ჩერნობილის ტრაგედიიდან 40 წელი გავიდა. უკრაინის ქალაქ სლავუტიჩში პატივი მიაგეს ტრეგედისას დაღუპულთა ხსოვნას. ბელარუსის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქი კატასტროფის შემდეგ აშენდა, სადაც ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუირებულები დაასახლეს. ქალაქის ცენტრში რადიაციული საფრთხის სიმბოლოსთან მათ სანთლები დაანთეს.
67 წლის ლარისა პანოვა იხსენებს კატასტროფის დღეს, თუ როგორ მოუწია მშობლიური ქალაქი, ჩერნობილი, დაეტოვებინა და ახალი ცხოვრება სლავუტიჩში დაეწყო.
„ჩერნობილში ავარიამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავედი. ჩემი სახლი პრიპიატიდან ახლოს, კიევის გადასახვევთან იყო. ავტობუსები დადიოდნენ, ბავშვები გარეთ იყვნენ. ვერტმფრენები დაფრინავდნენ. ვხედავდით, რომ რაღაც ხდებოდა, მაგრამ თავიდან არავინ არაფერი იცოდა. კავშირი არ არსებობდა. არც დარეკვის შესაძლებლობა არ გვქონდა. შემდეგ ჩემი მეზობელი მოვიდა, ის კომუნისტური პარტიის რაიონულ კომიტეტში მუშაობდა. ვუთხარი, რომ სამსახურში უნდა წავსულიყავი, მან კი მითხრა, რომ პრიპიატი დაკეტილი იყო. მერე ისევ მოვიდა და თქვა, რომ ევაკუაცია გამოცხადდა. ხალხის გასაყვანად ღამით უკვე ავტობუსები გამოაგზავნეს. ქალაქი ყველამ დატოვა“, - ამბობს ლარისა პანოვა.
1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილში მომხდარი კატასტროფისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე პატივი მიაგეს არა მხოლოდ ავარიაში დაღუპულებს, არამედ ყველას, ვინც კატასტროფის შედეგების შესამცირებლად სიცოცხლე გაწირა.
მსოფლიოში ყველაზე დიდი ატომური ავარიის ლიკვიდაცია რამდენიმე წელი გაგრძელდა. ჯარისკაცები, მეხანძრეები, ინჟინრები, მაღაროელები და მედიკოსები საბჭოთა კავშირის ყველა კუთხიდან გამოიძახეს. ჩერნობილში ჯამში საბჭოთა კავშირის მასშტაბით 600,000 ე.წ. ლიკვიდატორი ჩავიდა.
1986 წლის კატასტროფიდან 40 წლის შემდეგ ლიკვიდატორების ჯგუფი ჩერნობილს ეწვია. მათ ის ადგილები მოინახულებს, სადაც თავად მუშაობდნენ.
„პირველი რამდენიმე დღე სადგურის წინ ვიყავით, სადაც ეწერა „ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური“. მიწას ვამუშავებდით. შემდეგ დავიწყეთ გათხრა და მიწის გატანა. მერე ბინების გაწმენდას შევუდექით. იქ დაახლოებით ორი-სამი დღე ვიყავით. ორმოცი წელი გავიდა... ვერ ვიჯერებ, ეს რომ მოხდა. მაშინ პრიპიატი ლამაზი ქალაქი იყო, ახლა კი, როცა შედიხარ... ყველაფერი დანგრეულია, ყველგან ხეებია, გზა გაუვალია, ვეღარც მანქანით გაივლი და ვერც ფეხით. არაფერი კარგი არ ხდება“, - იხსენებს ლიკვიდატორი, ვოლოდიმირ ვეჩირკო.
მიკოლა ჩუდაკი ჩერნობილში 40 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა. ამბობს, რომ ლიკვიდატორების თავგანწირვის გარეშე, აფეთქებას გაცილებით მძიმე შედეგები ექნებოდა.
„უსაზღვროდ მადლიერი ვარ ჩემი ამხანაგების, უფროსების, თანამშრომლების, ახალგაზრდა ბიჭების გმირობის. მათ სიცოცხლე გაწირეს, რომ დღეს ჩვენ აქ ვყოფილიყავით. როგორც მეხანძრე, კარგად მესმის, მათ რომ არ გამოეჩინათ ეს გმირობა და არ დაეცვათ მსოფლიო, მაშინ კრატერი 200 კილომეტრის სიგანისა და რადიაციის რადიუსი 800 კილომეტრი იქნებოდა. ახლა კი ზონა მხოლოდ 30 კილომეტრია“, - ამბობს, მიკოლა ჩუდაკი
მეხანძრე სტანისლავ ტოლუმნი ადგილზე 1987 და 1988 წლებში მუშაობდა. ის ამბობს, რომ გამოცდილება მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.
„ძალიან მიხარია, რომ ამ ჯგუფში მოვხვდი და 40 წლის შემდეგ პირველად დავბრუნდი აქ, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე. რა უნდა ვთქვა? სევდიანი ვარ, მტკივა, გარკვეული მოგონებები მაქვს, მაგრამ ეს ჩვენი ისტორიაა და მას ვერასდროს წაშლი. რამდენი რამ შეიცვალა აქ, იმდროინდელსა და ახლანდელს შორის. ძალიან მიხარია, რომ ხალხს ეს ყველაფერი ახსოვს, რამდენი ძეგლია აღმართული. არის ასეთი გამოთქმა: „ვისაც წარსული არ ახსოვს, მას მომავალიც არ აქვს“. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში, უკრაინაში, მომავალი არსებობს, რადგან წარსული ყველას ახსოვს“, - ამბობს ლიკვიდატორი, სტანისლავ ტოლუმნი.
საერთაშორისო მედიასაშუალება Associated Press-ის ფოტოგრაფი ეფრემ ლუკაცკი, რომელიც ჩერნობილს 1986 წლის კატასტროფის შემდეგ იღებს, ამბობს, რომ ჩერნობილი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მასშტაბური ტყუილი იყო, სადაც ყველაფერს მალავდნენ. ეფრემ ლუკაცკიმ, რომელიც ავარიის ადგილიდან დაახლოებით ორი საათის სავალზე ცხოვრობს, კატასტროფის შემდგომი პერიოდი ფოტოზე ასახა, მათ შორის პირველი მასობრივი ევაკუაცია, საბჭოთა კავშირის მცდელობა, დაემალა ინფორმაცია და ლიკვიდატორების გმირული სამუშაოები.
„ყველაზე მეტად რაც დამამახსოვრდა, იყვნენ ადამიანები. მახსოვს, როგორ შევხვდი ლიპეცკიდან ჩამოსულ მაღაროელებს, რომლებიც სარკოფაგის ქვეშ გვირაბს თხრიდნენ. არსებობდა საფრთხე, რომ ცხელი, გამდნარი რადიოაქტიური მასა იატაკს გაარღვევდა და მიწაში გაჟონავდა. იქ რადიაციის დონე სასიკვდილო იყო. არა მხოლოდ საერთო დონე, არამედ ჰაერში გამოკიდებული რადიოაქტიური მტვერიც. ყოველ ჯერზე, როცა ისინი თხრიდნენ, ეს მტვერი ჰაერში იფანტებოდა. ამან ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. ისინი უბრალო ადამიანები იყვნენ, მაღაროელები; იცინოდნენ და ხუმრობდნენ. მაშინ მეც მათთან ერთად ვიცინოდი და ვხუმრობდი. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ სასიკვდილოდ დანწირული იყვნენ“, - ამბობს ეფრემ ლუკაცკი.
ყველაზე მძიმე ბირთვული აფეთქებიდან ათწლეულების შემდეგ ბირთვული კატასტროფის რისკი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით ისევ გაჩნდა. თავდაპირველად როცა რუსმა სამხედროებმა რეგიონში ტერიტორია დაიკავეს და დაბინძურებულ ნიადაგში სანგრები გათხარეს, დიდი ხნის განმავლობაში დამარხული რადიოაქტიური მასალა ჰაერში გაიფანტა.
2025 წელს კი რუსული იერიშების შედეგად ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ნაგებობა დაზიანდა. მეცნიერების ცნობით, შეთხვევისას რადიაციამ არ გამოჟონა, თუმცა მსგავსი იერიშები დიდ რისკებს მოიცავს.
ეფრემ ლუკაცკი ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანმმა ომმა და რუსული სამხედროების მოქმედებებმა ის შოკში ჩააგდო.
„თუ პარალელს გავავლებთ ჩერნობილის კატასტროფასთან, როცა ის საშინელი ავარია მოხდა, ხალხი მთელი საბჭოთა კავშირიდან გაერთიანდა. ასიათასობით ადამიანი ჩამოვიდა. სხვადასხვა რესპუბლიკამ ლტოლვილებისთვის საცხოვრებლებიც კი ააშენა. ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებოდით. მაგრამ როცა ეს რუსეთ- უკრაინის დაიწყო, შოკში ჩავვარდი, რადგან სრულიად განსხვავებული ტიპის ადამიანები ჩამოვიდნენ. ესენი იყვნენ მტრები, რომლებიც აქ მოსაკლავად, განადგურებისა და გაუპატიურებისთვის მოვიდ ნენ. ამისთვის მზად არ ვიყავი“, - ამბობს ეფრემ ლუკაცკი.
ოთხი ათწლეულის შემდეგ სლავუტიჩისა და უკრაინის მოსახლეობას კვლავ ახსოვს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტრაგედია. თუმცა ახლა, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ისევ გაჩნდა იმის შიში, რომ ატომური საფრთხე ბოლომდე არ გამქრალა.
