აშშ ირანს ბირთვული იარაღით არ შეუტევს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, შეერთებული შტატების ძალებმა ირანის სამხედრო დანაყოფები ბირთვული იარაღის გარეშეც გაანადგურეს, შესაბამისად, მისი გამოყენების საჭიროება არ არსებობს.
რაც შეეხება ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანულ მხარესთან საუბრობენ, თუმცა პრობლემას ის ქმნის, რომ არ იციან, ვინ მართავს ქვეყანას. დონალდ ტრამპის განცხადებით, მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების ძალებმა ირანის ლიდერები დახოცეს, ქვეყნის შიგნით ძალაუფლებისთვის ახალი ძალები იბრძვიან. ამიტომ სანამ შესაბამისი მოლაპარაკებები არ შედგება, დონალდ ტრამპს არ სურს, ომის დასრულების პროცესი დააჩქაროს.
„პირველ ოთხ კვირაში ქვეყანა სამხედრო თვალსაზრისით გავანადგურე. მე ის გავანადგურე სამხედრო თვალსაზრისით. ახლა მხოლოდ ვსხედვართ და ვუყურებთ, როგორი შეთანხმება შედგება. თუ მათ შეთანხმება არ სურთ, მაშინ დარჩენილ 25 პროცენტსაც სამხედრო გზით დავასრულებ. ჩვენ იმ სამიზნეების 78 პროცენტს დავარტყით, რომელთა განადგურებაც გვინდოდა. გავანადგურეთ მათი წარმოება. გავანადგურეთ მათი რაკეტების წარმოება. გავანადგურეთ მათი დრონების წარმოება. ყველაფერი გავანადგურეთ. ზოგ შემთხვევაში, როცა ვამბობ გავანადგურეთ, ვგულისხმობ 70, 80, 90 პროცენტს. საოცარია, რაც გავაკეთეთ. ეს ყველაფერი დათქმულ პერიოდში გავაკეთე. მაგრამ არ მინდა ვიჩქარო. იცით, ყველა ამბობს: „ტრამპი დროის წნეხის ქვეშაა“. არა, არ ვარ. იცით, ვინ არის წნეხის ქვეშ? ისინი!“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ომის დასრულებას დიდი დრო სჭირდება, რამდენად ნიშნავს ეს, რომ მომავალში ამერიკელი მოსახლეობისთვის საწვავის ფასები კიდევ უფრო გაიზრდება და რამდენი ხანი უნდა გაუძლონ მათ ფასების ასეთ ზრდას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ცოტა ხნით მოცდა მოუწევთ. სამაგიეროდ კი მიიღებენ ირანს, რომელსაც ბირთვული იარაღი არ ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ირანი ამერიკის რომელიმე ქალაქის ან მთელი ახლო აღმოსავლეთის განადგურებას შეეცდებოდა. მისივე თქმით, ომის მიუხედავად, აშშ-ში საფონდო ბაზრის მაჩვენებელი ახლა ისტორიულ მაქსიმუმზეა ასული.
„საფონდო ბაზრის მაჩვენებელი ახლა ისტორიულ მაქსიმუმზეა. მე ვვარაუდობდი, რომ საფონდო ბაზარი 20%-ით, 25%-ით დაეცემოდა. ამას ვაცნობიერებდი კიდეც. და ვთქვი: კარგი, ეს ცუდია, მაგრამ უნდა გავაკეთო ის, რაც ჩემი ქვეყნისა და მსოფლიოსთვისაც კი მნიშვნელოვანია. რადგან ვერ დავუშვებთ, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამ დროისთვის შეერთებულ შტატებს სრუტე ჩაკეტილი აქვს და მას სრულად შეერთებული შტატები აკონტროლებს.
„ჩვენ სრუტეს გავხსნით. მაგრამ ამჟამად ის დახურული გვაქვს. სრუტეზე სრული კონტროლი გვაქვს. იცით, ისინი მას სამი დღის წინაც გახსნიდნენ. ჩვენთან მოვიდნენ და თქვეს: დავთანხმდებით სრუტის გახსნას. ყველა ბედნიერი იყო, ჩემ გარდა. მე ვთქვი: მოითმინეთ ერთი წუთი, თუ სრუტეს გავხსნით, ეს ნიშნავს, რომ ისინი დღეში 500 მილიონ დოლარს გამოიმუშავებენ. მე არ მინდა, რომ მათ დღეში 500 მილიონი დოლარი მიიღონ. ამიტომ მე ჯერ არ გავხსენი ის. ჩვენ მას სრულად ვაკონტროლებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასობაში, აშშ-მა ინდოეთის ოკეანეში კიდევ ერთი ტანკერი დააკავა, რომელიც როგორც ამერიკული მხარე ამბობს, ირანული ნავთობის კონტრაბანდასთან იყო დაკავშირებული. აშშ-სა და ირანის ომის შედეგად ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტილია და მსოფლიოს ნედლი ნავთობის დაახლოებით 20 პროცენტი კვლავ არ მიეწოდება.
