ვაშინგტონი გეგმავს შექმნას საერთაშორისო კოალიცია, რათა ჰორმუზის სრუტეში ხომალდების თავისუფალი გადაადგილება იყოს უზრუნველყოფილი.
თეთრი სახლის მაღალჩინოსნების თანახმად, ეს იდეა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეკუთვნის, რომელსაც საბრძოლო მოქმედებებზე მეტად შედეგიანი მიაჩნია ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური წნეხის გაზრდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, „საზღვაო თავისუფლების კოალიცია“ გადადგამს ყველა შესაბამის ნაბიჯს ხომალდების უსაფრთხო და სწრაფი გადაადგილებისთვის, საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით, თავად კოალიცია გარდაიქმნება დიპლომატიური ოპერაციების ცენტრად და ვაშინგტონში იქნება ბაზირებული.
ვიდრე ამერიკული მხარე ამ გეგმას ამუშავებს, დონალდ ტრამპი არსებული ვითარებით უკმაყოფილო არ ჩანს და აცხადებს, რომ თეირანი შეთანხმებას „სასოწარკვეთით ითხოვს“.
„ქვეყანაში ნამდვილად ყველაფერი კარგადაა, სამხედრო ოპერაციის მიუხედავად. მე მას ომს არ ვუწოდებ, სამხედრო ოპერაციას ვამჯობინებ. ირანს სასოწარკვეთით სურს შეთანხმების გაფორმება. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, თუმცა დეტალებს არ ჩავუღრმავდები, მაგრამ მათ არ უნდა ჰქონდეთ ბირთვული იარაღი.
მათი ფლოტი განადგურებულია, ისევე როგორც სამხედრო-საჰაერო ძალები. პრაქტიკულად ყველა აღჭურვილობა განადგურებულია - უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ქარხნების 82%, ხოლო რაკეტის მწარმოებელი ქარხნების 90% შეფერხებებით მუშაობს. ჩვენ მათზე მეტი რაკეტა ჩამოვაგდეთ. საკმაოდ უცნაურია, რაც მოხდა. მათ სურთ შეთანხმების გაფორმება.
B-2-ის ტიპის ბომბდამშენი რომ არ გვქონოდა, რომ არ შევჭრილიყავით და არ გაგვეკეთებინა ის, რაც გავაკეთეთ, მათ ბირთვულ შესაძლებლობებს ვერ გავანადგურებდით. ეს უნდა გაკეთებულიყო სხვა პრეზიდენტების ან ქვეყნების მიერ, ბევრად დიდი ხნით ადრე, ვიდრე მე მოვიდოდი ხელისუფლებაში.
ისინი ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან და მათთან არაფერი არ ხდება. ვგულისხმობ იმას, რომ ლიდერები აღარ ჰყავთ. ლიდერთა პირველი და მეორე ჯგუფები განადგურებულია. ახლა საქმე გვაქვს მესამე შემადგენლობასთან, თუმცა, ვნახოთ, რა იქნება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
საჯაროდ არა, თუმცა სახელმწიფო მედიის ტელეეთერით, ფოტოსურათის სახით გამოჩნდა ირანის უზენაესი ლიდერი.
საზოგადოებას მოჯთაბა ხამენეის განცხადება ირანული სამთავრობო მაუწყებლის დიქტორმა გააცნო, რომლის თანახმადაც ნათქვამია, რომ თეირანი დაიცავს საკუთარ „სარაკეტო და ბირთვულ შესაძლებლობებს“, ასევე ჰორმუზის სრუტეს, როგორც ეროვნულ ღირებულებებს.
„ალაჰის წყალობითა და სინათლის ძალით, სპარსეთის ყურის რეგიონის მომავალი იქნება მომავალი ამერიკის გარეშე, პროგრესის, კომფორტისა და ერის კეთილდღეობისადმი მიძღვნილი მომავალი.
ჩვენ და ჩვენი მეზობლები სპარსეთისა და ომანის ყურეების ორივე მხარეს საერთო ბედს ვიზიარებთ. უცხოტომელებისთვის, რომლებიც ათასობით კილომეტრის სიშორიდან ჩამოდიან ღვარძლისთვის, არსადაა ადგილი გარდა წყლის ფსკერისა.
90 მილიონი მამაცი და პატივსაცემი ირანელი ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ, ეროვნულ იდენტობაზე, სულისკვეთებაზე, მეცნიერებაზე, მრეწველობასა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ყველა ირანულ მიღწევას, ეროვნულ ღირებულებებად მიიჩნევს - დაწყებული ნანო და ბიოტექნოლოგიებით, ბირთვული და სარაკეტო პოტენციალით დასრულებული. ისინი დაიცავენ ამ ღირებულებებს ისევე, როგორც იცავენ ჩვენს ტერიტორიულ წყლებს, მიწასა და საჰაერო სივრცეს“, - ნათქვამია ირანის უზენაესი ლიდერის განცხადებაში, რომელსაც თეირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
ჰორმუზის სრუტის გასახსნელად აუცილებელი ღონისძიებების გატარების მიზნით, ერთი კოალიცია არსებობს, რომელსაც გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი ხელმძღვანელობენ და ამ ქოლგის ქვეშ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებენ.
გარდა ირანის გადაწყვეტილებისა, შეეზღუდა ხომალდების გადაადგილება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მარშრუტის გავლით, ირანული პორტების ბლოკადა ვაშინგტონმაც დაიწყო, ამიტომ ევროპელი მოკავშირეების მიზანი არის, საზღვაო გზა გახსნან ისე, რომ არ გააუარესონ ისედაც დაძაბული ტრანსატლანტიკური კავშირები.
