„დღევანდელი მდგომარეობით, საავიაციო საწვავის დეფიციტის არანაირი ნიშანი არ გვაქვს“, - განაცხადა ევროკომისარმა ტრანსპორტისა და ტურიზმის საკითხებში, აპოსტოლოს ციციკოსტასმა. მოგზაურებს მოუწოდა, არ გადადონ დაგეგმილი მოგზაურობები და არც ახალი გეგმებისგან შეიკავონ თავი. მისი თქმით, ნებისმიერი შეფერხების შემთხვევაში მათ ევროკავშირის კანონმდებლობა დაიცავს.
ევროკომისარმა ისიც განმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში რეალური პრობლემა თავს უფრო ადრე იჩენს, ვიდრე ეს მოსალოდნელია.
„მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ცუდი სცენარისთვის უნდა მოვემზადოთ, ზედმეტად ნეგატიურ და საგანგაშო გზავნილებს, რომლებიც მოგზაურთა შორის დაბნეულობას ან პანიკას იწვევს, უნდა მოვერიდოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველანი მაქსიმალურად ვცდილობთ წინასწარ განვჭვრიტოთ და შევაკავოთ ამ ძალიან რთული სიტუაციის გავლენა. თუმცა, თუ ჩვენი მოქალაქეები ან პოტენციური ტურისტები მესამე ქვეყნებიდან საკმარისად დარწმუნებულები არ არიან, რომ მოგზაურობა და დასვენება დაგეგმონ, კრიზისი უფრო მალე დაგვატყდება თავს, ვიდრე გვგონია. ეს თავიდან უნდა ავიცილოთ. ჩვენი, ევროკავშირის კანონმდებლობა მგზავრებსა და მოგზაურებს ნებისმიერ სცენარში იცავს. მათ შეუძლიათ მშვიდად დაგეგმონ ზაფხული, იმის გათვალისწინებით, რომ შეფერხების შემთხვევაში დაცულები იქნებიან“, - თქვა ევროკომისარმა.
აპოსტოლოს ციციკოსტასმა ეს განცხადება კვიპროსში, ევროკავშირის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრაზე გააკეთა.
მან თქვა, რომ ევროკავშირი საავიაციო საწვავთან დაკავშირებული რისკების მართვისთვის გეგმას მომავალ კვირაში წარადგენს.
