ეს თეთრი სახლის კორესპონდენტთა ვახშამზე შეჭრის მცდელობისა და ცეცხლის გახსნის ამსახველი კადრებია. ვიდეოჩანაწერი პროკურორმა, ჯენინ პირომ სოციალურ ქსელში მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, თუ ვისი ტყვია მოხვდა საიდუმლო სამსახურის ოფიცერს, როცა თავდამსხმელმა დაცვას ჩაურბინა და იმ დარბაზისკენ გაიქცა, სადაც ჟურნალისტები, ოფიციალური პირები და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმყოფებოდნენ.
პროკურორები აქამდე აცხადებდნენ, რომ ოფიცერს დამცავ ჟილეტში ტყვია არეულობისას მოხვდა, თუმცა, არ დაუდასტურებიათ, რომ იგი თავდამსხმელმა, ქოულ ტომას ალენმა გაისროლა. ახლა კი, როგორც ჯენინ პირო ამბობს, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ოფიცერი მისი კოლეგების მიერ გასროლილი ტყვიით დაშავდა.
ვიდეოში ჩანს, როგორ გადის ალენი დეტექტორში და როგორ უმიზნებს იარაღს ოფიცერს, რომელმაც პასუხად ხუთჯერ გაისროლა. გაურკვეველია, კონკრეტულად როდის ხსნის ცეცხლს თავად თავდამსხმელი, რომელიც საბოლოოდ დაშავდა, თუმცა არ დაჭრილა.
პროკურორის მიერ გავრცელებულ დაახლოებით ექვსწუთიან ვიდეოში ჩანს, როგორ დადიოდა ალენი დერეფანში თავდასხმამდე ერთი დღით ადრე.
მას ორშაბათს ბრალი წაუყენეს პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობაში, ასევე იარაღთან დაკავშირებულ დამატებით ორ დანაშაულში, მათ შორის, ძალადობრივი დანაშაულის დროს იარაღის გამოყენებაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
