სხვა მოკავშირე ქვეყნებიდანაც გამოიყვანოს. ეს სახელმწიფოები იტალია და ესპანეთია. კონტინგენტის შემცირება ამ შემთხვევაშიც ირანის ომის საკითხზე არსებულ წინააღმდეგობას უკავშირდება. ამერიკის შეერთებულ შტატებს იტალიაში 12 500-ზე მეტი სამხედრო ჰყავს, ესპანეთში კი დაახლოებით 4,000.
