რუსეთმა კიევში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და დიპლომატებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ უკრაინის დედაქალაქსა და მის „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე“ დამატებით იერიშებს გეგმავს.
ამასთან, მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან სატელეფონო სუბრისას ვაშინგტონს კიევში შტატების საელჩოდან დიპლომატების გაყვანა ურჩია.
როგორც მისი უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, ლავროვმა რუბიოსთან საუბარში ხაზი გაუსვა საგარეო საქმეთა სამინისტროს 25 მაისის განცხადებას, რომელიც შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებს უკრაინის დედაქალაქიდან დიპლომატიური პერსონალისა და სხვა მოქალაქეების ევაკუაციის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.
გამაფრთხილებელი განცხადება კრემლის მასშტაბურ თავდასხმას მოსდევს. ერთი დღით ადრე რუსეთმა კიევზე რაკეტებითა და დრონებით მიიტანა იერიში. 2022 წლის შემდეგ ერთ-ერთ უდიდეს შეტევას უკრაინის დედაქალაქზე ორი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა 90-ს აღემატება.
„არსებული გარემოებების გათვალისწინებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები სისტემურ დარტყმებს იწყებენ კიევში მდებარე უკრაინის სამხედრო-სამრეწველო ობიექტებზე,“ - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყებისვე განმარტებით, „დარტყმები მიმართული იქნება როგორც გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე, ასევე სამეთაურო პუნქტებზე“.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ თავდასხმა რამდენიმე დღით ადრე უკრაინის მიერ განხორციელებულ იერიშზე პასუხი იყო. საუბარია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუჰანსკის რეგიონში პროფესიულ სასწავლებელზე განხოციელებულ იერიშზე, რომელსაც 21 ადამიანი ემსხვერპლა.
ამ თვის დასაწყისში რუსეთმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და დიპლომატებს კიევის დატოვებისკენ უკვე მოუწოდა. ეს მაშინ, როცა დედაქალაქის ცენტრზე მასშტაბური თავდასხმებით დაიმუქრა იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინა წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმს ჩაშლიდა.
კრემლის გაფრთხილების პარალელურად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრიი სიბიჰასთან ერთად რუსეთის იერიშის შედეგად დანგრეულ და დაზიანებულ შენობებთან 70-ზე მეტი ელჩი მივიდა.
დიპლომატებმა მოინახულეს თავდასხმის შედეგად განადგურებული ბაზარიც.
