კრემლი მალიში განხორციელებულ თავდასხმებს „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას“ უწოდებს.
აფრიკული ქვეყნის მმართველი სამხედრო ხუნტის მთავარი მოკავშირე რუსეთი კვლავ „ყველა საჭირო დახმარების გაწევის“ პირობით გამოდის და აცხადებს, რომ მზად არის კავშირების კიდევ უფრო მაღალ დონეზე განსამტკიცებლად.
კონფლიქტის ესკალაციის ზრდის ფონზე სამხედრო ხუნტის ლიდერი რუს დიპლომატს, იგორ გრომიკოს შეხვდა, რომელიც მალიში ელჩის მოვალეობას ასრულებს. მხარეთა მტკიცებით, 25-26 აპრილს განვითარებული მოვლენები „გარე ძალების მიერ წახალისებული და დაფინანსებულია“.
„ეს თავდასხმები არ არის ერთეული შემთხვევები, არამედ წარმოადგენს დესტაბილიზაციის კამპანიის მეტად ფართო ნაწილს, რომელიც შემუშავებულია და განხორციელებულია შეიარაღებული ტერორისტული დაჯგუფებებისა და მათი შიდა თუ გარე სპონსორების მიერ. სწორედ ისინი აწვდიან მათ სადაზვერვო და მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას.
ამ ვითარებაში უზომოდ ვაფასებ საჰელის რეგიონის სახელმწიფოებს შიგნით მოქმედებების სინერგიას, რომელთა გაერთიანებული ძალები დაუღალავად მუშაობენ ჩვენს რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად.
მსურს აღვნიშნო თანამშრომლობის ხარისხი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, განსაკუთრებით კი რუსეთის ფედერაციასთან“, — განაცხადა მალის სამხედრო ხუნტის ლიდერმა, ასიმი გოიტამ.
სეპარატისტული დაჯგუფება „აზავადის გათავისუფლების ფრონტი“ აცხადებს, რომ მათმა მებრძოლებმა საბოლოოდ აიღეს ქალაქი კიდალი და იქ განლაგებული რუსული სამხედრო ძალებიც განდევნეს, რისი გადამოწმებაც რთულდება.
მსგავს სტრატეგიულ მარცხს მოსკოვი, როგორც წესი, არ აღიარებს, თუმცა ექსპერტების თქმით, მოვლენათა ასეთი განვითარება შეიძლება ჩაითვალოს რუსეთის თავდაცვის ძალების დანაყოფის, ე.წ. „აფრიკული კორპუსის“ „სერიოზულ კრახად“.
მათივე შეფასებით, მოსკოვისთვის ეს დამაზიანებელია როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, მით უმეტეს, რომ გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე კრემლი მოკავშირეებს კარგავს, მალიში კი სამხედროებიც დაკარგა, რამდენი — უცნობია.
რუსული მხარე მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდება პროცესებს და რომ „მშვიდობის მომხრეა“.
„რაც შეეხება „აფრიკულ კორპუსს“, ეს საკითხი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და გირჩევთ, თქვენი კითხვები სწორედ ამ უწყებაში მიმართოთ. ჩემი მხრიდან, უკიდურესად მნიშვნელოვნად ვთვლით, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს მშვიდობა და სტაბილური წესრიგი“, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.
მალის ამჟამინდელი მმართველობა, ანუ სამხედრო ხუნტა, ხელისუფლებაში 2020 და 2021 წლების სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოვიდა, რის შემდეგაც მოსკოვმა აფრიკულ ქვეყანასთან ურთიერთობების ჩამოყალიბება გადაწყვიტა.
სწორედ ამის შედეგია ადგილზე რუსული სამხედროების განლაგება, რომლებიც, კრემლის წარმომადგენლების მტკიცებით, 25-26 აპრილის თავდასხმების დროსაც „ეფექტურად ებრძოდნენ მოწინააღმდეგეს“.
რუსული მხარის ცნობით, ტერორისტულ დაჯგუფებებთან — „ალ-ქაიდასა“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული 12 000-მდე პირი სხვადასხვა საბრძოლო საშუალებას იყენებდა „აფრიკული კორპუსისა“ და მალის უსაფრთხოების ძალების გასანეიტრალებლად.
