დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ II და დედოფალი კამილა ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებიან. ბრიტანეთის მონარქი ამერიკის დედაქალაქში 27 აპრილს ჩავიდა და მას თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ უმასპინძლეს.
ვიზიტის ფარგლებში მეფე ჩარლზი ამერიკის კონგრესში სიტყვით გამოვა. ეს მეორე შემთხვევა იქნება, როცა გაერთიანებული სამეფოს მონარქი კონგრესის ორივე პალატას მიმართავს. პირველად კონგრესში სიტყვით ელისაბედ მეორე 1991 წელს გამოვიდა.
დიდი ბრიტანეთის მონარქი შეერთებულ შტატებს ქვეყნებს შორის ბოლოდროინდელი დაძაბული ურთიერთობების ფონზე სტუმრობს. ტრადიციულ მოკავშირეებს შორის ურთიერთობა ირანში მიმდინარე ომის შემდეგ გამწვავდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ევროპის მსგავსად დიდი ბრიტანეთი ამერიკას ირანთან ომში საკმარისად არ დაეხმარა. დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტის გახსნის მიზნით, მოკავშირეებს რეგიონში სამხედრო ფლოტის გაგზავნა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. მას შემდეგ დონალდ ტრამპმა მოკავშირეები, მათ შორის დიდი ბრიტანეთი და მისი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი არაერთხელ გააკრიტიკა. შტატების პრეზიდენტის განცხადებით, კირ სტარმერი უინსტონ ჩერჩილი არ არის.
გასულ კვირას გამოჟონილ პენტაგონის მეილებში კი საუბარია, რომ აშშ-მა შესაძლოა ატლანტის ოკეანის სამხრეთით მდებარე ფოლკლენდის კუნძულებთან დაკავშირებით საკუთარ პოლიტიკას გადახედოს. ამ დროისთვის, შეერთებული შტატები ბრიტანეთის სუვერენიტეტს აღიარებს, რომლის კონტროლის მოსაპოვებლად 1982 წელს ბრიტანეთსა და არგენტინას შორის ომი დაიწყო.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კრიტიკის მიუხედავად, დონალდ ტრამპმა მეფე ჩარლზის მიმართ ქება არ დაიშურა. სახელმწიფო ვიზიტის წინ თეთრი სახლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი მეფე ჩარლზს ყოველთვის დიდ პატივს სცემდა, მათი ურთიერთობა გასულ წელს პრეზიდენტის ბრიტანეთში ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო გამყარდა.
ქვეყნებს შორის დაძაბული ურთიერთობების გარდა, მეფე ჩარზლის წინაშე კიდევ ერთი საკითხი დგას, ეფშტეინის საქმე, რომელშიც მეფის უმცროსი ძმა ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი ფიგურირებს. ეფშტეინის ფაილების გასაჯაროების შემდეგ, რომლებშიც სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაზეა საუბარი, მას სამეფო ტიტული ჩამოერთვა, საზოგადოებრივ ცხოვრებას ჩამოაშორეს და მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. დაზარალებული ქალები დიდი ბრიტანეთის მეფეს მოუწოდებენ მათ და სექსუალური ძალადობის სხვა მსხვერპლთ შეხვდეს. ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა დიდი ბრიტანეთის მეფე მათთან შეხვედრას.
