ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ესპანეთიდან და იტალიიდან ჯარების გაყვანას განიხილავს. მიზეზი მოკავშირეების წინააღმდეგობაა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ირანთან ომის ომის საკითხზე.
ერთი დღით ადრე მსგავსი განცხადება დონალდ ტრამპმა გერმანიასთან დაკავშირებითაც გააკეთა. ეს კი, თავის მხრივ, გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მიერ ტრამპის ადმინისტრაციის ომის სტრატეგიის კრიტიკას მოჰყვა.
„რატომ არ უნდა გავაკეთო ეს?“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც მოკავშირე ქვეყნებიდან სამხედროების ნაწილის გამოყვანას ეხებოდა. „იტალია არაფერში დაგვხმარებია, ესპანეთი კი საშინლად იქცევა“, - თქვა დონალდ ტრამპმა.
მანვე განაცხადა, რომ ირანში მიმდინარე ომი მთელ მსოფლიოს, მათ შორის ესპანეთს, იტალიასა და გერმანიასაც ეხმარება. მან ამ ქვეყნებს „ე. წ. მოკავშირეები“ უწოდა იმის გამო, რომ „ირანის ბირთვული საფრთხის აღმოსაფხვრელ“ ძალისხმევაში არ მონაწილეობენ.
„თქვენ გერმანიიდან სამხედროების გარკვეული ნაწილის შესაძლო გამოყვნაზე ისაუბრეთ. განიხილავთ იმავეს ესპანეთსა და იტალიაში? ისინი ხომ ბოლომდე არ გეთანხმებიან“, - ჰკითხეს ტრამპს.
„დიახ. ალბათ. ალბათ ამას გავაკეთებ. რატომ არ უნდა ვქნა? იტალია ჩვენ არაფრით დაგვხმარებია და ესპანეთი საერთოდ საშინლად იქცევა. ნატო... საუბარი იმაზეც კი არაა, რომ ისინი ცუდები არიან. ერთია თუ პატიოსნად გვეტყოდნენ: „კარგით, დაგეხმარებით, ნელ-ნელა“. ჩვენ მათ უკრაინასთან დაკავშირებით ვეხმარებით. მათ უკრაინაში სრული ქაოსი მოაწყეს და მაინც ვეხმარებით. როგორც იცით, ჩვენ ოკეანე გვყოფს“, - უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, გერმანიაში 36 436 ამერიკელი სამხედრო იყო განთავსებული, იტალიაში - 12 662, ხოლო ესპანეთში - 3 814. უცნობია, რა მასშტაბის შემცირებას განიხილავს დონალდ ტრამპი, როცა ამ ქვეყნებიდან სამხედროების გაყვანაზე საუბრობს.
