ირანში მიმდინარე ომის შედეგად შექმნილი ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ზოგიერთი ქვეყანა საავიაციო საწვავის ამოწურვის რისკის წინაშე დადგა. თებერვალში, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, რეაქტიულ საწვავზე ფასები ზოგიერთ ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა და ბევრგან გაორმაგდა კიდეც.
ნავთობის ფასების ცვლილება და არსებული შოკი მგრძნობიარე თემაა არა მხოლოდ მცირე, არამედ მსხვილი ავიაკომპანიებისთვის, რადგან ამ ბიზნესში ოპერაციული ხარჯების ყველაზე დიდი წილი სწორედ საავიაციო საწვავზე მოდის.
ომმა ახლო აღმოსავლეთში მოგზაურებზე გავლენა უკვე მოახდინა როგორც შეცვლილი მარშრუტების თვალსაზრისით, ისე ავიაბილეთებზე საგრძნობლად გაზრდილი ფასებით. განსაკუთრებით საგრძნობი ეს ზაფხულის პიკში იქნება. ბევრმა ავიაკომპანიამ უკვე გაზარდა ფასი ჩაბარებულ ბარგსა და დამატებით სერვისებზე, მათ შორის რამდენიმემ შემოიღო საწვავის მოსაკრებელიც.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებით, მაგალითად, ევროპას 6 კვირის სამყოფი საავიაციო საწვავი აქვს დარჩენილი და თუ მარაგები არ შეივსო, ეს ავიაკომპანიებს სხვადასხვა მარშრუტებზე რეისების შემცირებისკენ უბიძგებს.
ევროკომისიაში ენერგეტიკაზე პასუხისმგებელმა პირებმა კი მანამდე განაცხადეს, რომ თუ კრიზისი გაგრძელდა, ამას ფასებზე ეფექტი გაცილებით ხანგრძლივი ვადით ექნება და შესაძლოა რეაბილიტაციას თვეებიც კი დასჭირდეს კონფლიქტის დასრულების შემდეგ.
