კატეგორიები

უკრაინის პრეზიდენტი ჩერნობილზე - „რუსული თავდასხმები ისტორიის გამეორების რისკს შეიცავს“

უკრაინის პრეზიდენტი ჩერნობილზე - „რუსული თავდასხმები ისტორიის გამეორების რისკს შეიცავს“
Copyright AP
ჩერნობილის ტრაგედიის 40 წლის თავზე, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმებს შესაძლოა, ისტორიაში უმძიმესი მოვლენის გამეორება მოჰყვეს. მისი თქმით, ზაპორიჟიის სადგურზე კონტროლი მხოლოდ უკრაინულ მხარეს უნდა ჰქონდეს, რადგან ეს იქნება ერთადერთი გარანტია იმისა, რომ მსოფლიომ რადიაციული პრობლემები აირიდოს თავიდან.

ჩერნობილის ტრაგედიის 40 წლის თავთან დაკავშირებით უკრაინას ეწვია მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ. მოლდოველ კოლეგასთან გამართული ორმხრივი შეხვედრების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტზეც, რომელიც უნგრეთის ვეტოს შემდეგ ევროკავშირმა გასულ კვირას დაამტკიცა. მისი განცხადებით, თანხის ნაწილი უკრაინაში იარაღის წარმოებას მოხმარდება. რამდენიმე მილიარდი დოლარი კი ენერგეტიკული ობიექტების დასაცავად გამოიყოფა.

„რა თქმა უნდა, პირველი ნაწილი უკრაინული თავდაცვის შიდა წარმოებას მოხმარდება, არა მხოლოდ თავდაცვას, არამედ დრონების წარმოაებასაც.  ენერგეტიკა სხვა საკითხია. როგორც ვთქვით, მომავალი ზამთრისთვის რაც შეგვეძლება, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ყველაფერი. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტის გარდა, ცენტრალური ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა გარკვეული თანხები“, - განაცადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის დედაქალაქში გამართული შეხვედრისას ორი ქვეყნის ლიდერებმა ევროკავშირში გაწევრების გზები განიხილეს. მხარეებმა უსაფრთხოების, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს. მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერის მიზნით, მოლდოვა მზადაა, შეუერთდეს „მსურველთა კოალიციას“, რომელიც უკრაინისთვის მრავალშრიანი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ასევე მაია სანდუმ აღნიშნა, რომ ჩერნობილის ტრაგედიის შემდეგ რუსეთის მიდგომები არ შეცვლილა.

„საბჭოთა კავშირი ჩერნობილის კატასტროფისას ადამიანების სიცოცხლეს უგულებელყოფდა, ეს დღესაც გრძელდება, როდესაც  რუსეთს უკრაინის ქალაქებზე მიაქვს იერიში და ოკუპირებულ ბირთვულ ობიექტებს იყენებს. თანაც იმ ომში, რომლსაც მოსკოვი ომათაც კი არ მოიხსენიებს. როდესაც რუსეთის ძალებმა 2022 წელს ჩერნობილი და შემდეგ ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს, მათ შეგნებულად აირჩიეს ეს ადგილები, რომ იარაღად გამოეყენებინათ, რადგან ეს ტერიტორიები მილიონობით ადამიანის გულში ისევ შიშს იწვევს. ამ შიშმა მოლდოვამდეც კი მოაღწია. მან ყველა ჩვენგანამდე მოაღწია“, - განაცადა მაია სანდუმ.

უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელ რაფაელ გროსისთან ერთად 26 აპრლის ჩერნობილში დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი. საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ გასულ წელს მიტანილი იერიშების შედეგად ზაპოროჟიის სადგურის ინფრასტრუქტურა საკმაოდ დაზიანებულია.

„დღეს მინისტრთან ერთად ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გაწეული მხარდაჭერის გაფართოებას ისახავს მიზნად, განსაკუთრებით კი ძალიან რთულ სიტუაციაში, რომელიც გამოწვეულია ელექტროქსელზე სამხედრო ზეწოლითა და ატომური ელექტროსადგურის მხარდაჭერის კრიტიკულ ქვესადგურებზე თავდასხმების გაგრძელებით“, - განაცხადა რაფაელ გროსიმ.

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს გენერალური დირექტორის ინფორმაციით, დაზიანებული გარე დამცავი გარსის შეკეთება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში გაიზრდება საფრთხეები. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ცნობით, სადგურის შეკეთებას მინიმუმ 500 მილიონი ევრო დასჭირდება.

დაკავშირებული ამბები
უკრაინის პრეზიდენტი ჩერნობილზე - „რუსული თავდასხმები ისტორიის გამეორების რისკს შეიცავს“ რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ დნიპროზე თავდასხმას ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა