კატეგორიები

დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ესაუბრა

დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ესაუბრა
დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, უმეტესად უკრაინაზე, თუმცა ასევე ირანზეც, რუსეთის პრეზიდენტთან „ხანრგრძლივი“ და „ძალიან კარგი“ საუბარი ჰქონდა.

ტრამპი ამბობს, რომ პუტინმა მას ირანის გამდიდრებული ურანის საკითხის მოგვარებაში დახმარება შესთავაზა. „ვუთხარი, რომ, მირჩევნია უკრაინის ომის დასრულებაში ჩარეთოს“, - გამოუცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მედიას ოვალურ ოფისში.

„მან მითხრა, რომ ურანის გამდიდრების საკითხზე პროცესში ჩართვა სურს, თუკი მის მიღებაში დახმარება შეუძლია. მე ვუთხარი, რომ ბევრად მირჩევნია, უკრაინის ომის დასრულებაში იყოს ჩართული. ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ამას მაინც მივაღწევთ. ნახეთ: ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. მათი საზღვაო და საჰაერო ძალები გავანადგურეთ, გავანადგურეთ მათი საჰაერო თავდაცვის სისტემა. გავანადგურეთ ყველაფერი, რაც ჰქონდათ. მათი რადარები. ძალიან ცოტა რამ დარჩათ. აქვთ გარკვეული რაოდენობის რაკეტები - მცირე პროცენტი. ასევე, დარჩენილი აქვთ რაკეტების წარმოების ობიექტების მცირე ნაწილი. დაახლოებით 80 პროცენტი გავანადგურეთ. დანარჩენის განადგურებაც ძალიან სწრაფად შეიძლება, თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ. მათ ბირთვული იარაღი არ ექნებათ. ეს იციან. ეს ფაქტობრივად ყველამ იცის. ცოტათი ამ თემაზეც ვისაუბრეთ. არც მას სურს, რომ ირანს  ბირთვული იარაღი ჰქონდეს. პუტინთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა. მე მცირე ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზე და ვფიქრობ, შეიძლება ამას დათანხმდეს. შესაძლოა ამასთან დაკავშირებით რამე გამოაცხადოს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ხოლო კითხვას იმის შესახებ, ირანში უფრო მალე დასრულდება ომი თუ უკრაინაში, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ არ იცის და რომ ეს შესაძლოა ერთდროულადაც მოხდეს.

„უფრო მეტად უკრაინის ომზე ვისაუბრეთ, თუმცა მას დახმარება სურს. მე ვუთხარი - სანამ დამეხმარები, მინდა შენი ომი დავასრულოთ. კარგი საუბარი გვქონდა. დიდი ხანია ვიცნობ მას. ვფიქრობ, ადრეც მზად იყო შეთანხმებისთვის. მგონია, რომ ზოგიერთმა გაურთულა შეთანხმების მიღწევა“, - თქვა ტრამპმა.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ლიდერებს შორი სატელეფონო საუბარს დადებითად აფასებენ მოსკოვშიც. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის თანახმად, კომუნიკაცია საათ-სახევარს გაგრძელდა და „მეგობრული, გულწრფელი და საქმიანი“ იყო. იური უშაკოვი ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლების ქმედებებს ორივე ლიდერი „არსებითად ერთნაირად“ აფასებს.

„რუსეთი მტკიცედ არის განწყობილი, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც მიზნად კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას ისახავს. ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებული უთანხმოებების გადაჭრისთვის მან უკვე არაერთი წინადადება წარადგინა. ამ მიზნით, ირანის წარმომადგენლებთან, სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებთან, ასევე ისრაელთან და, რა თქმა უნდა, ამერიკულ მოლაპარაკებების გუნდთან აქტიური კომუნიკაცია გაგრძელდება.

ვლადიმირ პუტინმაც და დონალდ ტრამპმაც არსებითად მსგავსი შეფასებები გამოთქვეს კიევის რეჟიმის ქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც ზელენსკი უძღვება და რომელიც ევროპელი პარტნიორების წაქეზებითა და მხარდაჭერით, კონფლიქტის გაჭიანურების სტრატეგიას მიჰყვება. რუსეთის ლიდერმა პირდაპირ განაცხადა, რომ კიევი აშკარად ტერორისტულ მეთოდებს მიმართავს, მათ შორის, რუსეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო ობიექტებზე იერიშით“, - ამბობს რუსეტის პრეზიდენტის თანაშემწე.

ამასთან, იური უშაკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინმა მზადყოფნა გამოთქვა ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს.

მისი განმატებით, პუტინმა ტრამპს ისიც განუცხადა, რომ ირანის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაცია „სრულიად მიუღებელი და სახიფათოა“.

დაკავშირებული ამბები
დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ესაუბრა „დღეისთვის საავიაციო საწვავის დეფიციტის არანაირი ნიშანი არ გვაქვს“ - ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში