გერმანიაში სულ უფრო მეტად იზრდება იმ პირთა რიცხვი, ვინც უარს ამბობს სამხედრო სამსახურში გაწვევაზე. ამის მიზეზად კი სახელდება მიმდინარე წლის დასაწყისში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები „სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ“ და დისკუსიები ეროვნული უსაფრთხოების თაობაზე.
ბუნდესტაგის მიერ დამტკიცებული რეფორმების თანახმად, 2008 წლის შემდეგ დაბადებული პირები ვალდებულნი არიან აღირიცხონ შესაბამის სახელმწიფო ბაზაში ჯარში შესაძლო გაწვევის შემთხვევისთვის. ამასთან, გერმანიის საკანონმდებლო ხელისუფლება იტოვებს უფლებას, დამატებითი მობილიზაცია გამოაცხადოს, თუკი ნებაყოფლობითი გზით წვევამდელთა რაოდენობა არასაკმარისი აღმოჩნდა.
სამოქალაქო საზოგადოების საკითხებში ფედერალური სამმართველოს მონაცემებით, მხოლოდ 2026 წლის პირველ სამ თვეში ჯარში მსახურებაზე უარი თქვა 2 656-მა მოქალაქემ, რაც ცოტათი ჩამორჩება 2024 წლის მაჩვენებელს, თუმცა გასული წლის საერთო რაოდენობის მესამედს შეადგენს.
ამავდროულად, საგულისხმოა, რომ 1000-მდე მოქალაქემ, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში უარი თქვა სამხედრო სამსახურში გაწვევაზე, გადაწყვეტილება შეცვალა.
მკვლევართა და ექსპერტთა შეფასებით, თუკი ამჟამინდელი ტენდენცია გაგრძელდება, შეიარაღებულ ძალებში მსახურობაზე უარისმთქმელთა რაოდენობა 15-წლიან მაქსიმუმს მიაღწევს, მას შემდეგ, რაც 2011 წელს გერმანიამ შეაჩერა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესი.
ევროპული ქვეყნის ხელისუფლების მიერ შემუშავებული სამხედრო რეფორმა ითვალისწინებს ნებართვის მიღებას გერმანიის მოქალაქეობის მქონე 17-დან 45 წლამდე ასაკის მამაკაცებისთვის, ვინც სახელმწიფოს საზღვრების დატოვებას 3 თვეზე მეტი დროით გეგმავს.
2026 წლის 1-ელ იანვრამდე მოქმედი კანონით ასეთი ნებართვის მიღება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში იყო სავალდებულო — კერძოდ, როდესაც ქვეყანაში საგანგებო სიტუაციაა ან არსებობს გარე ძალების მხრიდან თავდასხმის საფრთხე.
ბერლინში აცხადებენ, რომ კანონის მიზანია ბუნდესვერის სრული შემადგენლობის სათანადოდ მომზადება, ასევე ბრძოლისუნარიანი მოხალისეების ჩართვა სამხედრო აქტივობებში.
სამხედრო რეფორმაზე ისაუბრა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა, რომლის თქმითაც ცვლილებების მიღების მიზეზი გახდა არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების სფეროში გაჩენილი რისკები.
მისივე თქმით, ბერლინი გეგმავს, 2035 წლისთვის მიაღწიოს მიზანს, რომლის მიხედვითაც სამხედრო სამსახურში აქტიური პერსონალის რიცხვი არ იქნება 260 000-ზე ნაკლები, სარეზერვოსი კი — 460 000.
