მოსკოვი ადასტურებს მალიში რუსი სამხედროების დაღუპვას, რომლებიც შორეულ სახელმწიფოში ე.წ. „სამშვიდობო მისიით“ არიან ჩასული.
აფრიკულ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით კრემლი განსაკუთრებით არის დაინტერესებული, რადგან ადგილზე საკუთარი კონტინგენტი ჰყავს განლაგებული, რომელიც „აფრიკული კორპუსის“ სახელით არის ცნობილი და ოფიციალურად ექვემდებარება რუსულ სამხედრო ძალებს.
ვითარებას მოსკოვისთვის ამწვავებს ისიც, რომ გასულ უქმეებზე მომხდარი თავდასხმების შედეგად ლიკვიდირებულია მალის თავდაცვის მინისტრი, გენერალი სადიო კამარა, რომელიც რუსულ მხარესთან კავშირების განმტკიცებას ცდილობდა და აქტიურად უწყობდა ხელს.
თავის მხრივ, სეპარატისტთა დაჯგუფება, რომელიც მალის მართვის სადავეებთან მყოფ სამხედრო ხუნტას ებრძვის, აცხადებს, რომ ზოგიერთი ტერიტორიიდან შეძლო „აფრიკული კორპუსის“ განდევნა, რასაც მოსკოვი არ ადასტურებს და „ეფექტური წინააღმდეგობის“ გაწევაზე საუბრობს.
ექსპერტების შეფასებით, აფრიკულ სახელმწიფოში მიმდინარე პროცესების განვითარება განსაკუთრებით საინტერესო იქნება მომდევნო დღეების განმავლობაში, რითაც, ფაქტობრივად, განისაზღვრება ქვეყნის ბედი და ის, დაემხობა თუ არა სამხედრო ხუნტა.
„პირველ რიგში, ქალაქ კიდალის „აზავადის გათავისუფლების ფრონტისა“ და „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული „ჯამატ-ნუსრატ ალ-ისლამ ვალ-მუსლიმინის“ მოძრაობის მიერ ხელში ჩაგდება ადასტურებს ამ ორ დაჯგუფებას შორის თანამშრომლობას, რადგან მათ საერთო ინტერესები გააჩნიათ.
უპირველეს ყოვლისა, მალის არმიის წინააღმდეგ მოქმედება, შემდეგ კი რუსეთის „აფრიკული კორპუსის“ ან შეთანხმების საფუძველზე, ან ძალისმიერი მეთოდით განდევნა. მეორე მხრივ, გაოსა და მალის სხვა ნაწილებში თავდასხმები აჩვენებს დაჯგუფებების შესაძლებლობებს.
გენერალ სადიო კამარას სიკვდილი აუცილებლად არ მიუთითებს მთავრობის სისუსტეზე, არამედ ამჟამინდელი სამხედრო რეჟიმის უსაფრთხოების აპარატის მოწყვლადობაზე. ეს იქონიებს გავლენას, თუმცა აუცილებლად არ გახდება უსაფრთხოების აპარატის ჩამოშლის ინსტრუმენტი.
ამავდროულად, ეს ბევრ კითხვის ნიშანს გააჩენს ამჟამინდელი სამხედრო ლიდერების წინაშე და მათ მოუწევთ ფიქრი, რა მოიმოქმედონ მსგავსი შედეგების თავიდან ასარიდებლად“, — განაცხადა ანალიტიკოსმა, რიდა ლიამურმა.
მალიში მიმდინარე პროცესების შესახებ ღრმა შეშფოთება გამოთქვა გაერომ და მხარეებს კონფლიქტის დაუყოვნებლივ დასრულებისკენ მოუწოდა. ორგანიზაციაში განმარტეს, რომ ქვეყანას ისედაც მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი უდგას, ხოლო სამხედრო ესკალაციამ შესაძლოა მოვლენათა შეუქცევადი განვითარება გამოიწვიოს მთლიან რეგიონში.
„გასულ უქმეებზე ჩვენ გავავრცელეთ განცხადება მალისთან დაკავშირებით, სადაც ვითარებას ყურადღებით აკვირდება გაეროს გენერალური მდივანი.
განცხადებაში მან ღრმა შეშფოთება გამოთქვა ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ადგილას განხორციელებული თავდასხმების გამო. ის მკაცრად გმობს ძალადობის ამ აქტებს, სოლიდარობას უცხადებს მალის მოსახლეობას და ხაზს უსვამს სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობას.
გაეროს გენმდივანი გამოდის მოწოდებით, უზრუნველყოფილი იყოს კოორდინირებული საერთაშორისო მხარდაჭერა ძალადობრივი ექსტრემიზმისა და ტერორიზმის მზარდი საფრთხეების აღმოსაფხვრელად. ის კვლავ მოუწოდებს ყველას, მთლიან რეგიონში უსაფრთხოების სფეროში აქტიური თანამშრომლობისკენ.
რაც შეეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, ჩვენი კოლეგები ამბობენ, რომ ვითარება კვლავ საგანგაშოა, რაც განპირობებულია არასტაბილურობით, მდგომარეობის ესკალაციითა და ბლოკადით. ამ ბოლო კრიზისის დროს მალიში 6 მილიონ 400 ათასამდე ადამიანი საჭიროებდა ჰუმანიტარულ დახმარებას, მათგან მილიონნახევარი კი უკიდურეს მდგომარეობაში იმყოფებოდა“, — განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა, სტეფან დიუჟარიკმა.
გასულ უქმეებზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმების შემდეგ ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა, თუმცა დაჭრილთა მდგომარეობა გაუმჯობესდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში მალის დროებითმა პრემიერ-მინისტრმა და „გარდამავალმა პრეზიდენტმა“ მოინახულეს, ტერორისტული თავდასხმები კი დაგმეს.
ტერორისტულ დაჯგუფებებთან — „ალ-ქაიდასა“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული მარიონეტული ძალები უკვე წლებია ცდილობენ ხელში ჩაიგდონ მალის მართვის სადავეები.
აფრიკული ქვეყნის დასახმარებლად მოსკოვმა ჯერ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ გაგზავნა, შემდეგ კი ოფიციალურად განალაგა თავდაცვის ძალების დანაყოფები, თუმცა ვითარება თვიდან თვემდე მხოლოდ უარესობისკენ იცვლება.
