ევროკავშირმა ისრაელი გააფთრხილა, რომ ბლოკი სანქციებს დაუწესებს ისრაელის იმ მოქალაქეებსა და სტრუქტურებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოპარული მარცვეულით ვაჭრობას უწყობენ ხელს.
ევროკავშირმა ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ისრაელის ქალაქ ჰაიფაში უკრაინული მარცვლეულით დატვირთული კიდევ ერთი გემი ჩავიდა.
ევროკომისიის სპიკერის თქმით, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემს, რომელსაც უკრაინიდან მოპარული მარცვლეული გადაჰქონდა, ისრაელის ჰაიფის პორტში გადმოტვირთვის ნებართვა მისცეს. ევროკავშირმა ყველა ის ქმედება დაგმო, რომლებიც რუსეთის უკანონო ომის დაფინანსებასა და ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას უწყობს ხელს. ევროკომისიის პრესპიკერის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ისინი მზად არიან, გარკვეული პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ სანქციები დააწესონ. საკითხთან დაკავშირებით კომისიამ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსაც მიმართა.
ჰაიფის პორტში ჩასულ გემს, სახელწოდებით Panormitis, რომელიც პანამის დროშის ქვეშ დაცურავს, დაახლოებით 6200 ტონა ხორბალი და 19000 ტონა ქერი გადაჰქონდა. გემიდან ტვირთი ჯერ კიდევ არ დაცლილა. მიმდინარე თვეს ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ისრაელში უკრაინიდან მოპარული ტვირთის დაცლის ნებართვა გასცეს, რამაც უკრაინისა და ისრაელის ურთიერთობები დააზარალა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელს მოუწოდებს, უარი თქვას რუსული გემის მიღებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინის მთავრობა ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, დაიწყებს შესაბამისი სანქციების მომზადებას იმ კერძო პირებისა და სტრუქტურების წინააღმდეგ, რომლებიც ამ კრიმინალური სქემიდან მოგების მიღებას ცდილობენ. კიევმა ბრიუსელსაც მიმართა, გამოიყენოს ყველა შესაძლო ინსტრუმენტი, რომ მოსკოვის მიერ მოპარული მარცვლეულის გლობალური გაყიდვები მაქსიმალურად შეაფერხოს.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საარის განაცხადებით, გემი Panormitis შემოწმებას გაივლის. ეროვნული უწყებები კი კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.
„ცხადია, ჩვენ ვგობთ მსგავს „ტვიტერის დიპლომატიას“. ახლა ფაქტებზე გადავიდეთ. ჩვენი სამინისტროს გენერალური დირექტორი დღეს უკვე ესაუბრა ისრაელის საგადასახადო სამსახურს, რომელმაც დაიწყო საკითხის შესწავლა. როცა რამეს იკვლევ, ფაქტებს ამოწმებ. გემი პორტში ჯერ არ შესულა და დოკუმენტებიც ჯერ არ წარუდგენია. შეუძლებელია, გადამოწმდეს უკრაინის ბრალდებები სატვირთო დოკუმენტების გაყალბების შესახებ. ამ დრომდე უკრაინის მთავრობას სამართლებრივი დახმარების მოთხოვნა არ წარმოუდგენია“, - განაცხადა გიდეონ საარმა.
უკრაინული მარცვლეულის მითვისების გამო ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებს სანქციები უკვე დაუწესა. 2024 წელს კი ბლოკმა რუსეთიდან და ბელარუსიდან შემოსულ მარცვლეულზე ტარიფები დააწესა, რომ მოპარული პროდუქტით ვაჭრობა შეეზღუდა. თუმცა ახლა ისრაელის მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესება უფრო რთული იქნება. ამ გადაწყვეტილებას 27 წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი მხარდაჭერა სჭირდება. ისრაელთან მიმართებაში კი წევრ ქვეყნებს განსხვავებული პოზიცია აქვთ.
გასული თვეების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე, ევროკავშირსა და ისრაელს შორის ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა. ლიბანში ისრაელის სამხედრო ოპერაციამ და ისრაელის მთავრობის გადაწყვეტოლებამ, მიიღოს კანონი, რომელიც პალესტინელების სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს, ევროკავშირში განაახლა საუბარი ევროკავშირი–ისრაელის ასოცირების შეთანხმების შესაძლო შეჩერებაზე.
წევრი სახელმწიფოები; ესპანეთი, ირლანდია და სლოვენია ისრაელის ამ ქმედებების საპასუხოდ შესაბამისი ზომების მიღებას ითხოვენ. თუმცა გერმანია და იტალია თავს იკავებენ. მათ პოზიციას სხვა წევრი სახელმწიფოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.
