მედიის თავისუფლების მაჩვენებელი ბოლო 25 წლის მინიმუმზეა - ასეთია ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ (RSF) ბოლო ანგარიშის შედეგები, რომელიც მსოფლიოს 180 ქვეყანასა და ტერიტორიას მოიცავს.
ყოველწლიური დოკუმენტის ავტორთა განმარტებით, მსოფლიო სახელმწიფოთა დიდი ნაწილი, პრესის თავისუფლების თვალსაზრისით, „რთულ“ ან „ძალიან სახიფათო“ მდგომარეობაშია, რაც მრავალი მიზეზით არის განპირობებული - პოლიტიკური არასტაბილურობითა და ავტორიტარული მმართველობით დაწყებული, საომარი მოქმედებებით დასრულებული.
ანგარიშის თანახმად, 2002 წელთან შედარებით, როდესაც დაიწყო მედიის თავისუფლების ხარისხის შეფასება, საფრთხისშემცველ კატეგორიაში მოხვდა ქვეყნების 13.7%, 23 წლის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 52.2%-მდეა გაზრდილი. ამასთან, იმ სახელმწიფოებში მცხოვრები მოსახლეობის წილი, სადაც მონაცემები დადებითად ფასდება, დროის ამ მონაკვეთში 20-დან 1%-მდე შემცირდა.
ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილ ინდექსში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები „ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებენ“, ნაწილობრივ ეს არის 2025 წლის აგვისტოდან ამოქმედებული „მედიის თავისუფლების შესახებ“ ევროპული კანონის დამსახურება.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ საკანონმდებლო რეგულაციას ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად, გერმანია - უგულებელყოფს, რომლის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონები „არ შეესაბამება ჟურნალისტებისა და მათი წყაროების დასაცავად მიმართული რეგულაციების მოთხოვნებს“.
სრულმასშტაბიანი ომის მიუხედავად, მეზობლებთან შედარებით, უკეთესი მდგომარეობა აქვს უკრაინას, ხოლო, ანგარიშის ავტორების თანახმად, კიევთან მებრძოლ რუსეთს რეიტინგში 172-ე ადგილი უკავია.
დოკუმენტის მიხედვით, მოსკოვი სახელდება „სპეციალისტად ტერორიზმთან, სეპარატიზმსა და ექსტრემიზმთან საბრძოლველად შემუშავებული კანონების, პრესის თავისუფალი საქმიანობის შეზღუდვის გამოყენების მხრივ“. კრემლის საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირებისთვის, რუსულ საპატიმროებში ამჟამად 48 ჟურნალისტი იხდის სასჯელს.
ანგარიშის ავტორთა ცნობით, „კატასტროფულად“ არის შეფასებული ვითარება ახლო აღმოსავლეთში, სადაც ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის ომისას 220 პალესტინელი ჟურნალისტი დაიღუპა - მათგან არანაკლებ 70, სამსახურებრივი მოვალეობის შესურლებისას.
ამავე დროს, გასულ წლებთან შედარებით, დადებითი დინამიკა აქვს სირიას, რომელმაც მაჩვენებელი 36 პოზიციით გაიუმჯობესა, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ. მართალია, სიის სათავემდე ქვეყანას დიდი გზა აქვს გასავლელი, თუმცა ანგარიშის ავტორები დამასკოს ძალისხმევას პოზიტიურს უწოდებენ.
