კატეგორიები

ირანის ეროვნული ვალუტა ისტორიულ მინიმუმამდე ეცემა

ირანის ეროვნული ვალუტა ისტორიულ მინიმუმამდე ეცემა
Copyright AP
ირანის ომმა ქვეყნის ეროვნული ვალუტის რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაცემა გამოიწვია.

1.8 მილიონი რიალი 1 ამერიკული დოლარის ტოლფასია და ეს მაჩვენებელი საათობრივად, დაღმასვლისკენ იცვლება. ისლამური ქვეყნის ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკა 28 თებერვალს დაწყებულმა სამხედრო კონფლიქტმა გააურესა, რის გამოც უკმაყოფილებას ვეღარც ადგილობრივი მოსახლოება მალავს.

„ადამიანები ხვალინდელ დღეზე ფიქრობენ და არ იციან, რა მოხდება. ისინი ცდილობენ დოლარში გადაახურდავონ ყველა დანაზოგი, რათა მათმა აქტივებმა ფასი არ დაკარგონ. ამერიკასთან ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ, მათ, ფაქტობრივად, დაბლოკეს სპარსეთის ყურე. მას შემდეგ ყველგან გაიზარდა ფასები, რადგან იმპორტი შეჩერდა.

შემოტანილია წამლები და პროდუქტები, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი გაძვირდა. ამან ასევე დარტყმა მიაყენა ნავთობქიმიურ სექტორს, რადგან პოლიეთილენის პარკებიც კი, რომლებშიც პურს დებენ, ახლა 5-6 ათასი თუმანი ღირს. მანამდე მათი ფასი ათასი თუმანი იყო“, - ამბობენ თეირანის მაცხოვრებლები.

ომის პირველი კვირების განმავლობაში, ირანის ეროვნული ვალუტა ნავთობით ვაჭრობის ხარჯზე ინარჩუნებდა შედარებით სტაბილურობას, თუმცა ყველაფერი 13 აპრილს, ვაშინგტონის მიერ დაწყებულმა ირანული პორტების ბლოკადამ შეცვალა.

ექსპერტების შეფასებით, რიალის კურსის უკიდურესად დაბალი მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად იმოქმედებს ინფლაციის დონეზე, რომელმაც მიმდინარე წლის დასაწყისიდან 73.5%-ს მიაღწია, წლიურ ჭრილში კი 53.7%-ს.

მათივე თქმით, დამაიმედებელი პროგნოზი არ არსებობს, ვიდრე გრძელდება პორტების ბლოკადა და ამერიკული სანქციები ისლამური ქვეყნის წინააღმდეგ, რადგან თეირანი მეტწილად დამოკიდებულია იმპორტირებულ საქონელზე, დაწყებული საკვები პროდუქტებითა და წამლებით, დასრულებული გაჯეტებითა და ელექტრონული მოწყობილობებით.

მათგან განსხვავებული ვერსია აქვს ირანის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომელიც ირწმუნება, რომ თეირანის ეკონომიკის წყობა არ არის დიდად დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე და მარტივად შეუძლია გაუძლოს დასავლურ სანქციებს, რაზეც სტატისტიკა სხვაგვარად მეტყველებს.

ექსპერტთა თქმით, დასავლური სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, ირანი კრიპტოვალუტას იყენებს. ისინი მიუთითებენ, რომ საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი ირანი ალტერნატიული ტრანზაქციების მეთოდებს იყენებდა ემბარგოს ქვეშ მყოფი ნავთობის გასაყიდადაც.

ანალიტიკური კომპანია Chainalysis-ის დაკვირვებით, მხოლოდ 28 თებერვლიდან 2 მარტის პერიოდში ირანულ ფინანსურ პლატფორმებზე უპრეცედენტო რაოდენობის — 10 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების — კრიპტოგადარიცხვა დაფიქსირდა. ამ თანხის მესამედი კი მოგვიანებით საფონდო ბირჟაზე აღმოჩნდა.

მკვლევრები მიუთითებენ, რომ შესაძლოა ეს ტრანზაქციები უკავშირდებოდეს რიგითი მოქალაქეების მხრიდან დანაზოგის გადარჩენას, თუმცა ირანის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული ინფლაციური მაჩვენებლის გათვალისწინებით, ამ ოდენობის თანხის გადარიცხვის ფუფუნება აშკარად მაღალჩინოსნებთან არის დაკავშირებული.

დაკავშირებული ამბები
ირანის ეროვნული ვალუტა ისტორიულ მინიმუმამდე ეცემა ირანის ფეხბურთის ფედერაციის წევრები კანადაში არ შეუშვეს