პოლონურ-ბელარუსული წარმოშობის ჟურნალისტი, ანდჟეი პოჩობუტი ბელარუსის ციხიდან გაათავისუფლეს და ის უკვე პოლონეთის ტერიტორიაზეა. აზრის თავისუფლებისთვის სახაროვის პრემიის მფლობელს ორი ქვეყნის საზღვართან პირადად პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი დახვდა.
„როდესაც გადავეხვიე, მან პირდაპირ მკითხა, და ეს მართლაც საოცარი იყო, შეძლებდა თუ არა დაბრუნებას, როცა მოისურვებდა. ვუთხარი, რომ დღეიდან ის სრულიად თავისუფალი ადამიანია. თავად გადაწყვეტს მომავალს და ჩვენ სრულ მხარდაჭერას გამოვუთქვამთ ყველაფერში. ის ძალიან მტკიცე და გაბედული ადამიანია, აშკარაა, რომ არ აპირებს უარის თქმას თავის საქმიანობაზე, რომელსაც ამდენი წელი, ფაქტობრივად, მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა“, — აღნიშნა დონალდ ტუსკმა.
ჟურნალისტსა და აქტივისტს პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას რეჟიმი ეთნიკური შუღლის გაღვივებასა და ბელარუსის უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრას ედავებოდა, რის გამოც 8 წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს. ვარშავისთვის ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმე იყო და პოჩობუტის დახსნისთვის დიპლომატიურ ძალისხმევას არ იშურებდა. საბოლოოდ საქმე აშშ-ის ჩართულობამ გადაწყვიტა, რომლის სპეციალური წარმომადგენლებიც ბელარუსის ლიდერს ბოლო მოლაპარაკებებისას დაუახლოვდნენ და ის ცნობილი ჟურნალისტისა და კიდევ რამდენიმე პირის გათავისუფლებაში დაარწმუნეს. ამის გამო ვაშინგტონმა ვარშავასგან არაერთი მადლობა მიიღო.
„ჩემი გუნდი ერთ წელზე მეტია მუშაობდა ბელარუსიდან პატიმრების გამოსაყვანად. ჯერჯერობით 500 ადამიანი გათავისუფლდა, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც ალექსანდრ ლუკაშენკასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი, ვახსენებდი თქვენს ადამიანებსაც. მათ გათავისუფლებაზე დიდი წინააღმდეგობა გვხვდებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, როცა ლუკაშენკოსთან ჩვენი ურთიერთობა გაუმჯობესდა, საბოლოოდ ეს შესაძლებელიც გახდა“, — თქვა აშშ-ის წარმომადგენელმა ჯონ კოალიმ.
გაცვლილ პატიმართა ვინაობა სრულად არ დასახელებულა, ნაწილი მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი. კიდევ ერთი პირი, რომელიც პოლონეთმა მიიღო, მოძღვარია კრაკოვიდან, რომელსაც მინსკმა შპიონაჟის ბრალდება წარუდგინა. თავად ბელარუსმა კი გაცვლის სანაცვლოდ რუსი არქეოლოგი, ალექსანდერ ბუტიაგინი მიიღო, რომელზეც უკრაინას ძებნა ჰქონდა გამოცხადებული და კიევში მისი ექსტრადირების პროცესიც დაწყებული იყო. მას კიევი ანექსირებულ ყირიმში არაავტორიზებული გათხრებისა და ისტორიული არტეფაქტების ძარცვაში ადანაშაულებდა. ის პოლონელებმა 2025 წელს დააკავეს, მოსკოვი კი ბრალდებებს აბსურდს უწოდებდა.
„რეალურად ეს რთული და გრძელი პროცესი იყო და ის დაახლოებით ერთი წელი გრძელდებოდა. კომიტეტი სახელმწიფოს მეთაურის დავალებით მოქმედებდა, ის პირადად აწარმოებდა მოლაპარაკებებს დაინტერესებულ ქვეყნებთან. ბელარუსისა და პოლონეთის ინტერესები იყო ამოსავალი წერტილი, თუმცა სპეცსამსახურები შვიდი ქვეყნიდან ჩაერთნენ საბოლოოდ“, — აღნიშნა ალექსანდერ ტარასევიჩმა, რომელიც ბელარუსის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეა.
აშშ-ის შუამავლობით ალექსანდრ ლუკაშენკამ სულ ბოლოს 250 პატიმარი გაათავისუფლა, მათი დიდი ნაწილი დისიდენტები იყვნენ, რომლებიც საპატიმროში რეჟიმმა განსხვავებული აზრის გამო ჩასვა. პატიმრების გათავისუფლება ბელარუსის პრეზიდენტმა აშშ-ის ჩართულობამდე ორი წლით ადრე დაიწყო, თუმცა თეთრი სახლის მხრიდან მინსკისთვის სანქციების ნაწილის მოხსნის პირობამ პროცესი დააჩქარა. ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, ამჟამად ბელარუსში 830 პოლიტპატიმარი რჩება ციხეში.
