კატეგორიები

90 მილიარდი ევროს კრედიტის დამტკიცების შემდეგ, კიევი ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრებას მოითხოვს

90 მილიარდი ევროს კრედიტის დამტკიცების შემდეგ, კიევი ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრებას მოითხოვს
რუსული აგრესიის ოთხი წლისთავზე, კიევში ვიზიტით მყოფი ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ გაცემული დაპირება შესრულდა — უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტი დამტკიცებულია. თანხის პირველ ნახევარს ომში მყოფი ქვეყანა მიმდინარე კვარტალში მიიღებს.

კვიპროსში, ევრობლოკის ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე მიწვეული ვოლოდიმირ ზელენსკი გადაწყვეტილებით კმაყოფილია, რადგან ფინანსური მხარდაჭერა მხოლოდ ეკონომიკურ დახმარებას არ გულისხმობს, არამედ მისცემს კიევს შესაძლებლობას, კრედიტი მიმართოს საკუთარი სამხედრო წარმოების განსავითარებლად, რაც, თავის მხრივ, მოსკოვს დიპლომატიისკენ მეტად უბიძგებს.

„ვფიქრობ, ევროკავშირის გადაწყვეტილება 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის განბლოკვის შესახებ — მართალს ბრძანებთ, ეს 100%-ით უბიძგებს რუსეთს უფრო აქტიური მოლაპარაკებებისკენ.

ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინას აქვს ფული, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი წარმოებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ძლიერები ვართ მხოლოდ ჩვენი მამაცი მებრძოლების წყალობითა და ჩვენი შესაძლებლობებიდან — იარაღისა და ენერგიიდან გამომდინარე. ეს შესანიშნავი გადაწყვეტილებაა.

საუბარი არ ყოფილა დაფინანსებაზე, არამედ, როგორც მანამდეც ვამბობდი, უსაფრთხოებაზე. ეს ევროკავშირის დიდებული, ისტორიული გადაწყვეტილებაა, რისთვისაც მადლიერი ვარ“, — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისაღები თანხის გარდა, უკრაინა მოითხოვს, დაჩქარდეს მისი ევროკავშირში გაწევრების პროცესი, რაზეც ბლოკის შიგნითაც განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.

ქვეყნების ნაწილი მიიჩნევს, რომ არ არის მიზანშეწონილი სამხედრო კონფლიქტში ჩართული სახელმწიფოს იმ გაერთიანების ქოლგის ქვეშ მოქცევა, რომელიც თავის დროზე შეიქმნა მშვიდობის უზრუნველყოფისა და შენარჩუნების იდეით.

„ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ, რაც შეიძლება სწრაფად გავწევრიანდეთ ევროკავშირში და ევროკავშირი გვეხმარებოდა და ახლაც ძალიან გვეხმარება ამ ომის მიმდინარეობისას.

ჩვენ გავაზიარებთ ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას, რათა გავაძლიეროთ ევროპა. ყველა იაზრებს, რომ უნიკალური გამოცდილება გვაქვს. რაც შეეხება ევროკავშირს, მზად ვართ კლასტერების გასახსნელად და ვფიქრობ, ევრობლოკიც მზად არის, მხარი დაგვიჭიროს ამაში“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კიევისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის თანხის გადაცემა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „დრუჟბის“ მილსადენი შეკეთდა და რუსული ნავთობის მიწოდება ბუდაპეშტისა და ბრატისლავისთვის კვლავ შესაძლებელია.

სწორედ ნავთობსადენის ირგვლივ განვითარებული პროცესების გამო, უნგრეთმა და სლოვაკეთმა კატეგორიული უარი თქვეს უკრაინისთვის ნებისმიერი სახის დახმარებაზე. ბუდაპეშტის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობის დასრულებისთანავე, პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის შესაძლებლობა რეალობად იქცა.

თავად ჯერ კიდევ მოქმედი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი კვიპროსში ლიდერების შეხვედრას არ დასწრებია. ისევე როგორც ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტერიალზე არ გამოჩენილა უნგრეთის პირველი დიპლომატი პიტერ სიიარტო.

„ჩვენ, უკრაინა და უნგრეთი, მეზობლები ვართ და ვფიქრობ, ჩვენს ერებს სჭირდებათ მყარი, თბილი და ერთმანეთისადმი კეთილგანწყობილი ურთიერთობები. საუბარი არ არის მხოლოდ სტრატეგიულ ურთიერთობებზე — ჩვენ ხომ მეზობლები ვართ და მშვიდობიანად უნდა ვიცხოვროთ.

ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრი ორბანი არასწორად მოიქცა, რადგან არ შეიძლება სიძულვილით განაწყო ხალხი მეზობლებისადმი და საერთოდ, ყველასადმი. ამის გაკეთება არ შეიძლება. ამას შეცდომად მივიჩნევ“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების თქმით, დიდი ხნის განმავლობაში ბლოკი იმყოფებოდა ერთგვარ დახურულ სივრცეში, ჩარაზული კარებით და ვერ პოულობდა გასასვლელს. უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელში გაუჩნდათ გასაღები, რომლითაც შეუძლიათ გახსნან ჩარაზული კარი და იპოვონ გამოსავალი, რითაც, მათი განმარტებით, ხელი შეეწყობა საერთო ევროპულ კეთილდღეობას.

„წინ მივიწევთ და ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია მოკლევადიანი გადაწყვეტილებები, როგორებიცაა, მაგალითად, 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის დამტკიცება, აუცილებელი სანქციების ახალი პაკეტის მიღების შესაძლებლობა, უკრაინისთვის ჩვენი მხარდაჭერისა და დახმარების გაგრძელება, ასევე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა „ჩრდილოვან ფლოტთან“ მიმართებით.

რაც შეეხება დანარჩენს, საჭიროა დამატებითი განხილვები და არსებობს ევროკავშირში გაწევრების კონკრეტული თავები. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ევროკომისიამ წარმოადგინოს ზუსტი გრაფიკი და ინიციატივები, რომლებიც უახლოეს კვირებში იქნება მიღებული უკრაინისა და მოლდოვისთვის, რადგან ისინი ამ კლასტერების გახსნას ელიან“, — განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

90 მილიარდი ევროს კრედიტის პირველი ტრანშის უმეტესი ნაწილი სამხედრო დახმარებაზე დაიხარჯება. თანხის გადაცემას კიდევ ერთი წინაპირობა აქვს, რაც დამოკიდებულია კიევის მიერ განსახორციელებელ აუცილებელ რეფორმებზე, განსაკუთრებით კორუფციასთან ბრძოლის მხრივ.

ევროკომისიის „გაფართოების შესახებ“ ბოლო ანგარიშშიც კიევის მიმართ სწორედ ამ თემის ირგვლივ არის გაცემული არაერთი რეკომენდაცია.

თუკი ამ მხრივ უკრაინა უკუსვლას განაგრძობს, კრედიტის გადაცემა შესაძლოა, უნგრეთისა და სლოვაკეთისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეჩერდეს.

უკრაინას სესხის დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ რუსეთი ომის რეპარაციებს დათანხმდება. ამას მოსკოვი კატეგორიულად გამორიცხავს.

ევროკომისიის განმარტებით, ამ შემთხვევაში ბრიუსელი უფლებას იტოვებს გამოიყენოს რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივები, რომელთა ღირებულებაც 210 მილიარდ ევროს შეადგენს.

დაკავშირებული ამბები
90 მილიარდი ევროს კრედიტის დამტკიცების შემდეგ, კიევი ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრებას მოითხოვს ევროკავშირმა საბოლოოდ დაამტკიცა უკრაინისთვის გამოყოფილი 90-მილიარდიანი სესხი