აშშ-მა ვენესუელის დედაქალაქში სამხედრო წვრთნები დაიწყო, ეს კი თავის მხრივ პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის განკარგულებით, ამერიკული დანაყოფები კარაკასში შეიჭრნენ და პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააპატიმრეს,ვიდრე მას, მეუღლესთან ერთად შტატებში გადააფრენდნენ.ამ ოპერაციას იანვარში 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ამერიკული თვითმფრინავები ამჯერადაც სწორედ კარაკასის ცაზე გამოჩნდნენ, რასაც საზოგადოებაში ღელვას იწვევს.
„უცხო ქვეყნის თვითმფრინავების ქალაქის თავზე ფრენა ჩვენთვის ახალი მოვლენაა, განსაკუთრებით კი შეერთებული შტატების. ამჟამინდელ ვითარებაში, როცა ამ ქვეყანასთან დაკავშირებით ამდენი მოძრაობაშეინიშნება, ეს ჩვენში გაურკვევლობის განცდას იწვევს და ამავდროულად აღელვებულ მოლოდინშიც გვამყოფებს, ვნახოთ, რა მოხდება, რამდენი და რა ტიპის თვითმფრინავი გადაიფრენს აქ. ყოველივე ეს მუდმივ შფოთვაში გვამყოფებს“-აღნიშნავს ადგილობრივი მცხოვრები, ეველინ რებოლედო.
„მე, როგორც მოქალაქე, უბრალოდ მზად ვარ ვიყო ამ ყველაფრის მოწმე და გულით ვისურვო, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს, რათა მშვიდად და წყნარად ცხოვრება შევძლოთ. დღევანდელი დღე ტრავმული არ ყოფილა, რადგან მოლოდინი ჯერ კიდევ სამი დღის წინ არსებობდა. არც ისე მკაფიო და ზუსტი, მაგრამ ის, რაც ითქვა, მართლდება, უცხოეთიდან რამდენიმე ვერტმფრენი უნდა ჩამოსულიყო, და ჩვენ ახლა სწორედ ამას ვხედავთ“-ამბობს კარაკასის მკვიდრი, ადელის მარკინა.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამჟამად მხარს უჭერს მოქმედი პრეზიდენტის დულსი როდრიგესის ხელისუფლებას, რომელიც ნიკოლას მადუროს რეჟიმის დროს ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. სწორედ როდრიგესმა მოუწერა ხელი შტატებს იმგვარი კანონების მიღებაზე,რომელმაც ვაშინგტონს ვენესუელის ნავთობსა და წიაღისეულებზე მისცა წვდომა. მიმდინარე წვრთნებიც სწორედ მოქმედი ხელისუფლების ავტორიზაციით ტარდება. კარაკასში ამერიკული სამხედრო პერსონალის უჩვეულო გამოჩენა განსაკურებით აღელვებთ მოსახლეობის მემარცხენე ფრთას, რომლებიც ჯერ უგო ჩავესისა, მოგვიანებით კი უკვე ნიკოლას მადუროს პოლიტიკის მომხრენი არიან და საკუთარ ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო კონტიგენტი აღიზიანებთ.
„ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ გრინგოების სამხედრო წვრთნებს ჩვენს მიწაზე და აქ მათი ვერტმფრენების გამოჩენას აქ. ჩვენ ვართ ჩავიზმის მხარდამჭერები და აღშფოთებით ვუყურებთ ‘გრინგოების’ სამხედრო ყოფნას ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ, აქ შეკრებილები მაღლა ვწევთ სუვერენიტეტის დროშას, ღირსების დროშას და სუვერენული სამშობლოს დროშას“- ამბობს ადგილობრივი სილვესტრე მონტილვა.
ვნესუელაში მიმდინარე წვრთნებში აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავები და საზღვაო კომპონენტიცაა ჩართულია. პროცესს კარაკასშივე აკვირდება აშშ-ის სამხრეთ სარდლობის მეთაური, გენერალ ფრანცის დონოვანი. ამასთან მედიის ცნობით, ის ვენესუელის დროებით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებშიცაა ჩართული.
