რუსული მხარე ქვეყნის სამხრეთით, კრასნოდარის ოლქში მდებარე ერთ-ერთ უმსხვილეს, ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონებით მორიგი იერიშის შესახებ იუწყება, რამაც ბოლო ორ კვირაში მესამედ გააჩინა მასშტაბური ხანძარი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შავიზღვისპირა საპორტო ქალაქ ტუაფსედან დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია. კრასნოდარის ოლქის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის ცნობით, პრიორიტეტულ სიაში არიან ისინი, ვინც ნედლეულის გადამამუშავებელი ობიექტის სიახლოვეს ცხოვრობს.
თუმცა, საგულისხმოა, რომ წინა ორ შემთხვევაში გაჩენილი მასშტაბური ხანძრებისას, რა დროსაც, რუსული მედიის ცნობით, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი გაიზარდა, ევაკუაცია არ მომხდარა.
ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის მტკიცებით, საკითხზე რუსეთის ხელისუფლების შესაბამისი უწყებები მუშაობენ, თუმცა დეტალებს არ გაასაჯაროვებენ, მათი „კონფიდენციალურობის“ გამო.
„ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, თუმცაღა საიდუმლოა ნებისმიერი ინფორმაცია კონკრეტული ობიექტების შესახებ, რომლებიც კიევის რეჟიმის მხრიდან დარტყმების სამიზნეა. ამას საჯაროდ არ განვიხილავთ.
შესაბამის დონეზე მიიღება ზომები მოსალოდნელი შედეგების აღმოსაფხვრელად. მთლიანობაში, ყველაფერი ვთქვი, რაც შემეძლო ამ საკითხზე მეთქვა და აღარაფერი მაქვს დასამატებელი“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
გარემოს დამცველები მოსალოდნელ ეკოლოგიურ კატასტროფაზე საუბრობენ, ექსპერტები - ჯანმრთელობის რისკებზე, რადგან ხანძარი ჰაერში მავნე ტოქსიკურ ქიმიკატებს გამოყოფს, რაც სატელიტიდან გადაღებული კადრებითაც დასტურდება.
ტუაფსეში პირველი უკრაინული დარტყმის დროს ე.წ. „შავი წვიმაც“ წამოვიდა, რის შედეგადაც ნალექმა სახლების სახურავები და სხვა ობიექტები მუქი, ცხიმოვანი მასით დაფარა.
რუსეთის ხელისუფლება მორიგ ჯერზე აცხადებს, რომ ინფორმაციას ვერ გაასაჯაროვებს, თუნდაც იმ დროს, როდესაც საქმე მოქალაქეთა ჯანმრთელობას ეხება.
ცნობა მხოლოდ ქვეყნის მარეგულირებელმა ორგანომ, „როსპოტრებნადზორმა“ (Rospotrebnadzor) გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ტუაფსესა და მის სიახლოვეს მდებარე დასახლებებში მცხოვრებმა პირებმა არ უნდა გააღონ ფანჯრები, თავი უნდა შეიკავონ გარეთ გადაადგილებისას და გამოიყენონ რესპირატორული ნიღბები.
კიევი ადასტურებს, რომ ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაზე 16 და 20 აპრილს მიიტანა იერიშები, რის შედეგადაც, ფაქტობრივად, განადგურებულია ობიექტის საცავის მნიშვნელოვანი ნაწილი.
უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ ეს არის პასუხი მათი მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებულ სასტიკ დარტყმებზე, მით უმეტეს, რომ ტუაფსეს ობიექტი მოსკოვისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ნავთობი რუსული ეკონომიკის მამოძრავებლის ფუნქციის შესრულების გარდა, კრემლს უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებაში უწყობს ხელს.
