ვაშინგტონის სასტუმრო „ჰილტონში“ მომხდარ თავდასხმაში მონაწილე კოულ ტომას ალენს სასამართლომ აშშ-ის პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობაში დასდო ბრალი.
31 წლის მამაკაცს სამუდამო პატიმრობა ემუქრება, თუ მართლაც დადგინდება, რომ მას დონალდ ტრამპის მკვლელობა ჰქონდა განზრახული. ამის შანსი მაღალია, რადგან ცნობილია, რომ დანაშაულის ჩადენამდე მან ერთგვარი მანიფესტი დაწერა, სადაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ ღრმა სიძულვილი გამოავლინა. ტექსტში კონტექსტის დიდი ნაწილი ეფშტეინის ფაილებს უკავშირდებოდა, სადაც დონალდ ტრამპი არაერთხელაა ნახსენები. CBS-ზე გადაცემა „60 წუთში“ წაკითხულმა ამონარიდმა აშშ-ის პრეზიდენტი გააღიზიანა.
„ვიცოდი, რომ სრულად წაიკითხავდით ამ ტექსტს, რადგან საშინელი ხალხი ხართ. დიახ, მან ეს დაწერა, მაგრამ მე არ ვარ მოძალადე, მე არავიზე მიძალადია, მაპატიეთ? მე არ ვარ პედოფილი. თქვენ წაიკითხეთ ეს საშინელება, რომელიც ვიღაც ავადმყოფის დაწერილია. მე ასოცირებული გავხდი იმგვარ საკითხებთან, რომელთაც ჩემთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის თქვენს მეგობრებს თავიანთი ეფშტეინის ფაილებით. უნდა გრცხვენოდეთ, მე ის არ ვარ, რაც წაიკითხეთ“, — უპასუხა ჟურნალისტს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მიმართ სიძულვილის წაქეზებაში თეთრი სახლი დემოკრატიულ პარტიას ადანაშაულებს, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პოლიტიკურ ძალადობად აფასებენ. თეთრი სახლის სპიკერმა ბრალდებულს „შეშლილი ანტი-ტრამპისტი“ უწოდა, რომელმაც თავისუფალ მედიასთან შეხვედრა ჩაშალა.
„ამგვარ ძალადობას ახალისებენ ისინი, ვინც პრეზიდენტ ტრამპს მუდმივად სწამებენ ცილს. პოლიტიკური ძალადობა მისი და მისი მხარდამჭერების სისტემური დემონიზაციისგან მოდის, როგორც კომენტატორების, ისე „დემოკრატიული პარტიისა“ თუ ზოგიერთი მედიის მხრიდან. მაგრამ პრეზიდენტი ტრამპი უშიშარია, რადგან მას ეს ქვეყანა უყვარს და მზად არის სასწორზე საკუთარი სიცოცხლე დადოს“, — აღნიშნა ქეროლაინ ლევიტმა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული რამდენიმე შტატში გადაადგილდებოდა პრეზიდენტის მკვლელობის განსახორციელებლად. მათ შორის იყო კალიფორნია, ჩიკაგო და ბოლოს ვაშინგტონი, სადაც თეთრი სახლის მიერ ჟურნალისტებისთვის გამართულ გალა-საღამოზე ერთ-ერთ სტუმრად დარეგისტრირდა. მოგვიანებით უსაფრთხოების დერეფანი გაარღვია და ცეცხლი გახსნა, რამაც სასტუმროში ქაოსი გამოიწვია.
მედიაში იკითხება ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით შეიარაღებული პირის მიმოწერაც საკუთარ ახლობლებთან, სადაც მისი დანაშაული მტკიცდება. თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის შეხვედრაზე მან ერთი ოფიცერი დაჭრა.
ზოგიერთი წყაროს ცნობით, ალენმა საკუთარ თავს „მეგობრული ფედერალური მკვლელი“ უწოდა და გააკეთა არაერთი განცხადება ტრამპზე ისე, რომ ის პირდაპირ არ უხსენებია.
მას ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასა და მძიმე დანაშაულის ჩადენის მიზნით შტატებს შორის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გატანასაც ედავებიან. ვარაუდობენ, რომ ეს სია გაიზრდება.
