კატეგორიები

ირანში მოჯთაბა ხამენეი „მოწამებრივად დაღუპულთა“ ბანერზე გამოსახეს

ირანში მოჯთაბა ხამენეი „მოწამებრივად დაღუპულთა“ ბანერზე გამოსახეს
Copyright Euronews
ცოცხალია თუ არა მოჯთაბა ხამენეი? — ამ კითხვაზე პასუხი უფრო ბუნდოვანი გახდა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ირანიდან ახალი ფოტომასალა გავრცელდა.

ქალაქ მეშჰედის ცენტრში უზარმაზარ ბანერზე ისლამური ქვეყნის ახლად არჩეული უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და სხვა სამხედრო თუ პოლიტიკური მაღალჩინოსნების გვერდით არის გამოსახული, რომლებიც, თეირანის თანახმად, „მოწამეობრივად აღესრულნენ“.

ირანის ხელისუფლებას საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ცნობილია, რომ ისლამურ ქვეყანაში მსგავსი ტიპის ბანერები თუ გამოსახულებები მთავრობასთან შეთანხმებით მზადდება და საჯაროდ ჩნდება.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თეირანი მოჯთაბა ხამენეის მკვდრად მოიხსენიებს.

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ დაახლოებულმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა ახლო წარსულში გამოქვეყნებულ სტატიაში უზენაესი ლიდერი „რევოლუციისას დაღუპულად“ მოიხსენია, მოგვიანებით კი ირანულმა მხარემ მომხდარი ორი ვერსიით განმარტა.

ერთის მიხედვით — ეს იყო შეცდომა, მეორეს ვერსიით კი იგულისხმებოდა არა მოჯთაბა, არამედ აიათოლა ალი ხამენეი.

არჩევის დღიდან ირანის უზენაესი ლიდერი არც საჯაროდ გამოჩენილა, არც მისი ვიდეომიმართვა არსებობს და არც აუდიოჩანაწერი. თეირანი მოჯთაბა ხამენეის განცხადებებს სახელმწიფო სატელევიზიო მაუწყებლის ეთერში დიქტორს აკითხებს.

დასავლური მედია, ირანის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ 28 თებერვალს აშშ-ისრაელის ერთობლივი საჰაერო იერიშების შედეგად აიათოლა ალი ხამენეისთან ერთად სერიოზული დაზიანებები მიიღო მისმა ვაჟმა, რის გამოც კიდურებზე არაერთი ოპერაციის გადატანა მოუწია, სახეზე კი დამწვრობა მიიღო.

სხვა წყაროების თანახმად, მიღებული ჭრილობების გამო მას პლასტიკური ოპერაცია ჩაუტარდა, უზენაეს ლიდერს კი თავად ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი მკურნალობდა, რომელიც პროფესიით კარდიოქირურგია.

დასავლელი პოლიტიკოსები და საერთაშორისო მედია აცხადებენ, რომ მსგავსი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გამოხატულებაა თეირანის მხრიდან პროპაგანდისტულ გზავნილებში არევის.

ასევე მანიშნებელია იმისა, რომ ისლამური ქვეყანა, მმართველების თვალსაზრისით, ახლა უკიდურესად კრიზისულ მდგომარეობაშია, ხოლო მოჯთაბა ხამენეის სიკვდილის ოფიციალური დადასტურება ირანის ბრძოლისუნარიანობას ჩამოშლის.

დაკავშირებული ამბები
ირანში მოჯთაბა ხამენეი „მოწამებრივად დაღუპულთა“ ბანერზე გამოსახეს FIFA-ს პრეზიდენტის განცხადებით, ირანი მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად ითამაშებს