მალიში, სადაც მართვის სადავეებს რუსეთის მოკავშირე სამხედრო ხუნტა ფლობს, ტერორისტული დაჯგუფებების — „ალ-ქაიდასა“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა შეიარაღებულმა პირებმა კოორდინირებული თავდასხმები განახორციელეს ქვეყნის სხვადასხვა წერტილში, მათ შორის დედაქალაქ ბამაკოში.
შეტაკებების შედეგად მოკლულია მალის თავდაცვის მინისტრი და მისი ოჯახი. მსხვერპლია სამხედროებს შორისაც.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, დაშავებულთა შორის არიან მალის დაზვერვის გენერალი მოდიბო კონე და გენშტაბის უფროსი, გენერალი უმარ დიარა. მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოებში გადაყვანილია რამდენიმე სამოქალაქო პირიც.
„მალის გარდამავალი ხელისუფლება ღრმა მწუხარებით იუწყება თავდაცვისა და ვეტერანთა საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, გენერალ-ლეიტენანტის, სადიო კამარარის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.
25 აპრილის დილას მომხდარი მხდალი ტერორისტული თავდასხმების შედეგად თვითმკვლელი ტერორისტის მიერ დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, სამიზნე კი მინისტრის რეზიდენცია იყო. მან თავდამსხმელებს ცეცხლი გაუხსნა და შეძლო ზოგიერთი მათგანის განეიტრალება“, — განაცხადა მალის დროებითი მთავრობის პრესმდივანმა, ისა უსმან კულიბალიმ.
პარალელურად, ამბოხებულთა დაჯგუფება „აზავადის გათავისუფლების ფრონტი“ აცხადებს, რომ შეძლო ქალაქ კიდალის აღება, რომელიც 2023 წლის შემდეგ ქვეყნის მმართველი სამხედრო ხუნტის კონტროლქვეშაა.
მათივე ცნობით, „ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე“ ტერიტორია დატოვა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს „აფრიკულმა კორპუსმა“ და დაქირავებულმა რუსმა მებრძოლებმა. მანამდე კი ცნობილი გახდა მალიში რუსული შეიარაღებული ძალების ვერტმფრენის ჩამოგდების შესახებ. განცხადებაში, რომელიც Telegram-ის სამხედრო არხებზე ვრცელდება, ეკიპაჟი და ბორტზე მყოფი საგანგებო ქვედანაყოფის წარმომადგენლები დაიღუპნენ.
ამ ინფორმაციას ოფიციალურად მოსკოვი ჯერ არ ადასტურებს, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საუბრობს მალიში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებზე და მათში მონაწილე პირების გადამზადებაში დასავლეთის ქვეყნებს ადანაშაულებს.
„25 აპრილს შეიარაღებული ანტისამთავრობო დაჯგუფებების დანაყოფებმა განახორციელეს კოორდინირებული თავდასხმების სერია მალის დედაქალაქსა და მიმდებარე რეგიონებში. კერძოდ, დაახლოებით 250 მებრძოლი თავს დაესხა ბამაკო-სენუს საერთაშორისო აეროპორტსა და მის სიახლოვეს განთავსებულ სამხედრო ბაზას.
თავდამსხმელებს მალის შეიარაღებული ძალები დაუპირისპირდნენ. ამჟამად მიმდინარეობს ძალისხმევის გაწევა ბანდფორმირებების ლიკვიდირებისთვის, რომელთა მომზადებაში, წინასწარი ინფორმაციით, მონაწილეობას იღებდნენ დასავლეთის ქვეყნების ძალოვანი სტრუქტურები.
რუსული მხარე ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ტერორისტთა ქმედებები უქმნის საფრთხეს რუსეთისთვის მეგობარი მალის სახელმწიფოებრიობის სტაბილურობას და შესაძლოა იქონიოს უარყოფითი შედეგები მთლიანი რეგიონისთვის“, — ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მალიში 2021 წელს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ აფრიკულ ქვეყანას სამხედრო ხუნტა მართავს დროებითი პრეზიდენტის, ასიმ გოიტას ხელმძღვანელობით.
ახალმა ხელისუფლებამ, პირველ რიგში, მჭიდრო კავშირები დაამყარა მოსკოვსა და კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერთან“, რომელთა მებრძოლებს მალიში „სამხედრო კონსულტანტებს“ უწოდებდნენ. გასული წლის ივნისში კერძო დაჯგუფება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს „აფრიკულმა კორპუსმა“ ჩაანაცვლა, რომლის დაქირავებული მებრძოლები მხილებულნი არიან მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში.
თავის მხრივ, რუსული დაჯგუფება „ვაგნერი“ 2014 წლიდან მონაწილეობდა უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებულ მოქმედებებში, ასევე ჩართული იყო სირიაში, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცვაში.
მიუხედავად მოსკოვის პოლიტიკური მმართველობისადმი ერთგულებისა, 2023 წლის ივნისში „ვაგნერმა“ გაავრცელა ინფორმაცია საკუთარ მებრძოლებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარების თავდასხმის შესახებ და აჯანყება წამოიწყო, რასაც „სამართლიანობის მარში“ უწოდა და გეზი მოსკოვისკენ აიღო.
რამდენიმე საათში, ალექსანდრ ლუკაშენკას შუამავლობით მიღწეულ იქნა შეთანხმება დეესკალაციის შესახებ. ევგენი პრიგოჟინს ბრალდება არ წარუდგინეს, თუმცა ამბოხების მცდელობიდან ზუსტად ორი თვის თავზე მისი ვერტმფრენი საეჭვო ვითარებაში ჩამოვარდა, რა დროსაც ის დაიღუპა.
საერთაშორისო საზოგადოება კერძო სამხედრო დაჯგუფებას ომის დანაშაულებში, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევასა და სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს.
მალიში განვითარებული მოვლენები მთლიანი აფრიკული რეგიონისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ტერორისტულ დაჯგუფებებთან — „ალ-ქაიდასა“ და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული სეპარატისტული დანაყოფები წლებია ცდილობენ სრული კონტროლი დაამყარონ როგორც მალიზე, ისე მის მეზობელ სახელმწიფოებზე, რისთვისაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მოუხშირეს თავდასხმებს.
სამხედროები ასიმ გოიტას მეთაურობით ხელისუფლებაში 2020 და 2021 წლების გადატრიალებების შემდეგ მოვიდნენ და ვითარების დასტაბილურების პირობა დადეს, თუმცა ქვეყანაში მდგომარეობა უფრო და უფრო მეტად მწვავდება, მოსკოვი კი, სამხედრო დანაყოფების განთავსების მიუხედავად, ადგილობრივთა უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფს.
