კატეგორიები

ვენესუელადან აშშ-ში 7 წლის შემდეგ პირველი ავიარეისი შესრულდა

ვენესუელადან აშშ-ში 7 წლის შემდეგ პირველი ავიარეისი შესრულდა
შვიდწლიანი პაუზის შემდეგ პირველად, ვენესუელას დედაქალაქში პირველი ამერიკული ავიარეისი შესრულდა.

ბორტი მაიამიდან კარაკასის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა - იქ, სადაც წლების განმავლობაში, საგარეო იზოლაციის გამო, საჰაერო ხომალდების რაოდენობა მკვეთრად იყო შემცირებული.

საზეიმო რეისით კარაკასში ჩავიდნენ აშშ-ში მცხოვრები ვენესუელის დიასპორის წარმომადგენლებიც.

პირდაპირი საჰაერო კავშირი იქცა მორიგ დასტურად, რომ ვაშინგტონი, სამხრეთამერიკულ სახელმწიფოსთან ახალი ტიპის ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად არის მზად. თეთრი სახლის ცნობით, ასეთი ნაბიჯების გადადგმა შეუძლებელი იქნებოდა დონალდ ტრამპის ძალისხმევის გარეშე.

„გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ „ამერიკულმა ავიახაზებმა“ უზრუნველყონ ყოველდღიური რეისი, როგორც წესი თვეებს საჭიროებს, ეს კი სულ რამდენიმე კვირაში გახდა შესაძლებელი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ტრამპის სისწრაფის დასტურია. სწორედ ამის შესახებ საუბრობს ტრანსპორტის სამდივნოც.

ტრამპის სისწრაფით ვმოძრაობთ, ყველაფრის გასაკეთებლად. ის ფაქტი, რომ დღეს ყველანი აქ ვართ და პირველივე რეისით ჩამოვედით, მხოლოდ იმის დემონსტრირებაა, რამდენად სწრაფად მოქმედებს ტრამპის ადმინისტრაცია, ასევე დელსი როდრიგესი და მისი კაბინეტი. ამიტომ, სამომავლოდ ჩვენ გველის გრძელვადიანი თანამშრომლობა.

სულ რაღაც ორიოდე დღის წინ მე ვიყავი ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ ტრამპთან. ჩვენი მოგზაურობის შესახებ ვაცნობე და ძალიან მოხარული იყო“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯაროდ ეიჯენმა.

ვენესუელაში აშშ-ის დროებითი წარმომადგენელი ჯონ ბარეტი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი ბიძგს მისცემს სხვა მრავალი შეთანხმების დაჩქარებული წესით გაფორმებასაც, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი, დიდი ხნის განმავლობაში გაყინული ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანას.

„ამჟამად განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საინვესტიციო კლიმატის უზრუნველყოფას, რომელიც წარმოადგენს ხარისხიან ამერიკულ ფირმებს, ინვესტორებს კი მისცემს გარანტიებს, რომლებიც მაღალი თავდაჯერებულობისთვის არის აუცილებელი, ამიტომ პოტენციალი არსებობს“, - განაცხადა ჯონ ბარეტმა, ვენესუელაში აშშ-ის დროებითმა წარმომადგენელმა.

2019 წელს შეწყვეტილი პირდაპირი ავიამიმოსვლის გამო, მართალია ვენესუელის მოქალაქეებისთვის აშშ-ში ჩასვლის პირობები გამკაცრდა, თუმცა ამის შესაძლებლობა მათ მაინც ჰქონდათ, მესამე ქვეყნების დახმარებით.

რეგულაციების დაწესება ვაშინგტონს მოუწია ექსპრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო, რომლებიც, თეთრი სახლის თანახმად, საფრთხეს უქმნიდნენ ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას.

ვენესუელასთან ვაშინგტონი ეკონომიკურ კავშირებსაც აღრმავებს ან ხელს უწყობს სამხრეთამერიკულ ქვეყანაში სხვა დასავლური ინვესტიციების შემოდინებას, რომლებიც წლების განმავლობაში დაბლოკილი იყო.

რამდენიმე დღით ადრე ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრიტანულ ენერგოგიგანტ კომპანია British Petroleum-თან, ნედლეულის სფეროში თანამშრომლობის განსავითარებლად, რაც, დელსი როდრიგესის თქმით, ხელს შეუწყობს კარაკასის ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას.

შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვენესუელის დროებითმა ხელისუფლებამ გასცა დაპირება, რომ ქვეყანაში მინიმალური შრომითი ანაზღაურება 240 ამერიკული დოლარით განისაზღვრება, რასაც მოქალაქეთა ნაწილი მაინც არასაკმარისს უწოდებს.

დაკავშირებული ამბები
ვენესუელადან აშშ-ში 7 წლის შემდეგ პირველი ავიარეისი შესრულდა შეერთებული შტატები და ვენესუელა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ