კატეგორიები

უკრაინა შვედეთისგან Gripen-ის ტიპის 20 თანამედროვე გამანადგურებელს შეიძენს

უკრაინა შვედეთისგან Gripen-ის ტიპის 20 თანამედროვე  გამანადგურებელს შეიძენს
უკრაინა შვედეთისგან Gripen-ის ტიპის 20 თანამედროვე გამანადგურებელს ორმილიარდ-ნახევარ ევროდ შეიძენს, შეთანხმების დასრულების შემდეგ კი შვედეთი უკრაინას დამატებით გამანადგურებლის 16 ძველ მოდელის გადასცემს. ამის შესახებ ორი ქვეყნის ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შვედეთში ვიზიტისას განააცხადეს. უკრაინის პრეზიდენტმა და შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა თავდაცვითი თანამშრომლობის საკითხებზე მოლაპარაკებები გამართეს.

გამანადგურებლებისთვის თანხა უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ ცოტა ხნის წინ დამტკიცებული 90 მილიარდი ევროს სესხიდან გამოიყოფა. უკრაინა Gripen-ის ტიპის ძველი მოდელების გამანადგურებლებს მომავალი წლის დასაწყისში მიიღებს, ახალი თანამედროვე მოდელების უკრაინისთვის გადაცემა კი 2030 წლისთვის იგეგმება. გამანადგურებლები შესაბამისი შეიარაღებით იქნება აღჭურვილი, ხოლო მათ ტექნიკურ მომსახურებასა და უკრაინელი პერსონალის გადამზადებას შვედეთი უზრუნველყოფს.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევის მიზანი უკრაინის არმიის Gripen-ის ტიპის 150  გამანადგურებლით გაძლიერებაა.

„შვედური საბრძოლო თვითმფრინავები აუცილებლად გააძლიერებს ჩვენს აეროფლოტსა და საჰაერო თავდაცვას. ეს პაკეტი ორ მილიარდ ევროზე მეტ მხარდაჭერას მოიცავს. საუბარია უშუალოდ თვითმფრინავებზე. ველოდებით, რომ პირველ ნაწილს მომდევნო ათი თვის განმავლობაში მივიღებთ. ამის დიდი იმედი გვაქვს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ თვითმფრინავებს შესაბამისი შეიარაღების პაკეტიც მოჰყვება. ეს, სხვა საკითხებთან ერთად, რუსული მართვადი საავიაციო ბომბებისგან თავდაცვაში დაგვეხმარება,” - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელნსკის განცხადებით, საბრძოლო თვითმფრინავები განსაკუთრებით დაეხმარება უკრაინას რუსული ავიაციის შეჩერებაში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მძლავრ ფრთოსან ბომბებს იყენებს.

„თვითმფრინავები კონკრეტული შეიარაღებით იქნება აღჭურვილი. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ  იარაღსაც მივიღებთ და არა მხოლოდ თვითმფრინავებს. ეს Gripen-ის ტიპის გამანადგურებლები აღჭურვილია კონკრეტული შეიარაღებით, განსაკუთრებით Meteor-ის რაკეტებითა და სხვა სისტემებით, რომლებსაც 100 კილომეტრზე მეტ მანძილზე შეუძლიათ განადგურება. ვფიქრობთ, რუსულ თვითმფრინავებს უკან დავახევინებთ და ისინი ვეღარ შეძლებენ საავიაციო ბომბების მასშტაბურად გამოყენებას,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შვედეთში თვითმფრინავების ანგერში გამართული პრესკონფერენციისას უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მნიშვნელობაზე. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან აშშ-ის პრეზიდენტს „დაჟინებული“ თხოვნით მიმართა, რომ შტატებმა უკრაინას დამატებით მიაწოდოს სისტემები, რომლებსაც რუსული ბალისტიკური რაკეტების მოგერიება შეუძლიათ.

კიევის მიზანია, უკრაინის არმია უფრო მეტი ისეთი უცხოური შეიარაღებით უზრუნველყოს, რომლის წარმოებაც თავად არ შეუძლია. სანაცვლოდ კი კიევი მზადაა, პარტნიორებს მოწინავე დრონების ტექნოლოგიების ის გამოცდილება გაუზიაროს, რომელიც უკრაინამ გასული ოთხი წლის განმავლობაში ომისას მიიღო.

შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონის განცხადებით, სტოკჰოლმს უკრაინის დრონებით ომის წარმოების გამოცდილების გაზიარების დიდი ინტერესი აქვს.

„ეს შეთანხმება უფრო ფართო ჩარჩოს ნაწილია, რომელშიც ეს გარიგება, ეს შეთანხმება, შესყიდვა და  დონაცია ძალიან კარგად არის გათვალისწინებული. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, უფრო ფართო შეთანხმება ეხება იმასაც, თუ რისი სწავლა შეუძლია შვედეთს   უკრაინისგან. ვგულისხმობ იმას, რომ უკრაინას ამჟამად ევროპაში დრონებით ომის წარმოების ყველაზე განვითარებული შესაძლებლობები აქვს და ჩვენ უკიდურესად დაინტერესებული ვართ, ვისწავლოთ უკრაინისგან, მსგავსი სიტუაციებისას როგორ უნდა მოვიქცეთ,“ - განაცხადა ულფ კრისტერსონმა.

უკრაინას სხვა ქვეყნებთან დრონების გამოცდილების გაზიარებით თავდაცვითი თანამშრომლობის გააღრმავების გამოცდილება უკვე აქვს. ირანში მიმდინარე ომის ფონზე უკრაინელი სპეციალისტები ახლო აღმოსავლეთს, განსაკუთრებით სპარსეთის ყურის არაბული რეგიონის ქვეყნებს, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში უკვე დაეხმარნენ. ასევე უკრაინელი სამხედროები ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზეც მუშაობდნენ. უკრაინამ ერთობლივი დრონების წარმოების შეთანხმება ევროკავშირის არაერთ ქვეყანასთანაც გააფორმა.

დაკავშირებული ამბები
უკრაინა შვედეთისგან Gripen-ის ტიპის 20 თანამედროვე გამანადგურებელს შეიძენს მოსკოვი დიპლომატებს კიევის დატოვებისკენ მოუწოდებს