რამდენიმე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, მიმდინარე კვირაში ირანის ისლამურმა მმართველობამ ფარულად სიკვდილით დასაჯა კიდევ ოთხი პირი, რომელთაგან ორი ეთნიკურად ქურთი პოლიტიკური აქტივისტია.
Amnesty International-ის განცხადებით, ამ მაჩვენებლით ირანი გახდა ლიდერი სიკვდილმისჯილთა რაოდენობის მხრივ, ხოლო მხოლოდ 2025 წელს თეირანმა სასჯელის უმკაცრესი ფორმა აღასრულა 2159-ჯერ, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ირანული მართლმსაჯულების სისტემის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Misan-ი აცხადებს, რომ რამინ ზალე და კარიმ მარუფპური ბრალდებულნი იყვნენ „შეიარაღებული აჯანყებისთვის“, „მკვლელობების მცდელობისა“ და „ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრის მიზნით დაჯგუფების შექმნისთვის“. სასამართლო ორგანომ ისინი დაასახელა „ქურთების დემოკრატიული პარტიის“ წევრებად - დაჯგუფების, რომელსაც თეირანი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.
ირანული მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლების მტკიცებით, განაჩენი გამოცხადდა ბრალდებულთა აღიარებითი ჩვენებების საფუძველზე.
ამავე დროს, უფლებადამცველი ორგანიზაციები განმარტავენ, რომ გარდა მოქალაქეთა სიკვდილით დასჯის სასტიკი პრაქტიკისა, თეირანი მათ ყველანაირ სამართლებრივ უფლებას ართმევს. კერძოდ, საუბარია მოკლულ რამინ ზალეს საქმეზე, რომელსაც მაჰაბადის რევოლუციურმა სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა რამდენიმეწუთიანი პროცესის შემდეგ, სადაც ბრალდებულს ადვოკატი არ ჰყავდა, მანამდე კი ის საპყრობილეში 500-ზე მეტი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
კიდევ ერთი სიკვდილმისჯილი პირი 2021 წელს შეიპყრეს და დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, შეუზღუდეს ყველანაირი კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან და არ მისცეს ადვოკატის ყოლის უფლება.
ორგანიზაციაში „ჰენგაუ“ აცხადებენ, რომ ირანული სასამართლო უკვე ჩვეულებრივ იყენებს სასჯელის უმკაცრეს ზომას ქურთი პოლიტიკური აქტივისტების წინააღმდეგ, ერთნაირი ბრალდებებით, თითქოს აღიარებითი ჩვენებების საფუძველზე, რომლებიც მოპოვებულია დაკავებულთა წამების შედეგად.
2026 წლის იანვარში გამართული საპროტესტო აქციების შედეგად, რომლებიც ხელისუფლებამ ძალადობრივი, რეპრესიული გზით ჩაახშო, ირანის სამართალდამცველებმა ათასობით ადამიანი დახოცეს, ათიათასობით დემონსტრანტი კი დააკავეს, რომელთაც მკაცრი სასჯელი, მათ შორის სიკვდილით დასჯაც ემუქრებათ. მიმდინარე ომის განმავლობაშიც ხელისუფლებამ იანვრის პროტესტებში მონაწილე 7 ადამიანი ჩამოახჩო, ხოლო 26-ს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა.
