კატეგორიები

პეტერ მადიარი ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს შეხვდა

პეტერ მადიარი ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს შეხვდა
Copyright Euronews
ბრიუსელში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრების შემდეგ, უნგრეთის ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტში იმედიანად ბრუნდება.

ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებთან პეტერ მადიარის განხილვის მთავარი საკითხი იყო ევროკავშირის იმ მილიარდობით ევროს ოდენობის ფინანსური აქტივების განბლოკვის გზები, რომლებიც ახლა უნგრეთის ჯერ კიდევ მოქმედი ხელისუფლების მხრიდან კანონის უზენაესობასა და კორუფციასთან დაკავშირებული ქმედებების გამოა დაბლოკილი.

ბუდაპეშტი დაახლოებით 10 მილიარდი ევროს დაკარგვის საფრთხის წინაშეც დგას იმ სახსრებიდან, რომლებიც გლობალური პანდემიის შედეგებით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის საბოლოოდ აღმოსაფხვრელად არის მიმართული. ეს საფრთხე რეალობად იქცევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უნგრული მხარე უარს იტყვის შესაბამისი შეთანხმების გაფორმებაზე, რომლის საბოლოოდ ვადა აგვისტოში იწურება, თუმცა, ვიქტორ ორბანის მთავრობისგან განსხვავებით, პეტერ მადიარის მინისტრთა კაბინეტი ამ ნაბიჯის გადასადგმელად მზად არის.

„ევროკომისიის თავმჯდომარესთან საკმაოდ კონსტრუქციული და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა. ჩვენ შევთანხმდით, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის რანგში ბრიუსელში დავბრუნდები 25 მაისის კვირაში, რათა დავასრულოთ პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ უნგრეთმა და უნგრელმა ხალხმა ევროკავშირისგან რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ მათთვის განკუთვნილი სახსრები.

მინდა, დავარწმუნო ყველა, რომ ევროკავშირი თავს არ გვახვევს არანაირ პირობას, რომელიც ეწინააღმდეგება უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს.

ორი სიტყვით: ევროკავშირის სახსრები მალე მიეწოდება უნგრეთს, რაც მოგვცემს საშუალებას, ბიძგი მივცეთ უნგრული ეკონომიკის განვითარებას და უზრუნველვყოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია ქვეყნის გამართული ფუნქციონირებისთვის“, - დაწერა პეტერ მადიარმა პლატფორმა X-ზე.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ბრიუსელი მზად არის აქტიური თანამშრომლობისთვის, რათა ბუდაპეშტმა რაც შეიძლება სწრაფად დაიბრუნოს მისი კუთვნილი აქტივები და ის დახმარება, რომელიც ვიქტორ ორბანის პრემიერ-მინისტრობისას შეჩერდა.

უნგრეთი ევროგაერთიანების წევრი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ჯერ კიდევ ელის SAFE-ის თავდაცვისა და უსაფრთხოების მასშტაბური გეგმის დაკმაყოფილებას, რომელიც 16 მილიარდი ევროს ოდენობის ევროპული კრედიტებიდან ფინანსდება.

მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელში ჩასვლაზე უარს არც ვიქტორ ორბანი ამბობდა და, სხვა ევროპელი ლიდერების მსგავსად, ისიც მონაწილეობდა ევროკავშირის ეგიდით გამართულ შეხვედრებზე, მისი 16-წლიანი მმართველობისას, ბუდაპეშტსა და ევრობლოკს შორის დიპლომატიური კავშირები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.

უნგრეთი ეწინააღმდეგებოდა საერთო ევროპულ ერთიანობას უკრაინასთან მიმართებით, რითაც დასავლელი პოლიტიკოსების თქმით, თან „რუსულ საქმეს აკეთებდა“ და თან უნგრელი ხალხის ინტერესებს აზიანებდა.

12 აპრილის არჩევნების შედეგად არჩეული პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილებას ოფიციალურად ევროპის დღეს, 9 მაისს შეუდგება.

დაკავშირებული ამბები
აშშ გერმანიაში სამხედრო კონტინგენტის შემცირებაზე ფიქრობს FB: ჩრდილოეთ ლონდონში ებრაული წარმომავლობის ორი მამაკაცი დანით დაჭრეს