ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ორშაბათს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თავის მრჩევლებს შეხვდა და ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით ირანის წინადადება განიხილა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა, დამატებითი დეტალების გარეშე განუცხადა.
კითხვას იმ გეგმის შესახებ, რომელიც, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის მხრიდან ბლოკადების მოხსნას ითვალისწინებს თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებამდე, ქეროლაინ ლევიტმა უპასუხა, რომ „წინადადება განხილვის პროცესშია“.
მას დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპის შეხვედრა მის მრჩევლებთან ნამდვილად გაიმართა და თქვა, რომ ამ საკითხზე პრეზიდენტი ძალიან მალე თავადვე ისაუბრებს.
„მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მედიაში უკვე გავრცელდა, დავადასტურებ, რომ პრეზიდენტი დღეს დილით ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდა. შეიძლება შეხვედრა ისევ მიმდინარეობს. შეიძლება — არა. დარწმუნებით თქმა არ მინდა, რადგან აქ გამოსვლისთვის ვემზადებოდი. თუმცა წინადადება განხილვის საგანი იყო. არ მინდა პრეზიდენტს ან მის ეროვნული უსაფრთხოების გუნდს წინ გავუსწრო. რასაც გავიმეორებ, ის არის, რომ პრეზიდენტის წითელი ხაზები ირანის მიმართ ძალიან მკაფიოდ იქნა გამოხატული — არა მხოლოდ ამერიკელი საზოგადოებისათვის, არამედ თავად მათთვისაც. ვერ ვიტყვი, რომ ისინი ამას განიხილავენ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ დღეს დილით იყო საუბარი, რომელსაც არ მინდა, წინ გავუსწრო. დარწმუნებული ვარ, ამ საკითხზე თავად პრეზიდენტი ძალიან მალე ისაუბრებს“, — განაცხადა ქეროლაინ ლევიტმა.
პარალელურად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი, ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანთან ომში „ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწია“.
ირანის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, რომელიც ორშაბათს სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა, ამის შესახებ რუსულ სახელმწიფო მედიას განუცხადა.
მას ჰკითხეს ისიც, გრძნობს თუ არა თეირანი მოკავშირეების მხარდაჭერას მოსკოვიდან. „ირანი და რუსეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ისინი ყოველთვის გვიჭერდნენ მხარს. ჩვენც ყოველთვის ვუჭერდით მხარს რუსებს და ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება“, — უპასუხა მან.
აბას არაღჩი რუსეთში ორშაბათს ჩავიდა. ეს ისლამაბადში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ვერშემდგარი მოლაპარაკებებიდან ორიოდე დღეში მოხდა.
