გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-მ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში კონგრესს სიტყვით მიმართა და შეახსენა, რომ NATO-მ კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი ისტორიაში ერთადერთხელ, 11 სექტემბრის შემდეგ აამოქმედა. მან ამერიკელებს გაახსენა ეპიზოდები, როცა მოკავშირეები საერთო უსაფრთხოებისთვის მხარდამხარ იბრძოდნენ და განაცხადა, რომ ახლა „ასეთივე გამბედაობა უკრაინისა და მისი გამორჩეულად მამაცი ხალხის დასაცავად არის საჭირო“.
ისტორიულ სიტყვაში მონარქმა ბრიტანულ-ამერიკული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ განსხვავებების მიუხედავად, ორი ქვეყანა საკვანძო საკითხებში ერთიანია.
ამასთან, მეფემ ხაზი იმასაც გაუსვა, რომ ბრიტანულ-ამერიკული ალიანსი „მხოლოდ წარსულ მიღწევებს ვერ დაეყრდნობა“. კონგრესში გამოსვლისას მან დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტრამპის მიერ მკაცრად გაკრიტიკებული კირ სტარმერის სიტყვები მოიშველია და თქვა, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა შეუცვლელია და რომ ის, რაც მოკავშირეებს ბოლო 80 წლის განმავლობაში აძლიერებდათ, დავიწყებას არ უნდა მიეცეს.
„11 სექტემბრის შემდეგ, როცა ნატომ პირველად აამოქმედა მეხუთე მუხლი და გაეროს უშიშროების საბჭო ტერორის წინააღმდეგ ერთიანი იყო, ჩვენ ამ გამოწვევას ერთად ვუპასუხეთ — ისე, როგორც ჩვენი ხალხები ამას საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში აკეთებდნენ: მხარდამხარ ორ მსოფლიო ომში, ცივი ომის პერიოდში, ავღანეთში და იმ მომენტებში, რომლებმაც ჩვენი საერთო უსაფრთხოება განსაზღვრა. დღეს კი, ბატონო სპიკერო, ასეთივე ურყევი გამბედაობაა საჭირო უკრაინისა და მისი გამორჩეულად მამაცი ხალხის დასაცავად.
ჩვენ დიდი გაურკვევლობის ჟამს ვხვდებით ერთმანეთს — კონფლიქტების პერიოდში ევროპიდან ახლო აღმოსავლეთამდე. ეს საერთაშორისო საზოგადოებას უდიდეს გამოწვევებს უქმნის და ამის გავლენა ჩვენი ქვეყნების თითოეულ კუთხეში იგრძნობა. ასევე, ჩვენ ერთმანეთს იმ ინციდენტის შემდეგ ვხვდებით, რომელიც ამ დიდებული შენობიდან არც თუ ისე შორს მოხდა და მიზნად თქვენი ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის ზიანის მიყენებასა და კიდევ უფრო დიდი შიშისა და უთანხმოების გაღვივებას ისახავდა. მსურს ურყევი სიმტკიცით ვთქვა: ასეთი ძალადობრივი ქმედებები ვერასდროს იქნება წარმატებული.
რამდენადაც არ უნდა განვსხვავდებოდეთ ერთმანეთისგან, როგორიც არ უნდა იყოს ჩვენ შორის არსებული უთანხმოებები, ჩვენ ერთიანები ვართ დემოკრატიის დაცვისა და ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფისადმი ერთგულებაში და მათ პატივისცემაში, ვინც ჩვენი ქვეყნების სამსახურში საკუთარ სიცოცხლეს ყოველდღიურად რისკავს. დღეს, როცა აქ ვდგავარ, შეუძლებელია საკუთარ მხრებზე ისტორიის სიმძიმეს არ ვგრძნობდე, რადგან ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების თანამედროვე ურთიერთობა არა მხოლოდ 250 წელს, არამედ ოთხ საუკუნეზე მეტს მოიცავს. არაჩვეულებრივია იმაზე ფიქრი, რომ მე მეცხრამეტე ვარ ჩვენს მონარქებს შორის, რომელიც ყოველდღიურად აკვირდება ამერიკის საქმეებს. დღეს აქ მოვედი უდიდესი პატივისცემით შეერთებული შტატების კონგრესის მიმართ — დემოკრატიის ამ ციტადელის მიმართ, რომელიც ამერიკელი ხალხის ხმის წარმოსაჩენად და მათი წმინდა უფლებებისა და თავისუფლებების გასაძლიერებლად შეიქმნა. დებატებისა და განხილვის ამ სახელგანთქმულ დარბაზში საუბრისას არ შემიძლია არ გავიხსენო ჩემი გარდაცვლილი დედა, დედოფალი ელიზაბეთი, რომელსაც ასევე მიენიჭა ეს განსაკუთრებული პატივი და 1991 წელს თავისუფლების ქანდაკების ფხიზელი თვალის ქვეშ წარმოთქვა სიტყვა. დღეს, ჩვენი ერების ცხოვრებაში ამ მნიშვნელოვან მომენტში, აქ ვარ, რათა ამერიკის შეერთებული შტატების ხალხის მიმართ ბრიტანელი ხალხის უდიდესი პატივისცემა და მეგობრობა გამოვხატო“, — განაცხადა გაერთიანებული სამეფოს მონარქმა.
კონგრესში სიტყვით გამოსვლის შემდეგ მეფე ჩარლზისა და დედოფალ კამილას პატივსაცემად თეთრ სახლში ვახშამი გაიმართა. აქ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც მანამდე ისიც განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებს ბრიტანელებზე ახლო მეგობარი არ ჰყოლია, ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და მეფე ჩარლზის მიმართ კვლავ დიდი პატივისცემა გამოხატა.
„დღეს საღამოს, ჩვენი სანუკვარი დამოუკიდებლობის 250-ე წელს, ჩვენი ბრიტანული მემკვიდრეობის სიმბოლოს მივმართავთ და გულწრფელ მადლობას ვეუბნებით ჩვენს მეგობრებს — გაერთიანებულ სამეფოს, იმ უმდიდრესი მემკვიდრეობისთვის, რაც კი ოდესმე ერთ ერს მეორისთვის მიუნიჭებია. დაე, ჩვენი ორი ქვეყანა სამუდამოდ იდგეს ერთად — თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვისა და ღვთის დიდებისთვის. ქალბატონებო და ბატონებო, გთავაზობთ სადღეგრძელოს ამერიკული თავისუფლების 250 წლისა და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დიდებული ადამიანის — მისი უდიდებულესობის, მეფე ჩარლზ III-ის პატივსაცემად“, — თქვა დონალდ ტრამპმა.
ჩარლზ III-ის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ლონდონისა და ვაშინგტონის ურთიერთობებისთვის განსაკუთრებით რთულ პერიოდს ემთხვევა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შორის ბოლო თვეებში ურთიერთობა მნიშვნელოვნად გამწვავდა. მიზეზი დონალდ ტრამპის მიერ ირანის ომისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების მცდელობაზე კირ სტარმერის წინააღმდეგობა იყო.
მეფე ჩარლზი ვაშინგტონში ორშაბათს დედოფალ კამილასთან ერთად ჩავიდა. სამეფო წყვილი ვიზიტის ფარგლებში ნიუ-იორკსა და ვირჯინიასაც ეწვევა.
