აშშ-მა პოლონეთში 4,000 სამხედროს განლაგების გადაწყვეტილება გააუქმა. მიზეზი ამერიკასა და ევროპას, განსაკუთრებით კი გერმანიას შორის გასულ თვეებში გაუარესებული დიპლომატიური ურთიერთობები გახდა. ინფორმაცია ევრონიუსს ნატოს მაღალი რანგის სამხედრო პირმა დაუდასტურა.
4000 ამერიკელ ჯარისკაცს ის სამხედროები უნდა ჩაენაცვლებინაც, რომლებიც პოლონეთში სამხედრო მისიით უკვე იმყოფებიან. თუმცა ვაშინგტონის მოულოდნელი გადაწყვეტილებით, როდესაც მისია დასრულდება, მათ ახალი შემადგენლობა აღარ ჩაანაცვლებს. ვაშინგტონმა სამხედროების პოლონეთში გაგზავნა ბოლო წამს გადაიფიქრა. 1-ელი კავალერიის დივიზიის სამხედროებმა 1 მაისს ტეხასის შტატში განლაგების წინ ტრადიციული ცერემონიაც გამართეს, სამხედრო ტექნიკა კი უკვე გაგზავნილი იყო.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ევროპაში სამხედრო კონტინგენტის შემცირების გადაწყვეტილება ვაშინგტონისა და ბერლინის უერთიერთობების გაუარესების ფონზე მიიღო. მხარეებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის ომი ირანში არასწორად იყო დაგეგმილი. მერცის შეფასებას დონალდ ტრამპის მწვავე პასუხი მოჰყვა. მან გერმანიის კანცლერს მოუწოდა, თავის ქვეყანას მიხედოს და ნაკლებად ჩაეირიოს ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებებში. მალევე პენტაგონმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი მომდევნო ექვსი-ცხრა თვის განმავლობაში გერმანიაში მდებარე ნატოს სამხედრო ბაზებიდან სულ მცირე 5,000 ამერიკელ ჯარისკაცს გამოიყვანდა.
ვაშინგოტნის გადაწყევტილებამ პოლონეთში სამხედროების გაგზავნის გაუქმებასთან დაკავშირებით იმედგაცრუება გამოიწვია. პოლონეთში ოფიციალური პირები იმედოვნებდნენ, რომ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის რუსეთისგან დაცვის მიზნით, გერმანიიდან გამოყვანილ ჯარისკაცებს პოლონეთში გაგზავნიდნენ. 13 მაისს პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ განაცხადა კიდეც, რომ პოლონეთი ამ სამხედროების მისაღებად მზად იყო. ვაშინგტონის გადაწყვეტილებას დიდი მნიშნველობა არ მიანიჭა პოლონეთის ვიცე-პრემიერმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.
„საკითხი პოლონეთს არ ეხება. არამედ ის უფრო მეტად აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპაში განლაგებას უკავშირდება. პოლონეთის შეიარაღებული ძალების სწრაფად განვითარებადი შესაძლებლობები და პოლონეთში აშშ-ის ძალების ყოფნა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს“, - წესრს ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ნატოს ევროპელი მოკავშირეები აშშ-ის სამხედროების რაოდენობის შემცირებას ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ ელოდნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით პირდაპირი პასუხის გაცემას თავი აარიდა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.
ალიანსში ამტკიცებენ, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილებას ნატოს თავდაცვის ძირითად გეგმებზე გავლენა არ ექნება. მათი აზრით, ალიანსი აღმოსავლეთ ფლანგზე კვლავ ძლიერად იქნება წარმოდგენილი.
