არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადა, რომ 1 მაისიდან OPEC-ს დატოვებს. ნავთობის კარტელს გამოაკლდება ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი, რაც, თავის მხრივ, უფრო მეტად შეასუსტებს ორგანიზაციის ზეგავლენას გლობალური ნავთობის მარაგსა და ფასებზე.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებმი განმარტეს, რომ მათ გადაწყვეტილება ქვეყნის წარმოების პოლიტიკისა და მისი ამჟამინდელი და სამომავლო სიმძლავრეების ყოვლისმომცველი მიმოხილვის საფუძველზე მიიღეს და ის ეფუძნება მათ ეროვნულ ინტერესებსა და ვალდებულებას, ეფექტურად შეიტანონ წვლილი მსოფლიო ბაზრის აქტუალური საჭიროებების დაკმაყოფილებაში.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაბიჯი, გავიდეს მსოფლიოში უდიდესი ნავთობმწარმოებლების ალიანსიდან და თავად მიიღოს გადაწყვეტილებები საუდის არაბეთისა და OPEC-ის სხვა წევრებისგან დამოუკიდებლად, მძიმე დარტყმას აყენებს ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებს, რომლებიც გლობალური ნავთობის მიწოდების მესამედს აწარმოებენ. ეს ასევე მიანიშნებს გლობალური ენერგეტიკული ურთიერთქმედებების ფუნდამენტურ რეფორმაზე, იმ დროს, როდესაც მწვავდება გლობალური ენერგეტიკული კრიზისი ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გამო.
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, რომელმაც ირანული რაკეტებისა და დრონებისგან მძიმე დარტყმა მიიღო, ადრეც გააკრიტიკა OPEC-ის წევრები, რომლებიც საკმარისად არ უჭერდნენ მხარს ირანის მიერ სპარსეთის ყურის სახელმწიფოზე თავდასხმების დროს.
გლობალური ენერგეტიკული კრიზისის ფონზე ბაზრების დასამშვიდებლად არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადა, რომ გააგრძელებენ პასუხისმგებლობით მოქმედებას. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ეს გადაწყვეტილება ამტკიცებს ქვეყნის უნარს, უპასუხოს ბაზრის ცვალებად მოთხოვნებს.
ამ გადაწყვეტილების შესახებ მანამდეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რადგან ბოლო წლებში ქვეყენამ უარი თქვა OPEC-ის წარმოების კვოტებზე, რომლებიც, მათი აზრით, ძალიან დაბალი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მას არ შეეძლო მსოფლიოსთვის იმდენი ნავთობის მიყიდვა, რამდენიც სურდა.
არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომელიც OPEC-ს 1967 წელს აბუ-დაბის საემიროთი შეუერთდა, 28 თებერვალს აშშ-ისრაელის ომის დაწყებამდე დღეში დაახლოებით 3.4 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს მოიპოვებდა.
ანალიტიკოსების თქმით, მას აქვს დღეში დაახლოებით 5 მილიონი ბარელის წარმოების შესაძლებლობა.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები ასევე დატოვებს უფრო ფართო OPEC+ ჯგუფს, რომელსაც ნავთობის ფასების სტაბილიზაციისთვის რუსეთი ხელმძღვანელობდა.
