კატეგორიები

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ბერლინში ყაზახეთის მოქალაქე დააკავეს

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ბერლინში ყაზახეთის მოქალაქე დააკავეს
Adam Berry/Getty Images
რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ბერლინში ყაზახეთის მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ეჭვმიტანილს რუსი კურატორი ჰყავდა, რომელსაც პერიოდულად გადასცემდა დაზვერვიდან მოპოვებულ ინფორმაციას უკრაინისთვის გერმანული სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ, ასევე აწვდიდა ავტომაგისტრალებზე მოძრავი NATO-ს სამხედრო კოლონების გადაადგილების ფოტომასალებს და უთითებდა სავარაუდო სამიზნეებს დივერსიული აქტების განსახორციელებლად.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის ცნობით, ჯაშუშობაში ბრალდებული პირი, რუსულ სპეცსამსახურებთან, სულ მცირე გასული წლის მაისიდან იყო მუდმივ კავშირზე, რითაც ეხმარებოდა მოსკოვის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობებს, მიეღოთ ევროპული უსაფრთხოებისთვის საფრთხისშემცველი გადაწყვეტილებები.

გამოძიება ყაზახეთის მოქალაქეს ასევე ედავება რუსული სადაზვერვო სამსახურისთვის გერმანიის შიდა სამხედრო ინფორმაციის გადაცემას იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე, რომლებიც უპილოტო საფრენ აპარატებსა და რობოტექნიკას აწარმოებენ.

ბერლინის ცნობით, გერმანიაში საბოტაჟის მოწყობისა და ჯაშუშობისთვის დაკავებული პირი სხვა აგენტების მოძებნასაც ცდილობდა, თუმცა უცნობია, მოასწრო თუ არა მან სხვა პირების ან პირთა ჯგუფის გადმობირება.

კიევის ერთ-ერთმა მთავარმა სამხედრო მოკავშირემ უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, არაერთხელ შეძლო რუსეთის სასარგებლოდ სავარაუდო ჯაშუშური, დივერსიული და დეზინფორმაციული შემთხვევების გახსნა.

გასულ კვირას ბერლინმა მოსკოვი კიბერთავდასხმების მოწყობის მცდელობაშიც დაადანაშაულა, რომლებიც, გერმანიის ხელისუფლების ცნობით, საკომუნიკაციო პლატფორმა Signal-ის მომხმარებელი დეპუტატებისა და მაღალჩინოსნების პირადი ინფორმაციისა და დაშიფრული მიმოწერების მოსაპოვებლად იყო მიმართული, რისთვისაც რუსული მხარე ე.წ. „ფიშინგის“ მეთოდს იყენებდა.

მოსკოვი ამ ბრალდებებს ყოველთვის უარყოფდა, ისევე როგორც ნებისმიერ კავშირს ევროპაში აგენტურული ქსელის განვითარებასთან დაკავშირებით.

საპასუხოდ, კრემლი დასავლურ სახელმწიფოებს აბრალებდა ჯაშუშობას მათ წინააღმდეგ და მარტის ბოლოს ბრიტანელ დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის კონტრ-დაზვერვის დეპარტამენტში ამტკიცებენ, რომ მოსკოვში დიდი ბრიტანეთის საელჩოს რანგით მეორე მდივანი არაფორმალურ შეხვედრაზე რუსეთის ეკონომიკის შესახებ მგრძნობიარე ინფორმაციას აგროვებდა.

დაკავშირებული ამბები
აშშ გერმანიაში სამხედრო კონტინგენტის შემცირებაზე ფიქრობს FB: ჩრდილოეთ ლონდონში ებრაული წარმომავლობის ორი მამაკაცი დანით დაჭრეს