კატეგორიები

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა
Copyright AP
სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა შედგა.

ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, შესაძლებლობის ფარგლებში, მოსკოვი გააკეთებს ყველაფერს, რათა დაეხმაროს თეირანს, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მშვიდობამ უმოკლეს დროში დაისადგუროს.

„ვხედავთ, როგორი სიმამაცითა და გმირულად იბრძვის ირანელი ხალხი საკუთარი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის და, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ ამ გზაზე ირანელი ხალხი, ახალი უზენაესი ლიდერის ხელმძღვანელობით, ღირსეულად გაივლის ამ რთულ პერიოდს, ხოლო მშვიდობა დაისადგურებს.

ჩვენი მხრიდან გავაკეთებთ ყველაფერს, რაც პასუხობს თქვენსა და ჩვენს, ასევე რეგიონში მცხოვრები ხალხების ერთობლივ ინტერესებს, რათა ეს მშვიდობა მიღწეულ იქნას რაც შეიძლება სწრაფად. თქვენ ძალიან კარგად იცით ჩვენი პოზიციის შესახებ“, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ გზავნილი მიიღო ირანის უზენაესი ლიდერისგან, მოჯთაბა ხამენეისგან და მას სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

თავის მხრივ, ჯერჯერობით უცნობია, რა მდგომარეობაშია ისლამური ქვეყნის უზენაესი ლიდერი, რადგან ამ თემის ირგვლივ ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ვრცელდება.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, რუსულ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის კავშირები კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება:

„ირანის ხელმძღვანელობამ მთხოვა, ამ ვიზიტის ფარგლებში დაგვედასტურებინა ფაქტი, რომ რუსეთ-ირანის ურთიერთობები ჩვენთვის უმაღლეს დონეზე სტრატეგიულ პარტნიორობას გულისხმობს და რომ მომავალშიც დავრჩებით ამ გზის ერთგულნი.

მიუხედავად იმისა, რაც ახლა ხდება, ჩვენი ორმხრივი კავშირები კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება. როგორც თქვენც აღნიშნეთ, მთელი მსოფლიოსთვის იყო დასტური, რომ ირანელმა ხალხმა მამაცურად და გმირულად შეძლო შეწინააღმდეგებოდა ამერიკულ თავდასხმებსა და აგრესიას და განაგრძობს ღირსეულად დგომას დროის ამ რთულ მონაკვეთში.

ეს ყველაფერი დასტური იყო ყველასთვის, რომ ირანს ჰყავს ისეთი მოკავშირე და მეგობარი, როგორიცაა რუსეთის ფედერაცია, რომელიც რთულ დროს ირანის გვერდით დგას. ჩვენ მადლიერი ვართ ისლამური ქვეყნისადმი გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის“, — განაცხადა აბას არაღჩიმ.

ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვალს დაწყებული ომის შემდეგ ეს ირანელი დიპლომატის პირველი საგარეო ვიზიტია, თუ არ ჩაითვლება მისი შეხვედრები აშშ-სთან სამხედრო კონფლიქტის დასრულების თაობაზე.

სანქტ-პეტერბურგში შეხვედრას წინ ამერიკული მხარის მიერ ისლამაბადში მოლაპარაკებებისთვის დაგეგმილი ვიზიტის გაუქმება უძღოდა.

დაკავშირებული ამბები
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა სირიამ ასადის რეჟიმის მაღალჩინოსნების გასამართლების პროცესი დაიწყო